Baby Bag

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

მედეა ჯაფარიძისა და რეზო თაბუკაშვილის ვაჟი, დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი 1956 წლის 9 მარტის მოვლენებს იხსენებს და მისი ბავშვობის ყველაზე მკაფიოდ აღბეჭდილი მოგონების შესახებ საუბრობს:

„ხუთი წლის ასაკში არცთუ ბევრი რამ გამახსოვრდება, მაგრამ 1956 წლის 9 მარტის ზოგიერთი ფრაგმენტი მკაფიოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში. ზედ რუსთაველზე ვცხოვრობდით და ყველა პარადისა თუ მაგათი დღესასწაულის დროს ტანკები ჩვენი ფანჯრების ქვეშ იდგა ხოლმე. მეძინა... რეზო მოვიდა გვიან. მამა ნასვამი იყო. ხელში ამიყვანა, აივანზე გავიდა და გადამახედა. მთელს რუსთაველზე ჩაჩქანიანი ჯარისკაცები იყვნენ. მაშინ რეზომ ხმამაღლა რუსულ ენაზე, მათ გასაგონად მითხრა: „აი, შეხედე და დაიმახსოვრე, ესენი არიან შენი ერის ჯალათები.“ მერე ძირს დამსვა, რუსი ჯარისკაცების გინების ხმა გაისმა და რეზო აივნიდან ქუჩაში ჩახტა, მთვრალი სალდათისთვის უწმაწურ გინებაზე პასუხის გასაცემად. ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა – ჯარისკაცები ხიშტებზე უპირებდნენ აგებას, მაგრამ ამ დროს დედაჩემი, ფეხშიშველი, ღამის პერანგით სახლიდან გამოვარდა და გადაეფარა. არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა. ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო...“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც შვილს ეუბნები: „შენ გამო დავთმე კარიერა, შენ გამო არსად დავდიოდი,“ ამით ეუბნები, რომ შენ ხარ დამნაშავე,“- ფსიქოთერაპევტი იანა სალამაშვილი

„როდესაც შვილს ეუბნები: „შენ გამო დავთმე კარიერა, შენ გამო არსად დავდიოდი,“ ამით ეუბნები, რომ შენ ხარ დამნაშავე,“- ფსიქოთერაპევტი იანა სალამაშვილი

გეშტალტ ფსიქოთერაპევტმა იანა სალამაშვილმა მშობლების მხრიდან შვილის მიმართ დაყვედრების ნეგატიურ შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვს დანაშაულის გრძნობა უჩნდება მშობლის მიმართ, როდესაც მას ეუბნებიან, რომ „მის გამო“ საკუთარ ცხოვრებაზე უარი თქვეს:

„წარმოიდგინეთ, ასეთი მშობლები შვილს ხშირად ეუბნებიან, რომ „შენ გამო მე დავთმე სამსახური, შენ გამო დავთმე კარიერა, შენ გამო მე არ გავდიოდი არსად.“ ეს როგორია შვილისთვის? ეს ძალიან მძიმეა ბავშვისთვის. ბავშვი ისედაც ხედავს ამას და ისედაც განიცდის ამას.

ჩემს კლიენტებთან ურთიერთობის დროს ეს ძალიან მყვირალა საკითხებია, რომ შვილებს აქვთ დანაშაულის განცდა მშობლების მიმართ. რეალურად მათ ეს დანაშაულის განცდა არ უნდა ჰქონდეთ. ის მისი მშობელია. მშობლის პასუხიმსგებლობაა შვილის აღზრდა.

მოვალეობაა, რომ მშობელმა გაზარდოს და აღზარდოს თავისი შვილი. შენ თვითონ აიღე ეს პასუხისმგებლობა, რომ ეს გააკეთო, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა გადაგაქვს შენს შვილზე. „შენ გამო“ როდესაც ეუბნები შვილს, აქ უკვე დამთავრებულია ყველაფერი. ამით ეუბნები, რომ შენ ხარ დამნაშავე ამაში. ეს ასე აღიქმება ბავშვის მიერ,“- მოცემულ საკითხზე იანა სალამაშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“ 

წაიკითხეთ სრულად