Baby Bag

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

მედეა ჯაფარიძისა და რეზო თაბუკაშვილის ვაჟი, დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი 1956 წლის 9 მარტის მოვლენებს იხსენებს და მისი ბავშვობის ყველაზე მკაფიოდ აღბეჭდილი მოგონების შესახებ საუბრობს:

„ხუთი წლის ასაკში არცთუ ბევრი რამ გამახსოვრდება, მაგრამ 1956 წლის 9 მარტის ზოგიერთი ფრაგმენტი მკაფიოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში. ზედ რუსთაველზე ვცხოვრობდით და ყველა პარადისა თუ მაგათი დღესასწაულის დროს ტანკები ჩვენი ფანჯრების ქვეშ იდგა ხოლმე. მეძინა... რეზო მოვიდა გვიან. მამა ნასვამი იყო. ხელში ამიყვანა, აივანზე გავიდა და გადამახედა. მთელს რუსთაველზე ჩაჩქანიანი ჯარისკაცები იყვნენ. მაშინ რეზომ ხმამაღლა რუსულ ენაზე, მათ გასაგონად მითხრა: „აი, შეხედე და დაიმახსოვრე, ესენი არიან შენი ერის ჯალათები.“ მერე ძირს დამსვა, რუსი ჯარისკაცების გინების ხმა გაისმა და რეზო აივნიდან ქუჩაში ჩახტა, მთვრალი სალდათისთვის უწმაწურ გინებაზე პასუხის გასაცემად. ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა – ჯარისკაცები ხიშტებზე უპირებდნენ აგებას, მაგრამ ამ დროს დედაჩემი, ფეხშიშველი, ღამის პერანგით სახლიდან გამოვარდა და გადაეფარა. არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა. ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო...“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„როგორ შეიძლება ქალი ასე გაუშვა კაცმა, პატივი არ სცე, არ მიხედო შენს ოჯახს?! როგორ უნდა გავაკეთოთ ეს?“ - დეკანოზი შალვა კეკელია

„როგორ შეიძლება ქალი ასე გაუშვა კაცმა, პატივი არ სცე, არ მიხედო შენს ოჯახს?! როგორ უნდა გავაკეთოთ ეს?“ - დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ ქალის პატივისცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ტრადიციულად საქართველოში მამაკაცები ქალებს პატივს სცემდნენ, თუმცა კომუნისტურმა წყობამ ადამიანის გონება დაამახინჯა და ბევრი რამ შეცვალა:

„ადამიანის გონება დამახინჯდა კომუნისტების დროს. დაამახინჯეს ქართველი კაცის გონება. ის ცოლს ხელს ურტყამდა, აგინებდა, საშინლად ექცეოდა. მე ბაბუაჩემისგან მახსოვს, ოჯახში რომ შევიდოდა ბაბუა, თუ დაინახავდა, რომ კაცი უხეშად დაელაპარაკებოდა ქალს, იმ სახლს ბაბუაჩემი ტოვებდა. კაცი, რომელიც საკუთარ ცოლს პატივს არ სცემს, უხეშად ელაპარაკება მას, ის მე როგორ მცემს პატივს, რად მინდა მაგის პატივისცემა?! ​როგორ შეიძლება კაცი ქალს როდესმე ასე მოექცეს?!“

მამა შალვა კეკელიას თქმით, ქალბატონების დიდი ნაწილი უცხოეთში მუშაობს და ოჯახებს მძიმე შრომით არჩენს:

„ჩვენი ქალების ძალიან დიდი პროცენტი გასულია უცხოეთში. იქ მუშაობენ,​ წვალობენ ჩვენი ქალები, იქიდან არჩენენ ამ ოჯახებს. რომ არა ეს ქალბატონები, ქართველი ქალები, დღეს რა მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა ჩვენი ქვეყანა! ძალიან ბევრი მათგანი საშინელ სამსახურშია, ძალიან ბევრი საშინელი შრომით შრომობს. ეს არის კაცების ბრალი, რომ ქალებს ასე მოუწიათ წასვლა და მუშაობა. როგორ შეიძლება ქალი ასე გაუშვა კაცმა, პატივი არ სცე, არ მიხედო შენს ოჯახს?! როგორ უნდა გავაკეთოთ ეს?! ჩვენი ბრალია ეს, რომ ქართველ ქალს უწევს ქვეყნის დატოვება და უცხოეთში მუშაობა.“

„როგორ შეიძლება ასეთ მდგომარეობაში იყოს ჩვენი ქვეყანა?! გული მწყდება, ძალიან ბევრს ვფიქრობ ამაზე. როგორ შეიძლება, რომ ბავშვები დედების გარეშე იზრდებიან სახლებში?! ეს ადამიანები გმირები არიან, ვინც უცხოეთში მუშაობს. ისინი ძალიან ბევრს წვალობენ, ბევრ ოჯახს არჩენენ. ღმერთმა დაგლოცოთ, ქალბატონებო! ერთი რამ უნდა იცოდეთ, რომ თქვენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, თქვენს სიწმინდეზე, თქვენს მონდომებაზე, თქვენს ლოცვაზე. ​ქალს შეუძლია კაცი ძალიან დიდ სიმაღლეზე აიყვანოს. თქვენ ეს შეგიძლიათ, რომ გააკეთოთ. უნდა გაამხნევოთ, ძალა მისცეთ კაცებს. კაცებმა თქვენზე უნდა იფიქრონ, თქვენ კი კაცებზე. ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, შევეწიოთ ყველანი, რომ ეს ქვეყანა სხვა სიმაღლეზე ავიდეს,“ - აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად