Baby Bag

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

მედეა ჯაფარიძისა და რეზო თაბუკაშვილის ვაჟი, დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი 1956 წლის 9 მარტის მოვლენებს იხსენებს და მისი ბავშვობის ყველაზე მკაფიოდ აღბეჭდილი მოგონების შესახებ საუბრობს:

„ხუთი წლის ასაკში არცთუ ბევრი რამ გამახსოვრდება, მაგრამ 1956 წლის 9 მარტის ზოგიერთი ფრაგმენტი მკაფიოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში. ზედ რუსთაველზე ვცხოვრობდით და ყველა პარადისა თუ მაგათი დღესასწაულის დროს ტანკები ჩვენი ფანჯრების ქვეშ იდგა ხოლმე. მეძინა... რეზო მოვიდა გვიან. მამა ნასვამი იყო. ხელში ამიყვანა, აივანზე გავიდა და გადამახედა. მთელს რუსთაველზე ჩაჩქანიანი ჯარისკაცები იყვნენ. მაშინ რეზომ ხმამაღლა რუსულ ენაზე, მათ გასაგონად მითხრა: „აი, შეხედე და დაიმახსოვრე, ესენი არიან შენი ერის ჯალათები.“ მერე ძირს დამსვა, რუსი ჯარისკაცების გინების ხმა გაისმა და რეზო აივნიდან ქუჩაში ჩახტა, მთვრალი სალდათისთვის უწმაწურ გინებაზე პასუხის გასაცემად. ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა – ჯარისკაცები ხიშტებზე უპირებდნენ აგებას, მაგრამ ამ დროს დედაჩემი, ფეხშიშველი, ღამის პერანგით სახლიდან გამოვარდა და გადაეფარა. არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა. ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო...“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ არის საჭირო „წერომ მოგიყვანა,“ „კომბოსტოში გიპოვეთ“... ნებისმიერ რამეზე შეიძლება ყოველგვარი გაშარჟების გარეშე საუბარი,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

„არ არის საჭირო „წერომ მოგიყვანა,“ „კომბოსტოში გიპოვეთ“... ნებისმიერ რამეზე შეიძლება ყოველგვარი გაშარჟების გარეშე საუბარი,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვებთან ნებისმიერ საკითხზე გულახდილი საუბრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს მოუწოდა ბავშვს ასაკობრივი გაგების ზონის გათვალისწინებით ყოველთვის გულწრფელად ესაუბრონ:

„არ შეიძლება ის, რაც იყო ჩვენს თაობებში და ჩვენს შემდეგ, როდესაც იყო მინიშნება გენიტალიებზე. „აბა, მაჩვენე პასპორტი“ ან „ჩიტი.“ „ხელი არ მოიკიდო,“ ან პირიქით, როდესაც თვითონ ეფერებოდნენ და კოცნიდნენ. არ უნდა გამოარჩიოს ეს მშობელმა. ადამიანი არის ერთი მთლიანი ორგანიზმი. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება იმის ახსნა, რომ გენიტალიები დაფარულია, რომ ეს არის დაკავშირებული სოციალურ ნორმებთან, ეს არის დაკავშირებული მორალთან. მანამდე არის ჩვეულებრივი ჩვევა. ხედავს, რომ მშობელს აცვია. გარშემო ყველას აცვია და მასაც აცვია.

გახსნილობა და მეგობრობა არის აუცილებელი. ნებისმიერ კითხვაზე, რომელსაც ბავშვი დასვამს, მშობელმა პასუხი უნდა გასცეს ბავშვის ასაკობრივი გაგების ზონის გათვალისწინებით. არ არის საჭირო „წერომ მოგიყვანა,“ „კომბოსტოში გიპოვეთ.“ ადამიანებს აყვანილი შვილები ჰყავთ და იმას ვერ ეუბნებიან, რომ აყვანილები არიან. სამაგიეროდ ეუბნებიან, რომ კომბოსტოში იპოვეს. ჩვეულებრივ უნდა ეთქვას ბავშვს, რომ ის არის საჩუქარი, მივიდა სამშობიაროში და წამოიყვანა. თვითონ დედობილია, ან მამობილი. ასე სჯობს, რომ ბავშვმა სიმართლე იცოდეს. ნებისმიერ რამეზე შეიძლება ყოველგვარი გაშარჟების გარეშე საუბარი ნებისმიერ ასაკში.

ძალიან პატარები უყურებენ პორნოგრაფიას. არსებობს პროგრამები, რომ მშობელს შეუძლია მიიბას ბავშვის კონტენტი, გაიგოს რაშია ბავშვი ტელეფონში. ძალიან დააზიანებს ბავშვს მსგავსი სანახაობა, დააფრთხობს და შეაშინებს. რაც შეეხება მოზარდებს, მათ უკვე წვდომა აქვთ ყველაფერთან. რა თქმა უნდა. სწავლება უნდა იყოს მორალზე, ზნეობაზე, წესიერებაზე დაფუძნებული,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად