Baby Bag

„თურმე, დედები რამდენს აკეთებენ, რამდენს უძლებენ, რამდენად არიან გაჭრილები...“

„თურმე, დედები რამდენს აკეთებენ, რამდენს უძლებენ, რამდენად არიან გაჭრილები...“

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი დედების ამაგთან დაკავშირებით საუბრობს და მათ გმირებს უწოდებს. გთავაზობთ ფოტოგრაფის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„ორი დღე ბავშვი მარტო მყავდა. მამიკო, მამიკო, ჭუპა-ჭუპა მინდა, მამიკო, მშია, მამიკო გარეთ მინდა, მამიკო ბატუტზე მინდა და კიდევ რამდენი რამ უნდოდა. 

​​
მეორე ოთახში რომ გავედი და იატაკზე უამრავი სათამაშო დამხვდა მიმოფანტული, გული გამისკდა, ამას რა აალაგებს-მეთქი.

ქვაბიდან საჭმელი ისე გადმოვიდა, ვერ გავიგე, ასე მალე როგორ გაცხელდა. ჭუპა-ჭუპას დროს მე უფრო დავსველდი, ვიდრე ანიტა. ბავშს რომ ვათამაშებდი, გადმომივარდა და ლოყა დაარტყა. ვიდრე ატირებულ ანიტას სახეს დავათვალიერებდი, ჩემი დამემართა. გადავრჩით.

გარეთ რომ გავდიოდით, მამიკო, ხელში ამიყვანეო, მეუბნებოდა. ამ სიმძიმეს ავიყვანდი და მერე წელი მწყდებოდა. 

შვება რომ მეგრძნო, ვეუბნებოდი, ანიტა, აბა, გაიქეცი და მე დაგიჭერ-მეთქი. 50 მეტრს გაირბენდა და მერე ისევ ხელში აყვანას მთხოვდა. ჩემი ნომერი დიდად არ ჭრიდა.

ღამით და დილით ტელეფონს ხელს არ უშვებდა, რომ საბავშვო ვიდეოები ენახა.

ჩამთვლემდა თუ არა, მაღვიძებდა, მამიკო, საწოვარა მინდა, წყალი მინდა და ასე შემდეგ. სხეულის ყველა ნაწილი დაძაბული მქონდა, რომ რაფაზე არ ამძვრალიყო, შტეფსელში თითი არ შეეყო, ძილში გადასაფარებელი თავზე არ წამოეხურა და გაგუდულიყო, საწოლიდან ან რომელიმე გასართობიდან არ გადმოვარდნილიყო.

თურმე, დედები რამდენს აკეთებენ, რამდენს უძლებენ, რამდენად არიან გაჭრილები, ბავშვის აღზრდაში როგორ სჭირდებათ გვერდით დგომა.

და როცა მამაც ჩართულია ბავშვის აღზრდაში, შვილს ის ისევე უყვარდება და ეძვირფასება, როგორც დედა. 

დედები არიან გმირები."

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშფოთვარე დედებს მშფოთვარე შვილები ჰყავთ, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ,“ - ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე

„მშფოთვარე დედებს მშფოთვარე შვილები ჰყავთ, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ,“ - ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე

ფსიქოლოგმა ირინა ტაბუციძემ ბავშვის ფსიქიკაზე დედის შფოთვის მავნე ზეგავლენის შესახებ ისაუბრა:

​მშფოთვარე დედებს მშფოთვარე შვილები ჰყავთ. ეს არის საკმაოდ გავრცელებული შემთხვევა, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ. უამრავი ექსპერიმენტია ამ მიმართულებით ჩატარებული. ერთ-ერთ ბოლო კვლევაში, რომელიც ვნახე, აღმოვაჩინე, რომ ფეხმძიმობამდეც კი, ბევრად ადრეულ პერიოდში, დედებს, რომლებიც შფოთავენ, ჰყავთ ასეთივე მშფოთვარე შვილები.“

ირინა ტაბუციძის თქმით, მშფოთვარე ბავშვებს უძილობა, ხასიათის ცვალებადობა და მოუსვენრობა აწუხებთ:

„მშფოთვარე ბავშვს ღამის ძილი აქვს არეული, ხშირად ტირის, ​ხშირად არის უფრო მოუსვენრად. ეს უწყვეტი რგოლივით გამოგვდის. დედები შფოთავენ იმიტომ, რომ ბავშვებს არ სძინავთ. ბავშვები კი იმიტომ ტირიან, იმიტომ არ იძინებენ, რომ დედები არიან ასე მშფოთვარე მდგომარეობაში. ერთმანეთზე გადაბმულია ეს ამბავი.“

„ამ ყველაფერს ხელს ძალიან უწყობს ​ოჯახში არასტაბილური სიტუაცია, როდესაც არის კონფლიქტები, ძალადობის ფაქტები. ასევე მუშაობს ის შემთხვევებიც, როდესაც რამოდენიმე ადამიანი ერთად ზრდის ბავშვს. ყველას თავისი კომპეტენტური აზრი აქვს: ბებიას, დედას, მამას. მით უმეტეს, თუ ამ ადამიანების აზრი ერთმანეთს საერთოდ არ ემთხვევა კიდევ უფრო რთულად არის საქმე. ჩვენ ხშირად შვილებს ისე ვაჩენთ, რომ არც ვინტერესდებით, ზედმეტ ლიტერატურას არ ვკითხულობთ. ძაღლს რომ ვყიდულობთ, ყვავილი შემოგვაქვს ახალი, პირველ რიგში, ინტერნეტში ვეძებთ ინფორმაციას. შვილის გაჩენა არ არის მხოლოდ ინსტინქტების დონეზე. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა,“ - აღნიშნულ საკითხებზე ირინა ტაბუციძემ „Music Box” – ის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „Music Box”

წაიკითხეთ სრულად