Baby Bag

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

მედეა ჯაფარიძისა და რეზო თაბუკაშვილის ვაჟი, დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი 1956 წლის 9 მარტის მოვლენებს იხსენებს და მისი ბავშვობის ყველაზე მკაფიოდ აღბეჭდილი მოგონების შესახებ საუბრობს:

„ხუთი წლის ასაკში არცთუ ბევრი რამ გამახსოვრდება, მაგრამ 1956 წლის 9 მარტის ზოგიერთი ფრაგმენტი მკაფიოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში. ზედ რუსთაველზე ვცხოვრობდით და ყველა პარადისა თუ მაგათი დღესასწაულის დროს ტანკები ჩვენი ფანჯრების ქვეშ იდგა ხოლმე. მეძინა... რეზო მოვიდა გვიან. მამა ნასვამი იყო. ხელში ამიყვანა, აივანზე გავიდა და გადამახედა. მთელს რუსთაველზე ჩაჩქანიანი ჯარისკაცები იყვნენ. მაშინ რეზომ ხმამაღლა რუსულ ენაზე, მათ გასაგონად მითხრა: „აი, შეხედე და დაიმახსოვრე, ესენი არიან შენი ერის ჯალათები.“ მერე ძირს დამსვა, რუსი ჯარისკაცების გინების ხმა გაისმა და რეზო აივნიდან ქუჩაში ჩახტა, მთვრალი სალდათისთვის უწმაწურ გინებაზე პასუხის გასაცემად. ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა – ჯარისკაცები ხიშტებზე უპირებდნენ აგებას, მაგრამ ამ დროს დედაჩემი, ფეხშიშველი, ღამის პერანგით სახლიდან გამოვარდა და გადაეფარა. არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა. ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო...“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყველას გთხოვთ, რომ ბავშვთან ურთიერთობაში პირველი, რასაც დაანახვებთ ბავშვს, იყოს ღიმილი,“ - ბაკურ კოტეტიშვილი

„ყველას გთხოვთ, რომ ბავშვთან ურთიერთობაში პირველი, რასაც დაანახვებთ ბავშვს, იყოს ღიმილი,“ - ბაკურ კოტეტიშვილი

​​ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ბავშვის ცხოვრებაში ღიმილის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვის ღიმილი თავისუფალი, გულწრფელი და გადამდებია:

„ბავშვის ღიმილი, განსაკუთრებით პირველი 3-5 წლის განმავლობაში აბსოლუტურად თავისუფალი და გადამდებია. როდესაც ბავშვი იცინის, ყველა მოზრდილი, ვინც არის ბავშვთან ერთად, ავტომატურად იწყებს სიცილს. ეს გადამდები სიცილი თავის ტვინის სარკისებური ნეირონების დამსახურებაა.“

ბაკურ კოტეტიშვილმა მშობლებს ურჩია ბავშვებს ხშირად გაუღიმონ:

„ყველას გთხოვთ, რომ ​ბავშვთან ურთიერთობაში პირველი, რასაც დაანახვე​ბთ ბავშვს იყოს ღიმილი. გაიღიმეთ, იმიტომ, რომ ბავშვისთვის ეს ძალიან იოლი მიმღებლობაა. გაიღიმეთ, რა თქმა უნდა, ბუნებრივად და არა იძულებით, რომ ბავშვმა ეს დაინახოს. ბავშვი ამას გრძნობს ძალიან კარგად. ჩვენი სახე და მერე უკვე ჩვენი ქმედებები, მოძრაობები, ბავშვისთვის არის კოდი. ეს არის შიფრი ქცევისა, თუ როგორ მოვიქცე.“

„მნიშვნელოვანია რაც შეიძლება დადებითი ფორმით ურთიერთობა. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ემოცია. ემოციის ყველაზე კარგი და ლამაზი გამოხატვა არის ღიმილი. გაიღიმეთ, იმიტომ, რომ ეს უნიკალური ენაა მთელს მსოფლიოში, ყველა ადამიანში, განსაკუთრებით ბავშვებში. ​გაუღიმეთ ბავშვს, მისგან მიიღებთ უფრო მეტ ღიმილს, უფრო ბუნებრივ ღიმილს, რომელიც ისევ თქვენ გაგაცინებთ. ღიმილით და სიკეთით იცხოვრეთ. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას,“ - აღნიშნა ბაკურ კოტეტიშვილმა.

წყარო:​ „პულსი“

წაიკითხეთ სრულად