Baby Bag

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

მედეა ჯაფარიძისა და რეზო თაბუკაშვილის ვაჟი, დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი 1956 წლის 9 მარტის მოვლენებს იხსენებს და მისი ბავშვობის ყველაზე მკაფიოდ აღბეჭდილი მოგონების შესახებ საუბრობს:

„ხუთი წლის ასაკში არცთუ ბევრი რამ გამახსოვრდება, მაგრამ 1956 წლის 9 მარტის ზოგიერთი ფრაგმენტი მკაფიოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში. ზედ რუსთაველზე ვცხოვრობდით და ყველა პარადისა თუ მაგათი დღესასწაულის დროს ტანკები ჩვენი ფანჯრების ქვეშ იდგა ხოლმე. მეძინა... რეზო მოვიდა გვიან. მამა ნასვამი იყო. ხელში ამიყვანა, აივანზე გავიდა და გადამახედა. მთელს რუსთაველზე ჩაჩქანიანი ჯარისკაცები იყვნენ. მაშინ რეზომ ხმამაღლა რუსულ ენაზე, მათ გასაგონად მითხრა: „აი, შეხედე და დაიმახსოვრე, ესენი არიან შენი ერის ჯალათები.“ მერე ძირს დამსვა, რუსი ჯარისკაცების გინების ხმა გაისმა და რეზო აივნიდან ქუჩაში ჩახტა, მთვრალი სალდათისთვის უწმაწურ გინებაზე პასუხის გასაცემად. ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა – ჯარისკაცები ხიშტებზე უპირებდნენ აგებას, მაგრამ ამ დროს დედაჩემი, ფეხშიშველი, ღამის პერანგით სახლიდან გამოვარდა და გადაეფარა. არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა. ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო...“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვმა რომ გაგვაბრაზა, მაშინვე ყვირილზე და ჩხუბზე კი არ გადავიდეთ, ჩავრთოთ გონება, გავიხსენოთ, რომ ის ბავშვია,“- ნინო ამონაშვილი

„ბავშვმა რომ გაგვაბრაზა, მაშინვე ყვირილზე და ჩხუბზე კი არ გადავიდეთ, ჩავრთოთ გონება, გავიხსენოთ, რომ ის ბავშვია,“- ნინო ამონაშვილი

ფსიქოლოგმა ნინო ამონაშვილმა ემოციების მართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„პირველი ეტაპი, რაც აუცილებლად უნდა გავიაროთ, არის, რომ გავაცნობიეროთ, რა ემოცია გვეუფლება ჩვენ. ბევრია ასეთი ​ადამიანი, რომელიც გაბრაზებულია, შეწუხებულია, მაგრამ არ აღიარებს, რომ მას პრობლემა აქვს. ასეთ ადამიანს ვერც ჩვენ დავეხმარებით და ვერც ის დაეხმარება თავის თავს. პირველ რიგში, ვაღიაროთ, რომ რაღაც გვაწუხებს. როდესაც პირველადი ემოცია გვეუფლება, დავფიქრდეთ, რა ემოციაა ეს.“

ნინო ამონაშვილის თქმით, მშობლებს და ბავშვებს უჭირთ საკუთარ ემოციებზე საუბარი:

„ხშირად, როდესაც მშობლებს და ბავშვებს ვეკითხებით, რა ემოცია ეუფლებათ, უჭირთ დასახელება. ხანდახან ამბობენ, რომ უსამართლობა აწუხებთ. ეს ემოცია არ არის. არ იციან ადამიანებმა ემოციის დასახელება. მეორად ემოციაზე გადასასვლელად მთავარია, რომ გონება ჩავრთოთ. მარტო აღგზნებულ ემოციურ მდგომარეობაში კი არ უნდა ვიყოთ, უკვე გონება დავამატოთ.​ ბავშვმა რომ გაგვაბრაზა, მაშინვე ყვირილზე და ჩხუბზე კი არ გადავიდეთ, ჩავრთოთ გონება, გავიხსენოთ, რომ ის ბავშვია, გავიხსენოთ, რომ გვიყვარს.“

„მეორე ეტაპია უკვე, თუ რას ვაკეთებთ. გავაცნობიერე, რომ გავბრაზდი, მაგრამ ახლა აღარ ვიცი, რა გავაკეთო. ​აქ ბევრი სხვადასხვა მეთოდია და ყველა ადამიანმა თავად უნდა იპოვოს, რომელია მასთან ყველაზე ახლოს. ზოგისთვის შეიძლება ეს იყოს ათამდე დათვლა და ღრმად სუნთქვა. შეიძლება ათამდე დათვლით ისე დავმშვიდდე, მივხვდე, რომ არ მინდა ბავშვთან ჩხუბი. ზოგისთვის მნიშვნელოვანია, რომ განმარტოვდეს, ცალკე ოთახში გავიდეს. ზოგს ძალიან შველის ფიზიკური აქტივობა. ყველას სხვადასხვა მეთოდი აქვს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მეთოდია, რომ გავიღიმოთ, მიმიკები შევიცვალოთ. თუ ცუდ ხასიათზე ვარ და გაბრაზებული ვარ, ძალით გავიღიმებ. გაღიმებამ შეიძლება ძალიან შეცვალოს განწყობა,“ - აღნიშნულ საკითხზე ნინო ამონაშვილმა რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო ფორტუნა

წაიკითხეთ სრულად