Baby Bag

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

მედეა ჯაფარიძისა და რეზო თაბუკაშვილის ვაჟი, დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი 1956 წლის 9 მარტის მოვლენებს იხსენებს და მისი ბავშვობის ყველაზე მკაფიოდ აღბეჭდილი მოგონების შესახებ საუბრობს:

„ხუთი წლის ასაკში არცთუ ბევრი რამ გამახსოვრდება, მაგრამ 1956 წლის 9 მარტის ზოგიერთი ფრაგმენტი მკაფიოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში. ზედ რუსთაველზე ვცხოვრობდით და ყველა პარადისა თუ მაგათი დღესასწაულის დროს ტანკები ჩვენი ფანჯრების ქვეშ იდგა ხოლმე. მეძინა... რეზო მოვიდა გვიან. მამა ნასვამი იყო. ხელში ამიყვანა, აივანზე გავიდა და გადამახედა. მთელს რუსთაველზე ჩაჩქანიანი ჯარისკაცები იყვნენ. მაშინ რეზომ ხმამაღლა რუსულ ენაზე, მათ გასაგონად მითხრა: „აი, შეხედე და დაიმახსოვრე, ესენი არიან შენი ერის ჯალათები.“ მერე ძირს დამსვა, რუსი ჯარისკაცების გინების ხმა გაისმა და რეზო აივნიდან ქუჩაში ჩახტა, მთვრალი სალდათისთვის უწმაწურ გინებაზე პასუხის გასაცემად. ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა – ჯარისკაცები ხიშტებზე უპირებდნენ აგებას, მაგრამ ამ დროს დედაჩემი, ფეხშიშველი, ღამის პერანგით სახლიდან გამოვარდა და გადაეფარა. არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა. ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო...“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ევროპაში ყველანაირი ემოციის გამოვლენის უფლებას აძლევენ შვილებს მშობლები, შენ მიღებული ხარ ყველანაირად,“- ფსიქოთერაპევტი იანა სალამაშვილი

„ევროპაში ყველანაირი ემოციის გამოვლენის უფლებას აძლევენ შვილებს მშობლები, შენ მიღებული ხარ ყველანაირად,“- ფსიქოთერაპევტი იანა სალამაშვილი

ფსიქოთერაპევტმა იანა სალამაშვილმა ემოციის გამოხატვის მნიშვნელობასა და ბრაზის რეგულირების მეთოდებზე ისაუბრა:

„ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ ბრაზი შეიკავონ, ემოცია დათრგუნონ, ხშირად არიან დაღლილები. წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენს ორგანიზმში მოდის ენერგიის სვეტი. რაღაცაზე გვაქვს რეაქცია. შენ თრგუნავ ამას. რეალურად გჭირდება ორჯერ მეტი ენერგია, რომ ეს დათრგუნო. ადამიანებს ჰგონიათ, რომ თუ იტყვიან, რომ გაბრაზდნენ, ძალიან ცუდები იქნებიან. რეალურად ეს მოდის ჩვენი აღზრდის მეთოდებიან. ჩვენ ძირითადად გვზრდიდნენ „კარგ ბიჭებად“ და „კარგ გოგოებად.“ „რას იფიქრებს ვიღაც, რომ დაგინახავს, რომ ყვირი, არ შეიძლება,“- ასეთ წინადადებებს გვეუბნებოდნენ.

რამოდენიმე წლის წინ, როდესაც ევროპაში მოვხვდი, ძალიან გამიკვრიდა, როდესაც ქუჩაში დავინახე, როგორ ურტყამდა ოთხი წლის ბავშვი დედას წიხლებს. მე ვიფიქრე, რომ ეს ქალი ახლა მოსცხებს. უცბად აბსოლუტურად განსხვავებული სურათი წამოვიდა. ეს ქალბატონი ჩაიმუხლა და უთხრა: „მაპატიე, ვიცი, რომ გაბრაზდი.“ ეს რომ დავინახე, ვიყავი გაოგნებული. წარმოვიდგინე, რა რეალობა შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა ჩვენთან. მერე დავაკვირდი, რა ემოციების გამოვლენის უფლებას აძლევენ ბავშვებს. აღმოვაჩინე, რომ ყველანაირი ემოციის გამოვლენის უფლებას აძლევენ შვილებს მშობლები. შენ მიღებული ხარ თუ ცელქობ, ჯიუტობ, ბრაზდები, ტირილიც ადამიანურია, ჩვეულებრივი რამ არის. ყველანაირი ხარ მიღებული. როდესაც ხარ ყველანაირი მიღებული, შემდეგ ბუმერანგის ეფექტი აღარ არის საჭირო. აღარ გჭირდება, რომ გაბრაზდე იმაზე მეტად, ვიდრე ბრაზდები. როდესაც ბავშვი ბრაზდება და ამ დროს მას ვიღაც ეფერება, მას არ უჩნდება სურვილი, რომ რამე დალეწოს. ზრდასრულ ასაკში ის მოვა და გეტყვის პირდაპირ: „მე გავბრაზდი, მაწყენინე.“ ეს საკმარისია, რომ მან თავისი ემოცია გამოხატოს,“- მოცემულ საკითხზე იანა სალამაშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

წაიკითხეთ სრულად