Baby Bag

აღსდგა თუ აღდგა - აქტუალურ კითხვას ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია პასუხობს

აღსდგა თუ აღდგა - აქტუალურ კითხვას ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია პასუხობს
ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და რომელია სწორი ფორმა - აღსდგა თუ აღდგა ისევ აქტუალური ხდება. 

აღნიშნულ საკითხზე ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია საუბრობს.

გთავაზობთ ენათმეცნიერის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„რომაელნო"!!!

​- თუ არც მაცხოვრის აღდგომა გწამთ, არც მის მიერ ლაზარეს აღდგინება, არც იმის შეგნება გაწუხებთ, რომ ქართველი მხოლოდ და მხოლოდ ისაა, ვინც „ქართულ ენაში ცხოვრობს" და თქვენს სახელსა და გვარს მაინც ლათინურ სამოსში ახვევთ, აბა, როგორღა შეგაგნებინოთ, რომ ეს არაა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის პრობლემა?

- მე მხოლოდ იმათზე ხომ არ ვსაუბრობ, სამშობლოდან გადახვეწილები ლუკმაპურის ფულს ძლივს რომ აკოწიწებენ, ხშირად, საკმაოდ დამამცირებელი შრომის ფასად, და ამით საქართველოში დატოვებულ და უზომოდ მონატრებულ ოჯახებს მინიმალურ საარსებო პირობებს უქმნიან???- თქვენ! - დიდად პატივცემულნო კომპიუტერიანნო და ძვირფასმობილურიანნო საჯარო მოხელენო, მინისტრებო და პარლამენტარებო, ბიზნესმენებო და ცხოვრებისაგან გალაღებულო „მამულიშვილებო", თქვენ მაინც რა მოგდით?

- რა თქმა უნდა, მე ყველას გილოცავთ დამდეგ აღდგომას, მაგრამ, ისე, ღირსები კი არა ხართ მილოცვისა, როცა აბუჩად იგდებთ იმ ენის ანბანს, რომელსაც „სახარებასა შინა ლაზარე ჰქვია".

- ჩემი ნება რომ იყოს, თქვენთვის მხოლოდ იმის გამო არ მივაცემინებდი ხმას არჩევნებში და მხოლოდ იმის გამო არ დაგნიშნავდით ნებისმიერ თანამდებობაზე, რომ უგულვებელყოფთ სახელმწიფო ენასა და მის ანბანს, ნიჰილიზმით სავსე თვალებით უმზერთ „ღვთაებრივ საუნჯეს"(ილია!!!), რომელიც „ერის მეობის უმთავრესი და არსებითი ნიშანია"(ილია!!!);- "რა გითხრათ, რით გაგახაროთ?"(ილია!!!)...

- რას მეტყვით, რით გამახარებთ?- და ბოლოს, „ქრისტე აღდგა!" მაინც ახარეთ ერთმანეთს სწორად!!! (-ს-ს გარეშე!!!).“

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

პასკაზე და მასში შემავალ ინგრედიენტებზე გიორგი ღოღობერიძე საუბრობს
პასკაზე და მასში შემავალ ინგრედიენტებზე ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს. ნახეთ ვიდეო ☝️

შეიძლება დაინტერესდეთ

„გიყვარდეთ ცელქი ბავშვები და არ აუკრძალოთ სიცელქე!“ - შალვა ამონაშვილის რჩევები ცელქი ბავშვების მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია ბავშვს სიცელქე არ აუკრძალონ:

„თქვენს ბავშვებს დააკვირდით, მათ მრავალმხრივი ნიჭი აქვთ, მოუსვენრები არიან ძალიან. მეც მოუსვენარი ვიყავი, მაგრამ ახლანდელი ბავშვი ნებისმიერი ათჯერ გადააჭარბებს ჩემს მოუსვენრობას. მათ ჰიპერაქტიურები დაარქვეს. ამით უფროსებმა თითქოს თავიანთი თავი დაიცვეს, განსაკუთრებით მასწავლებლებმა: „ბავშვი თუ ჰიპერაქტიურია, მე რა ვქნა?! მოუარე, მოაჭკვიანე და მომიყვანე, თორემ ჰიპერაქტიურია, ხელს მიშლის, გაკვეთილი ჩამიშალა, არ მისმენს, არ აკეთებს.“

ჰიპერაქტიურობა რითი იზომება? ამისი მზომელი არის მასწავლებელი ან მშობელი, რომელიც ვერ იმორჩილებს ბავშვს. რა უნდა ბავშვს იცით? თუ მასწავლებელი ხარ, ბავშვზე უფრო აქტიური იყავი. გადააჭარბე იმის აქტიურობას, უფრო შემოქმედი იყავი და ვეღარ დაინახავ ჰიპერაქტიურობას.

თუ სახლშია ბავშვი, როგორი გირჩევნია ცელქი თუ დამშვიდებული, მოწესრიგებული, ყველაფერი თავის ადგილზე რომ აქვს? ცელქი ბავშვები ცხოვრების მარილია. იმათ მიჰყავთ ცხოვრება. თუ ვინმე ცელქი იყავით ბავშვობაში, ლიდერები გახდებით ცხოვრებაში. ცელქი ბავშვები მომავალში ხდებიან გამოჩენილი მსახიობები, მეცნიერები, პოლიტიკოსები. ბავშვი თავის ცელქობაში თითქოს მომავალს იჭერს. თუ იცი, რომ ბავშვი, რომელიც სკამებს ააყირავებს და გემს აშენებს, ის ამით მომავალს დაეძებს თავის თავში, თვისებებს ივითარებს, უნდა ჩაჯდე შენც ამ გემში და უთხრა: „წამო, ერთად გავცუროთ.“ გიყვარდეთ ცელქი ბავშვები და არ აუკრძალოთ სიცელქე! იმათთან ერთად იცელქეთ, თუ გინდათ, რომ ბავშვმა არ დაკარგოს ყველაზე კარგი თვისება, რითაც ამ ცხოვრებაში უნდა გაიმარჯვოს. უნდა გააცელქო ბავშვი, რომ მასში გააღვივო მომავალი,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“ 

წაიკითხეთ სრულად