Baby Bag

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

მედეა ჯაფარიძისა და რეზო თაბუკაშვილის ვაჟი, დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი 1956 წლის 9 მარტის მოვლენებს იხსენებს და მისი ბავშვობის ყველაზე მკაფიოდ აღბეჭდილი მოგონების შესახებ საუბრობს:

„ხუთი წლის ასაკში არცთუ ბევრი რამ გამახსოვრდება, მაგრამ 1956 წლის 9 მარტის ზოგიერთი ფრაგმენტი მკაფიოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში. ზედ რუსთაველზე ვცხოვრობდით და ყველა პარადისა თუ მაგათი დღესასწაულის დროს ტანკები ჩვენი ფანჯრების ქვეშ იდგა ხოლმე. მეძინა... რეზო მოვიდა გვიან. მამა ნასვამი იყო. ხელში ამიყვანა, აივანზე გავიდა და გადამახედა. მთელს რუსთაველზე ჩაჩქანიანი ჯარისკაცები იყვნენ. მაშინ რეზომ ხმამაღლა რუსულ ენაზე, მათ გასაგონად მითხრა: „აი, შეხედე და დაიმახსოვრე, ესენი არიან შენი ერის ჯალათები.“ მერე ძირს დამსვა, რუსი ჯარისკაცების გინების ხმა გაისმა და რეზო აივნიდან ქუჩაში ჩახტა, მთვრალი სალდათისთვის უწმაწურ გინებაზე პასუხის გასაცემად. ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა – ჯარისკაცები ხიშტებზე უპირებდნენ აგებას, მაგრამ ამ დროს დედაჩემი, ფეხშიშველი, ღამის პერანგით სახლიდან გამოვარდა და გადაეფარა. არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა. ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო...“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მამა გაბრიელს ვუთხარი, თუ ჩვენი ოჯახი უნდა გადარჩეს, შვილი მაჩუქე-მეთქი. ზუსტად ერთ კვირაში გავიგე, რომ ორსულად ვიყავი,“ - სოფო ბედია

მომღერალმა სოფო ბედიამ გადაცემაში „ფარული კონვერტი“ თავისი ვაჟის, რომელიც მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს და მიშა მესხის განსაკუთრებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრა:

„ჩემს შვილს მამა ძალიან უყვარს. როდესაც მიშა გავიცანი, პატარა იყო, 4 წლის და მისთვის უცხო ადამიანის მიღება, რა თქმა უნდა, რთული იყო. მიშა ძალიან კეთილი ადამიანია, ბავშვები უყვარს. მე ერთი წელი ვაკვირდებოდი მიშას და ნიკოლოზის ურთიერთობას. ბავშვს მოწყენის საშუალებას არ აძლევდა, საჩუქრებით ანებივრებდა, ყველგან დაატარებდა, დღემდე ძმაკაცობენ. როდესაც მივხვდი, რომ ეს ადამიანი მარტო ჩემთვის კი არა, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის, ჩემი შვილისთვის არის კარგი, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ცოლად გავყვებოდი.“

„ჩემი და მიშას საერთო შვილს, ანდრეას, ღმერთის საჩუქარს ვეძახი. მე და მიშა რომ დავქორწინდით, 5 წელი არ გვყავდა შვილი. როდესაც ახალი ცოლ-ქმარი ხართ, არ ჩქარობთ ბავშვის ყოლას, მაგრამ დროსთან ერთად ყველა ოჯახს სჭირდება დამაგვირგვინებელი შვილი. სამწუხაროდ, გარე ორსულობა დამემართა, ოპერაცია გამიკეთეს, ცალი მილი ამომიღეს და მითხრეს, რომ მეორე მილიც არ იყო კარგ მდგომარეობაში. გამაფრთხილეს, რომ ერთადერთი გამოსავალი ხელოვნური განაყოფიერება იყო. როდესაც ამ ყველაფერზე ფიქრი შევწყვიტეთ და მოვეშვით, ერთ დილას ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა მამა გაბრიელის საფლავზე მივდივართო, მეც წამიყვანეს. ტაძარში დედაოები ვნახე, მომეფერნენ. ძალიან ავფორიაქდი, გულმხურვალედ ვლოცულობდი და ცრემლები მომდიოდა. ამ დროს ოჯახში პატარა პრობლემებიც გვქონდა. მამა გაბრიელს ვუთხარი, თუ ჩვენი ოჯახი უნდა გადარჩეს, შვილი მაჩუქე-მეთქი. ზუსტად ერთ კვირაში გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. აი, ასეთი სასწაულია ჩემი ანდრეა,“ - აღნიშნა სოფო ბედიამ. 

წაიკითხეთ სრულად