Baby Bag

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

მედეა ჯაფარიძისა და რეზო თაბუკაშვილის ვაჟი, დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი 1956 წლის 9 მარტის მოვლენებს იხსენებს და მისი ბავშვობის ყველაზე მკაფიოდ აღბეჭდილი მოგონების შესახებ საუბრობს:

„ხუთი წლის ასაკში არცთუ ბევრი რამ გამახსოვრდება, მაგრამ 1956 წლის 9 მარტის ზოგიერთი ფრაგმენტი მკაფიოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში. ზედ რუსთაველზე ვცხოვრობდით და ყველა პარადისა თუ მაგათი დღესასწაულის დროს ტანკები ჩვენი ფანჯრების ქვეშ იდგა ხოლმე. მეძინა... რეზო მოვიდა გვიან. მამა ნასვამი იყო. ხელში ამიყვანა, აივანზე გავიდა და გადამახედა. მთელს რუსთაველზე ჩაჩქანიანი ჯარისკაცები იყვნენ. მაშინ რეზომ ხმამაღლა რუსულ ენაზე, მათ გასაგონად მითხრა: „აი, შეხედე და დაიმახსოვრე, ესენი არიან შენი ერის ჯალათები.“ მერე ძირს დამსვა, რუსი ჯარისკაცების გინების ხმა გაისმა და რეზო აივნიდან ქუჩაში ჩახტა, მთვრალი სალდათისთვის უწმაწურ გინებაზე პასუხის გასაცემად. ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა – ჯარისკაცები ხიშტებზე უპირებდნენ აგებას, მაგრამ ამ დროს დედაჩემი, ფეხშიშველი, ღამის პერანგით სახლიდან გამოვარდა და გადაეფარა. არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა. ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო...“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ ღამით შვილებთან ერთად გძინავთ და დისკომფორტს განიცდით, ეს გიგანტური საოჯახო საწოლი სწორედ თქვენთვის შეიქმნა

თუ ღამით შვილებთან ერთად გძინავთ და დისკომფორტს განიცდით, ეს გიგანტური საოჯახო საწოლი სწორედ თქვენთვის შეიქმნა

დიდი ზომის საწოლებს, რომლებშიც მშობლები შვილებთან ერთად იძინებენ, ხშირად აკრიტიკებენ. ადამიანები, რომლებიც ოჯახის უფროსი და უმცროსი წევრების ერთად დაძინებას ეწინააღმდეგებიან, ამტკიცებენ, რომ ეს საკმაოდ ცუდი ჩვევაა, რომელიც მშობლებისა და ბავშვების ძილის რეჟიმს მნიშვნელოვნად ვნებს. მიუხედავად აღნიშნული საკითხისადმი კრიტიკული დამოკიდებულებისა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბავშვებს მშობლებთან ერთად ძინავთ, განსაკუთრებით ცხოვრების პირველ წლებში.

ადამიანები, რომლებიც შვილების მშობლებისადმი მიჯაჭვულობას ნეგატიურ მოვლენად არ განიხილავენ, ამტკიცებენ, რომ ოჯახის წევრების ერთად ძილი თითოეული მათგანის ფსიქიკაზე ძალიან დადებითად ზემოქმედებს. თუ თქვენ ბავშვებთან ერთად გძინავთ, ალბათ, ე.წ. სამეფო საწოლების გარდა ნებისმიერი ზომის საწოლზე თავს მოუხერხებლად გრძნობთ. ბავშვების ასაკის მატებასთან ერთად, შესაძლოა, მშვიდი ძილისთვის საკმარისი არც სამეფო საწოლები აღმოჩნდეს. აღნიშნული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, ავეჯის მწარმოებლებმა გიგანტური საოჯახო საწოლი შექმნეს. 3,65 მეტრი სიგრძის მატრასი საკმაოდ კომფორტულია იმ მშობლებისთვის, რომლებსაც შვილებთან ერთად ძინავთ.

გიგანტური საწოლის მწარმოებელი კომპანიის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ მოცემულ საწოლს ოჯახის თითოეული წევრისთვის კომფორტის შექმნის მიზნით აწარმოებენ. საწოლის მატრასი მდიდრული მატერიისგან არის დამზადებული, რის გამოც მასზე წოლა ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია. მატრასს სპეციალური გამაგრილებელი გელიც მოყვება.

მართალია, გიგანტური საოჯახო საწოლი ძალიან კომფორტულია, მაგრამ მისი შეძენა საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ. მხოლოდ მატრასი 2300 $ ღირს. სპეციალურად გიგანტური საწოლისთვის შექმნილი კომფორტული თეთრეული კი 400 $ დაგიჯდებათ. გიგანტური საოჯახო საწოლის მწარმოებელმა კომპანიამ ნაკლები სიგრძის მქონე მატრასებიც გამოუშვა, თუმცა მათ შეძენას მომხარებლები ვეღარ ახერხებენ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მარაგი სრულად ამოიწურა. როგორც ჩანს, ადამიანები შვილებთან ერთად კომფორტული ძილისთვის ფინანსებს არ იშურებენ.

მომზადებულია moms.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად