Baby Bag

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

მედეა ჯაფარიძისა და რეზო თაბუკაშვილის ვაჟი, დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი 1956 წლის 9 მარტის მოვლენებს იხსენებს და მისი ბავშვობის ყველაზე მკაფიოდ აღბეჭდილი მოგონების შესახებ საუბრობს:

„ხუთი წლის ასაკში არცთუ ბევრი რამ გამახსოვრდება, მაგრამ 1956 წლის 9 მარტის ზოგიერთი ფრაგმენტი მკაფიოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში. ზედ რუსთაველზე ვცხოვრობდით და ყველა პარადისა თუ მაგათი დღესასწაულის დროს ტანკები ჩვენი ფანჯრების ქვეშ იდგა ხოლმე. მეძინა... რეზო მოვიდა გვიან. მამა ნასვამი იყო. ხელში ამიყვანა, აივანზე გავიდა და გადამახედა. მთელს რუსთაველზე ჩაჩქანიანი ჯარისკაცები იყვნენ. მაშინ რეზომ ხმამაღლა რუსულ ენაზე, მათ გასაგონად მითხრა: „აი, შეხედე და დაიმახსოვრე, ესენი არიან შენი ერის ჯალათები.“ მერე ძირს დამსვა, რუსი ჯარისკაცების გინების ხმა გაისმა და რეზო აივნიდან ქუჩაში ჩახტა, მთვრალი სალდათისთვის უწმაწურ გინებაზე პასუხის გასაცემად. ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა – ჯარისკაცები ხიშტებზე უპირებდნენ აგებას, მაგრამ ამ დროს დედაჩემი, ფეხშიშველი, ღამის პერანგით სახლიდან გამოვარდა და გადაეფარა. არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა. ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო...“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვები მარტო არ დატოვოთ. თუ ისინი თავიანთ თავს მივანდეთ, შეიძლება რაღაც ძალიან დიდი დავკარგოთ,“ - შალვა ამონაშვილი

„ბავშვები მარტო არ დატოვოთ. თუ ისინი თავიანთ თავს მივანდეთ, შეიძლება რაღაც ძალიან დიდი დავკარგოთ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს მძიმე სოციალურ პირობებში ბავშვზე ზრუნვის და სწორი აღზრდის შესახებ საინტერესო რჩევები მისცა. მისი თქმით, თანამედროვე მშობლებს მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო რამდენიმე სამსახურში უწევთ მუშაობა, რაც სავსებით გასაგებია, თუმცა ბავშვების თავის ნებაზე მიშვება არასასურველი შედეგების მომტანია:

„ჩემო საყვარელო მშობელო, მე ძალიან კარგად მესმის თქვენი მდგომარეობა. გაჭირვებული ცხოვრება გვაქვს. სახსარი გინდათ მისცეთ ოჯახს, ამიტომაც გაქვთ ორი სამსახური. იქნებ ვინმე ღვთისნიერი ადამიანი აღმოჩნდეს, ეს იქნება თქვენი ​დედა, სიდედრი, ახლო ადამიანი, რომელიც შემოგეშველებათ, ბავშვებს მიგიხედავთ, სიყვარულით იქნება ბავშვებთან. თუ ესეც არ არის და ბავშვები თავიანთ თავს მივანდეთ, შეიძლება რაღაც ძალიან დიდი დავკარგოთ. ისინი დაიწყებენ ტექნიკაში, პლანშეტებში ძრომას. იქ ჩვენს ცინცხალ ბავშვებს ეშმაკები დაესევიან. ეს ინტერნეტი ეშმაკებით არის სავსე. ჩვენც რატომღაც ეშმაკებისკენ მიგვილტვის უფრო სული და ძიება, ვიდრე ანგელოზებისკენ.“

შალვა ამონაშვილმა აღნიშნა, რომ დასაქმებულმა მშობლებმა ბავშვი საიმედო აღმზრდელთან უნდა დატოვონ:

„თუ აუცილებელია, რომ იმუშაოთ, რას ვიზამთ?! თუ ქმარი არ გეშველებათ, არ გყავთ გვერდით, ღვთისნიერი ადამიანი მონახეთ. თქვენი ხელფასი გაუნაწილეთ ვინმე მეზობელს, კეთილ ბებიას, კეთილ დეიდას, რომელიც ვერ დადის სამუშაოდ, მაგრამ ​შეუძლია ბავშვს მიგიხედოთ. ასეთი გამოსავალია მხოლოდ და სხვა არაფერი. ბავშვები მარტო არ დატოვოთ.“

შალვა ამონაშვილის თქმით, ადამიანმა ამაღლებულ მდგომარეობაში შეყოვნება და ენთუზიაზმის შენარჩუნება უნდა შეძლოს, რათა სირთულეებს კარგად გაუმკლავდეს:

„ჩემი საუბარი ამაღლებულია, მაგრამ მე რატომღაც ფრთები არ მეჭრებოდა და არც ახლა მეჭრება. ​ამაღლებული რომ ხარ, იქ შეიძლება დაყოვნდე, ამაღლებულ მდგომარეობაში, არ დაეშვა დაბლა. როგორია ცხოვრება? მე ამ ცხოვრების პედაგოგიკას გიამბობთ. ცხოვრება არის ძნელი, ბავშვი არის რთულად გასაზრდელი, სწავლის პროცესი ძნელია, აღზრდა კიდევ უფრო ძნელია. ამ სიძნელის ყველაზე საუკეთესო მოვლა შეიძლება ასეთი მიდგომით. შეინარჩუნეთ ეს ფრთები. თქვენ თუ შეიკვეცავთ ფრთებს, თორემ ბავშვი ამას არ შეგაჭრით.“

„როდესაც ბავშვი ცელქობს, მას ამოყირავება კი არ უნდა ყველაფრის, ეს ჩვენ გვეჩვენება ასე. ის თავის თავს იკვლევს მომავალში. ის უკვე ახლა სწავლობს, როგორ შეცვალოს ცხოვრება.​ ბავშვმა სკამები წამოაყირავა, მაგიდა გადმოაპირქვავა, იმიტომ, რომ სხვა რაღაც წარმოისახა. ჩვენი ახლანდელი ცხოვრება გარდაქმნა,“ - აღნიშნულ თემებზე შალვა ამონაშვილმა ამონაშვილის აკადემიის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ ამონაშვილის აკადემია

წაიკითხეთ სრულად