Baby Bag

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

მედეა ჯაფარიძისა და რეზო თაბუკაშვილის ვაჟი, დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი 1956 წლის 9 მარტის მოვლენებს იხსენებს და მისი ბავშვობის ყველაზე მკაფიოდ აღბეჭდილი მოგონების შესახებ საუბრობს:

„ხუთი წლის ასაკში არცთუ ბევრი რამ გამახსოვრდება, მაგრამ 1956 წლის 9 მარტის ზოგიერთი ფრაგმენტი მკაფიოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში. ზედ რუსთაველზე ვცხოვრობდით და ყველა პარადისა თუ მაგათი დღესასწაულის დროს ტანკები ჩვენი ფანჯრების ქვეშ იდგა ხოლმე. მეძინა... რეზო მოვიდა გვიან. მამა ნასვამი იყო. ხელში ამიყვანა, აივანზე გავიდა და გადამახედა. მთელს რუსთაველზე ჩაჩქანიანი ჯარისკაცები იყვნენ. მაშინ რეზომ ხმამაღლა რუსულ ენაზე, მათ გასაგონად მითხრა: „აი, შეხედე და დაიმახსოვრე, ესენი არიან შენი ერის ჯალათები.“ მერე ძირს დამსვა, რუსი ჯარისკაცების გინების ხმა გაისმა და რეზო აივნიდან ქუჩაში ჩახტა, მთვრალი სალდათისთვის უწმაწურ გინებაზე პასუხის გასაცემად. ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა – ჯარისკაცები ხიშტებზე უპირებდნენ აგებას, მაგრამ ამ დროს დედაჩემი, ფეხშიშველი, ღამის პერანგით სახლიდან გამოვარდა და გადაეფარა. არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა. ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო...“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხსენს პირველ აცრასაც უწოდებენ, იმდენად მნიშვნელოვანია მასში იმუნური სხეულების რაოდენობა,“ - პედიატრი მაია ხერხეულიძე

„ხსენს პირველ აცრასაც უწოდებენ, იმდენად მნიშვნელოვანია მასში იმუნური სხეულების რაოდენობა,“ - პედიატრი მაია ხერხეულიძე

პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ახალბედა დედებს ახალშობილის მოვლასთან დაკავშირებით საინტერესო რჩევები მისცა:

„ძალიან მნიშვნელოვანია უშუალოდ სამშობიარო სახლში პატარას დაბადების შემდეგ კანით კანთან კონტაქტი, როდესაც ახალშობილს დედის სხეულზე აწვენენ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ხსნის პატარასთვის სტრესს. ბავშვს ესმის დედის გულისცემის სიხშირე და თუნდაც ძალიან მტირალი მშვიდდება. დედის სხეული პატარას სითბოს სთავაზობს და მას გადაციებისგან იცავს.“

მაია ხერხეულიძის თქმით, ძუძუთი კვება ჩვილისთვის საუკეთესო საჩუქარია:

​რაც შეგვიძლია ყველაზე საუკეთესო გავაკეთოთ სიცოცხლის პირველი დღეებიდან, ეს ძუძუთი კვებაა. ის აძლევს ბავშვის იმუნოლოგიურ სისტემას მომწიფების საშუალებას, ხელს უწყობს ბავშვის დაცვას და განვითარებას. სამშობიარო სახლში პირველივე საათში უნდა განხორციელდეს პირველი ძუძუთი კვება. ეს ხელს უწყობს იმას, რომ დედას არ განუვითარდეს მშობიარობის შემდგომი სისხლდენა, რაც, სამწუხაროდ, საქართველოში სიკვდილობის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია მელოგინეებში. ხსენს პირველ აცრასაც უწოდებენ, იმდენად მნიშვნელოვანია მასში იმუნური სხეულების რაოდენობა.“

„კანის ჰიგიენა, საფენის ხშირი გამოცვლა, კანის დატენიანება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უამრავი პრობლემა ავიცილოთ თავიდან. ბავშვი ხელში ავიყვანოთ ნაზად, დავარწიოთ ხელში, არ შევანჯღრიოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ახალშობილის ხელში აყვანა, იმიტომ, რომ ესეც განვითარების სტიმულია. ბავშვთან ურთიერთობა და თამაში ამ ასაკიდან იწყება,“ - აღნიშნულ საკითხზე მაია ხერხეულიძემ „TV პირველის“ გადაცემაში „ოჯახის ექიმი“ ისაუბრა.

წყარო: ​„ოჯახის ექიმი“

წაიკითხეთ სრულად