Baby Bag

„ჩვენ ერთი ბედი გვარგუნა განგებამ და დღეს პატარა ბავშვივით გამიხარდა, რომ ის ცდილობს გააგრძელოს ცხოვრება,“- ანიტა ფაცაციას ბებია ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„ჩვენ ერთი ბედი გვარგუნა განგებამ და დღეს პატარა ბავშვივით გამიხარდა, რომ ის ცდილობს გააგრძელოს ცხოვრება,“- ანიტა ფაცაციას ბებია ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ანიტა ფაცაციას ბებიამ თამუნა გლურჯიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნიკოლოზ წულუკიძის სატელევიზიო ეთერში დაბრუნებას გამოეხმაურა:

„მე და ჩემნაირი ადამიანები სრულად და მთელი სიღრმით ვიგებთ რას ნიშნავს პატარა ანგელოზის დაკარგვა. მართლა მტერსაც რომ არ უსურვებ, ისეთი სიმწარეა, რომელსაც დრო არ შეველის, არადა, მახსოვს როგორი იმედით შევყურებდი სწორედ დროს, რომ ცოტათი მაინც დაეამებინა ტკივილი, სანამ ერთხელაც არ გავაცნობიერე, რომ ცრუ ილუზიის მსხვერპლი ვიყავი. რატომ ვწერ ახლა ამას: მიუხედავად იმისა, რომ წლებია არ ვუყურებ ტელევიზორს და, როგორც მაყურებელი, არ ვიცნობდი ამ საოცარ ადამიანს, იმდენი სითბო და სიყვარული იღვრებოდა და იღვრება მის მიმართ და, რაც ჩვენს საზოგადოებაში იშვიათი გამონაკლისია, ერთი გადაბრუნებული სიტყვა არ დასცდენია არასოდეს არავის, სიმპათიით ვიყავი მისდამი განწყობილი. და დღეს ეს საოცარი ადამიანი სწორედ ამდენი მისი მოყვარული გულის ძალამ ისევ დააბრუნა სამსახურში. ვიცი ეს რა ძნელია. ძნელი კი არა, შეუძლებელზე მეტია. ამ დროს ლაპარაკიც არ გინდა, არავინ და არაფერი არ გინდა და სიცოცხლეს რაც გაგონებს, ყველაფერი გაღიზიანებს. ერთადერთი რამ თუ გამოგიყვანს ამ მდგომარეობიდან მეტ-ნაკლებად და ეს ერთადერთი რამ ადამიანური სიყვარულია, როცა გიყვარს და უყვარხართ და ეს გიბიძგებს, შესაძლებელს ხდის, გაკეთებინებს.

დიახ, ნიკა წულუკიძეზე ვწერ. სიუჟეტი ვნახე როგორ უხდიდა მადლობას თავის მაყურებელს და ცრემლის გარეშე ვერ შევძელი მისი მოსმენა. ნიკა არ მიცნობს, არც მე ვიცნობ, მაგრამ ჩვენ ერთი ბედი გვარგუნა განგებამ, ჩვენი პატარები ახლა იქ სადღაც ერთად არიან და ეს გვაერთიანებს და მე დღეს პატარა ბავშვივით გამიხარდა, რომ ის ცდილობს გააგრძელოს ცხოვრება. და ბოლოს, არ არის აუცილებელი ამხელა ტრაგედია დაემართოთ ადამიანებს, მამანდეც გვიყვარდეს, შევეხიდოთ, მოვეფეროთ ერთმანეთს. პატარებგაფრენილ ადამიანებს კი ორმაგად, მათი გული ხომ ისედაც დაფლეთილია და იქნებ ერთი გადაბრუნებული სიტყვით სულაც უკანასკნელ ძაფს ვუწყვეტთ, რომელზეც ეს ნაფლეთები ჰკიდია. ვიცი დღეს მთელი დღე გამათბობს ნიკას სიცოცხლისკენ მობეუნება, მის გამოც, არაჩვეულებრივი ადამიანი რომ არის და კიდევ იმის გამო, რომ ეს ჩვენში ჯერ არდაკარგული ერთმანეთის სიყვარულის და თანადგომის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ასეთი სიყვარული და თანდგომა უხდება ქართველს, საქართველოს, ჩემს გენს და უზომოდ ბედნიერი და მადლიერი ვარ დღეს ეს მთელი სიმძაფრით რომ განვიცადე,“- წერს თამუნა გლურჯიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს

ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს

ალბერ კამიუ დიდი ფრანგი მწერალი იყო. 1957 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში. კამიუს პატარაობისას დაეღუპა მამა და გაზარდა წერა-კითხვის უცოდინარმა დედამ, რომელიც სმენადაქვეითებული იყო. კამიუზე დიდი გავლენა მოახდინა დაწყებით სკოლაში მისმა მასწავლებელმა ლუი ჟერმენმა. ნობელის პრემიის მიღებისთანავე კამიუმ ლუი ჟერმენს ეს წერილი გაუგზავნა.

წერილი მასწავლებელს

19 ნოემბერი 1957

ძვირფასო ბატონო ჟერმენ,
ვაცადე, ამ დღეებში ჩემ გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმა ცოტა ჩაწყნარებულიყო, რათა გულის სიღრმეში თქვენთვის მოსაწერად საჭირო სიტყვები მომეძებნა.

ამ რამდენიმე დღის წინ იმაზე გაცილებით დიდი პატივი მხვდა წილად, ვიდრე ოდესმე ვისურვებდი. როდესაც ეს ამბავი მაცნობეს, პირველი ვინც გამახსენდა, დედაჩემის შემდეგ, თქვენ იყავით. თქვენ გარეშე, იმ მზრუნველი ხელის გარეშე, რომელიც პატარა საწყალ ბავშვს გამოუწოდეთ, თქვენი სწავლებისა და მაგალითის გარეშე, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა.

ამ ჯილდოს მნიშვნელობას საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ იგი საშუალებას მაძლევს, გითხრათ, რამდენს ნიშნავდით და ახლაც ნიშნავთ ჩემთვის და კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ თქვენი მცდელობები, თქვენი შრომა და თქვენი გული, უშურველად რომ ჩადეთ ამ ყველაფერში, კვლავაც ცოცხლობს თქვენს ერთ-ერთ პატარა მოსწავლეში, რომელიც, განვლილი წლების მიუხედავად, დღესაც თქვენი მადლიერი შეგირდია.
გეხვევით მთელი გულით.

წყარო: ​ნათია მასწავლებელი

წაიკითხეთ სრულად