Baby Bag

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

მედეა ჯაფარიძისა და რეზო თაბუკაშვილის ვაჟი, დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი 1956 წლის 9 მარტის მოვლენებს იხსენებს და მისი ბავშვობის ყველაზე მკაფიოდ აღბეჭდილი მოგონების შესახებ საუბრობს:

„ხუთი წლის ასაკში არცთუ ბევრი რამ გამახსოვრდება, მაგრამ 1956 წლის 9 მარტის ზოგიერთი ფრაგმენტი მკაფიოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში. ზედ რუსთაველზე ვცხოვრობდით და ყველა პარადისა თუ მაგათი დღესასწაულის დროს ტანკები ჩვენი ფანჯრების ქვეშ იდგა ხოლმე. მეძინა... რეზო მოვიდა გვიან. მამა ნასვამი იყო. ხელში ამიყვანა, აივანზე გავიდა და გადამახედა. მთელს რუსთაველზე ჩაჩქანიანი ჯარისკაცები იყვნენ. მაშინ რეზომ ხმამაღლა რუსულ ენაზე, მათ გასაგონად მითხრა: „აი, შეხედე და დაიმახსოვრე, ესენი არიან შენი ერის ჯალათები.“ მერე ძირს დამსვა, რუსი ჯარისკაცების გინების ხმა გაისმა და რეზო აივნიდან ქუჩაში ჩახტა, მთვრალი სალდათისთვის უწმაწურ გინებაზე პასუხის გასაცემად. ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა – ჯარისკაცები ხიშტებზე უპირებდნენ აგებას, მაგრამ ამ დროს დედაჩემი, ფეხშიშველი, ღამის პერანგით სახლიდან გამოვარდა და გადაეფარა. არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა. ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო...“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ არის საზიანო ბავშვისთვის ბევრი ფოტოს გადაღება?

რატომ არის საზიანო ბავშვისთვის ბევრი ფოტოს გადაღება?

სოციალური მედიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით მშობლები შვილების ზრდის პროცესს კამერაზე აღბეჭდავენ, შემდეგ კი ვირტუალურ მეგობრებს უზიარებენ. თქვენი შვილისთვის ფოტოების გადაღებაში ცუდი არაფერია, თუმცა თუ მას მეტისმეტად ბევრ ფოტოს უღებთ, ეს მისთვის ძალიან საზიანოა.

  • ბავშვი ფიქრობს, რომ ის სამყაროს ცენტრია

მშობელი გამუდმებით ბავშვისთვის ფოტოების გადაღებით თუ არის დაკავებული, ხოლო ოჯახის სხვა წევრებს კადრში არ ახვედრებს, პატარა იფიქრებს, რომ ის განსაკუთრებული ადამიანია. შესაძლოა, მას მოლოდინი გაუჩნდეს, რომ ყოველთვის ყველას ყურადღებას დაიმსახურებს. ბავშვები ზოგჯერ კამერას იმარჯვებენ და სელფებს თავად იღებენ. ფოტოების ხშირი გადაღება ბავშვში ნარცისისტულ განცდებს აძლიერებს.

  • ბავშვი მეტისმეტად თვითკირიტიკული ხდება

ბავშვის ფოტოები სოციალურ ქსელში სათანადო მოწონებას თუ არ დაიმსახურებს, ის დაიწყებს ფიქრს, თუ რატომ არ მოსწონთ ადამიანებს. ბავშვი იფიქრებს, რომ მას ლამაზად არ აცვია, რომ ის მახინჯი დაიბადა და რომ მისი კამერა კარგად არ მუშაობს. თუ მისი მეგობრების ფოტოებს უფრო ბევრი ადამიანი მოიწონებს, ბავშვის თვითშეფასება კიდევ უფრო დაეცემა. კვლევებით დგინდება, რომ გოგონები, რომლებიც საკუთარ ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად ათვალიერებენ, თავიანთი წონით უკმაყოფილოები არიან.

  • ბავშვი მოგონებების დეფიციტს განიცდის

მშობლები, რომლებიც შვილებს ბევრ ფოტოს უღებენ, პატარებს საკუთარი ემოციების გამოხატვას არ ასწავლიან. ისინი გამუდმებით კამერის მიღმა არიან და ბავშვების თავგადასავლებში არ მონაწილეობენ. პატარებს უჭირთ მოგონებების ფორმირება და გაურკვევლობა ტანჯავთ.

  • ბავშვები ხშირად თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ

მშობლები, რომლებიც სოციალურ ქსელში შვილების ფოტოებს ხშირად აქვეყნებენ, ბავშვებს უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ. შესაძლოა, წლების შემდეგ ბავშვმა წარმატებას მიაღწიოს, ცნობილი სახე გახდეს, არაკეთილმოსურნე ადამიანებმა კი სოციალური ქსელიდან მისი ბავშვობის სასაცილო ფოტო ამოქექონ. ბავშვები განიცდიან, როდესაც მშობლები მათ ვიდეოებს დაუკითხავად ტვირთავენ სოციალურ ქსელში და ყველას აჩვენებენ, როგორ არიგებენ ჭკუას შვილებს. შესაძლოა, ბავშვს კლასელების შერცხვეს, როდესაც აღმოაჩენს, რომ მისი სასაცილო ფოტო ან ვიდეო ინტერნეტში უამრავმა ადამიანმა ნახა.

  • ბავშვის პირადი სივრცე იზღუდება

ბავშვს უფლება აქვს თავისი პირადი სივრცე ჰქონდეს. მშობლები ბავშვების ფოტოს სოციალურ ქსელებში თვითნებურად ტვირთავენ, რადგან ბავშვი მცირეწლოვანია. შესაძლოა, ასაკის მატებასთან ერთად ბავშვმა აღმოაჩინოს, რომ მშობლების გადაწყვეტილება არ მოსწონს. მშობლები დარწმუნებულები ვერ იქნებიან, რომ ბავშვს მათ მიერ ატვირთული ფოტოები მომავალში მოეწონება.

  • ბავშვის დისკრიმინაციის რისკი მაღალია

კიბერბულინგი საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. ბავშვის ფოტოების სოციალურ ქსელში განთავსებით, მას საფრთხის წინაშე აყენებთ. სხვა ადამიანებს შეუძლიათ ის გარეგნობის გამო ანონიმურად გააკრიტიკონ. კლოე კარდაშიანი იძულებული გახდა აგრესიულ ადამიანებს გამკლავებოდა, რომლებიც მის ქალიშვილს კანის ფერის გამო აკრიტიკებდნენ. მსგავსი დავდასხმის მსხვერპლი ძალიან ბევრი ბავშვი ხდება.

  • ბავშვი ძალიან ბევრს ფიქრობს იმაზე, თუ რას ფიქრობენ მასზე სხვები

24 თვის ასაკიდან ბავშვები უკვე იწყებენ იმაზე ფიქრს, თუ რას ფიქრობენ მათზე სხვები. როდესაც მათ ფოტოებს უღებთ და შემდეგ სოციალურ ქსელში აქვეყნებთ, ისინი სხვა ადამიანების კომენტარებს აკვირდებიან. სხვების დამოკიდებულება მათზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს. ბავშვები გამუდმებით იმაზე ფიქრობენ, თუ რა აზრის არიან სხვა ადამიანები მათზე.

მომზადებულია ​brightside.me - ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

წაიკითხეთ სრულად