Baby Bag

„უმძიმესი ჯვარია შვილის გარდაცვალება... ნურავის განაცდევინოს,“- დეკანოზი სერაფიმე დანელია

„უმძიმესი ჯვარია შვილის გარდაცვალება... ნურავის განაცდევინოს,“- დეკანოზი სერაფიმე დანელია

დეკანოზმა სერაფიმე დანელიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ადამიანისთვის შვილის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილის შესახებ ისაუბრა:

„უმძიმესი ჯვარია შვილის გარდაცვალება... ნურავის განაცდევინოს...

პირველ დღეებში თითქოს ოკეანის ფსკერზე გულაღმა წევხარ თვალებღია და გახევებული, ირგვლივ კი სიბნელეა და უსაშინლესი დუმილი...

შენს წინ თანაგრძნობით აღბეჭდილი სახეები კადრებივით ერთმანეთს ენაცვლებიან, გისამძიმრებენ, შენც პასუხობ, ოღონდ ფსკერიდან...

გადიან დღეები, დასაფლავება... ხალხის გასტუმრება... დადიხარ, საუბრობ, ლოცულობ, მაგრამ მაინც ფსკერიდან...

მერე ნელა-ნელა იწყებ სახეების გარჩევას და ხედავ სიმარტოვეში და სიჩუმეში მობუზულ საკუთარ შვილებს, შენს დანახვაზე შემკრთალ სახეებს და ძალისძალად იწყებ გამოფხიზლებას...

ო, რა ძნელია ეს გამოფხიზლება და რა რთული პასუხის გაცემა იმ კითხვებზე, რომლებსაც ვერავინ სხვა ვერ უპასუხებს შენს გარდა...

და სადღაც შორს, უსაშველოდ შორს პოულობ სინათლის სხივს, რომელსაც მთელი ძალებით ებღაუჭები და რომელსაც ამოყავხარ ფსკერიდან ზედაპირზე...

,,- დიდება და მადლობა შენ ღმერთო ყველაფრისათვის!

ჩემი შვილი, ხომ შენი შვილიცაა,

მე თუ მიყვარს, შენ ხომ უფრო გიყვარს, რომელმაც შეჰქმენ სიყვარული...

მე თუ მისთვის კარგი მინდა, შენ ხომ უმჯობესი გინდა მისთვის!

შენ ხომ შენი ძე მხოლოდშობილი მომეცი მე, მაშ მიიღე ჩემი შვილიც შენ, როგორც წმიდა შესაწირავი...

საშინელი იყო ჩვენი დაშორება, მაგრამ მჯერა, უფრო დიდი იქნება სიხარული ჩვენი შეხვედრისა!

ამიტომ დიდება და მადლობა შენ ღმერთო ყველაფრისათვის!"

შეიძლება დაინტერესდეთ

„შენ ყიდულობ მანქანას შენი შვილისთვის, იმიტომ, რომ ის შენი მონა იყოს მერე... ასეთი რამე დაუშვებელია უბრალოდ,“ - თამარ გაგოშიძე

„შენ ყიდულობ მანქანას შენი შვილისთვის, იმიტომ, რომ ის შენი მონა იყოს მერე... ასეთი რამე დაუშვებელია უბრალოდ,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ თანამედროვე სამყაროში ადამიანების მატერიალურ კეთილდღეობაზე მიჯაჭვულობის პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშობლები შვილებს ამ კუთხით ძალიან ანებივრებენ, რაც ბედნიერების მომტანი არ არის:

„ჩვენ ძალიან ვართ მატერიაზე მიწეპებული, ხალხო. ეს საწყალი მშობელი 24 საათი რომ მუშაობს, რათა თავისი შვილი უზრნუველყოს, ამაში არ არის ბედნიერება. ნაცნობმა უცხოელმა პროფესორმა  ერთ ნაცნობ პროფესორს უთხრა, რა წარმატებული ახალგაზრდები გყოლიათ, საკუთარ მანქანებზე რომ სხედანო. ეს ვერ მიხვდა, რას ნიშნავს წარმატებული. მან იგულისხმა, რომ თვითონ შეიძინა ამ ახალგაზრდამ მანქანა. როდესაც გაიგო, რომ მშობლები ყიდულობენ, კაცი იყო გაოგნებული. ასეთი რამე დაუშვებელია უბრალოდ.“

„შენ ყიდულობ მანქანას შენი შვილისთვის, იმიტომ, რომ ის შენი მონა იყოს მერე და რაც გინდა, ის გაუკეთო. ეს არის ლოგიკა. გარიგება გაქვს. ძალიან ცუდ რაღაცებს ვიძახი ახლა მე.​ ვერ აცნობიერებს მშობელი ამას. უნდა, რომ კარგი გაუკეთოს ამ თავის შვილს, მაგრამ ისიც უნდა, რომ შვილი მისი ოცნებებით ცხოვრობდეს. ამიტომ მშობელს არ უხარია, ბავშვსაც არ უხარია ცხოვრება, არავის არ უხარია და ასეთ დეპრესიულ საზოგადოებაში აგრესია იქნება, აბა რა იქნება,“ - აღნიშნულ საკითხზე თამარ გაგოშიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

წაიკითხეთ სრულად