Baby Bag

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

მედეა ჯაფარიძისა და რეზო თაბუკაშვილის ვაჟი, დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი 1956 წლის 9 მარტის მოვლენებს იხსენებს და მისი ბავშვობის ყველაზე მკაფიოდ აღბეჭდილი მოგონების შესახებ საუბრობს:

„ხუთი წლის ასაკში არცთუ ბევრი რამ გამახსოვრდება, მაგრამ 1956 წლის 9 მარტის ზოგიერთი ფრაგმენტი მკაფიოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში. ზედ რუსთაველზე ვცხოვრობდით და ყველა პარადისა თუ მაგათი დღესასწაულის დროს ტანკები ჩვენი ფანჯრების ქვეშ იდგა ხოლმე. მეძინა... რეზო მოვიდა გვიან. მამა ნასვამი იყო. ხელში ამიყვანა, აივანზე გავიდა და გადამახედა. მთელს რუსთაველზე ჩაჩქანიანი ჯარისკაცები იყვნენ. მაშინ რეზომ ხმამაღლა რუსულ ენაზე, მათ გასაგონად მითხრა: „აი, შეხედე და დაიმახსოვრე, ესენი არიან შენი ერის ჯალათები.“ მერე ძირს დამსვა, რუსი ჯარისკაცების გინების ხმა გაისმა და რეზო აივნიდან ქუჩაში ჩახტა, მთვრალი სალდათისთვის უწმაწურ გინებაზე პასუხის გასაცემად. ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა – ჯარისკაცები ხიშტებზე უპირებდნენ აგებას, მაგრამ ამ დროს დედაჩემი, ფეხშიშველი, ღამის პერანგით სახლიდან გამოვარდა და გადაეფარა. არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა. ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო...“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მინდა დავამშვიდო ყველა, ეს არ არის დაავადება, რომელიც წამიერად კლავს ადამიანს,“ - ინფექციონისტი მაია ზალდასტანიშვილი

​​ინფექციონისტი მაია ზალდასტანიშვილი კორონავირუსის დიაგნოსტირებისას ტესტის შესაძლო ცდომილების შესახებ საუბრობს და ადამიანებს ურჩევს, ტესტირება ნაადრევად არ ჩაიტარონ:

„თუ ოჯახის წევრებიდან ერთს უდასტურდება კორონავირუსი, მეორეს კი არა, სავარაუდოდ, ორივეს აქვს კორონავირუსული ინფექცია. ერთთან არ მოხდა ვირუსის იდენტიფიცირება და მეორესთან მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანია, როდის ვიღებთ ტესტს. დაავადების დაწყებისთანავე თუ ხდება ტესტირება, შესაძლებელია, რომ მან არ აჩვენოს სწორი პასუხი. ყველას ვთხოვ, სიმპტომების დაწყებისთანავე ნუ ჩაიტარებენ ტესტირებას. პირველი ორი-სამი დღე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ​მინდა დავამშვიდო ყველა, ეს არ არის დაავადება, რომელიც წამიერად კლავს ადამიანს. ორი დღე დაიცადეთ, შეხედეთ თქვენს მდგომარეობას და ამის შემდეგ ჩაიტარეთ ტესტირება. ამ შემთხვევაში უფრო მეტად სარწმუნოა ტესტირების პასუხი. ასე რომ, მსგავს შემთხვევებში აუცილებლად ორივეს აქვს კორონავირუსი.“

მაია ზალდასტანიშვილის თქმით, ზოგჯერ ვირუსი ცხვირ-ხახაში საერთოდ არ გვხვდება, თუმცა ის ორგანიზმში არის:

„არის შემთხვევები, რომ ცხვირ-ხახაში საერთოდ ვერ ვიჭერთ​ ვირუსს. ის შეიძლება იყოს ფილტვიდან ამონაღებ ლავაში, თუ პირდაპირ ფილტვში მოხვდა ვირუსი. იშვიათ შემთხვევაში, ვირუსი შეიძლება მოხვდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და განავალში მოხდეს ვირუსის იდენტიფიცირება. თუ განმეორებით ტესტირებას ჩაიტარებს პაციენტი, ამ შემთხვევაში უკვე გამოჩნდება.“

„ექიმებს გვიჭირს პასუხის გაცემა, შესაძლებელია თუ არა ადამიანის მეორედ დაინფიცირება. იმედი გვაქვს, რომ კოვიდის გადატანიდან მომდევნო ექვსი თვე ადამიანი არ დაინფიცირდება. ამის შემდეგ უკვე რა იქნება, ამას ვერ გეტყვით. აღწერილია ექვსი თუ შვიდი შემთხვევა, როდესაც განმეორებითი დაინფიცირება მოხდა. ​ძალიან ხშირად ვირუსის ნარჩენები რჩება ცხვირ-ხახაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი ცოცხალია, მაგრამ ტესტმა შეიძლება აჩვენოს დადებითი პასუხი. ეს არც ისე იშვიათია. ტესტი არის ძალიან მგრძნობიარე. ვირუსის მკვდარი ნარჩენები ხანგრძლივად რჩება ცხვირ-ხახაში. სწორედ ამიტომ, შეიძლება მიიღოთ დადებითი პასუხი. თუ ადამიანი გახდა ავად, მას აქვს ხველა, სიცხე, სხვა რესპირატორული სიმპტომები, შესაძლოა, საქმე გვქონდეს სხვა ვირუსულ ინფექციასთანაც. სხვა ვირუსები ჯერჯერობით არ გამქრალა. ჩვენ ახლა ძირითადად აქცენტირება გვაქვს კორონავირუსზე, მაგრამ სხვა ვირუსებიც არის. მე მყავდა პაციენტი, რომელსაც ჰქონდა გახანგრძლივებული ცხელება და მას დაუდასტურდა ინფექციური მონონუკლეოზი,“ - აღნიშნავს მაია ზალდასტანიშვილი.

წყარო: ​დილა უქმეებზე

წაიკითხეთ სრულად