Baby Bag

„თურმე, დედები რამდენს აკეთებენ, რამდენს უძლებენ, რამდენად არიან გაჭრილები...“

„თურმე, დედები რამდენს აკეთებენ, რამდენს უძლებენ, რამდენად არიან გაჭრილები...“

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი დედების ამაგთან დაკავშირებით საუბრობს და მათ გმირებს უწოდებს. გთავაზობთ ფოტოგრაფის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„ორი დღე ბავშვი მარტო მყავდა. მამიკო, მამიკო, ჭუპა-ჭუპა მინდა, მამიკო, მშია, მამიკო გარეთ მინდა, მამიკო ბატუტზე მინდა და კიდევ რამდენი რამ უნდოდა. 

​​
მეორე ოთახში რომ გავედი და იატაკზე უამრავი სათამაშო დამხვდა მიმოფანტული, გული გამისკდა, ამას რა აალაგებს-მეთქი.

ქვაბიდან საჭმელი ისე გადმოვიდა, ვერ გავიგე, ასე მალე როგორ გაცხელდა. ჭუპა-ჭუპას დროს მე უფრო დავსველდი, ვიდრე ანიტა. ბავშს რომ ვათამაშებდი, გადმომივარდა და ლოყა დაარტყა. ვიდრე ატირებულ ანიტას სახეს დავათვალიერებდი, ჩემი დამემართა. გადავრჩით.

გარეთ რომ გავდიოდით, მამიკო, ხელში ამიყვანეო, მეუბნებოდა. ამ სიმძიმეს ავიყვანდი და მერე წელი მწყდებოდა. 

შვება რომ მეგრძნო, ვეუბნებოდი, ანიტა, აბა, გაიქეცი და მე დაგიჭერ-მეთქი. 50 მეტრს გაირბენდა და მერე ისევ ხელში აყვანას მთხოვდა. ჩემი ნომერი დიდად არ ჭრიდა.

ღამით და დილით ტელეფონს ხელს არ უშვებდა, რომ საბავშვო ვიდეოები ენახა.

ჩამთვლემდა თუ არა, მაღვიძებდა, მამიკო, საწოვარა მინდა, წყალი მინდა და ასე შემდეგ. სხეულის ყველა ნაწილი დაძაბული მქონდა, რომ რაფაზე არ ამძვრალიყო, შტეფსელში თითი არ შეეყო, ძილში გადასაფარებელი თავზე არ წამოეხურა და გაგუდულიყო, საწოლიდან ან რომელიმე გასართობიდან არ გადმოვარდნილიყო.

თურმე, დედები რამდენს აკეთებენ, რამდენს უძლებენ, რამდენად არიან გაჭრილები, ბავშვის აღზრდაში როგორ სჭირდებათ გვერდით დგომა.

და როცა მამაც ჩართულია ბავშვის აღზრდაში, შვილს ის ისევე უყვარდება და ეძვირფასება, როგორც დედა. 

დედები არიან გმირები."

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენ ყოველთვის ვაბრალებთ, რომ ეს არის ხასიათი. ეს არ არის ხასიათი, ბავშვი მოდელად იღებს მშობელს,“ - მაია ნანიტაშვილი

„ჩვენ  ყოველთვის ვაბრალებთ, რომ ეს არის ხასიათი.  ეს არ არის ხასიათი, ბავშვი მოდელად იღებს მშობელს,“ - მაია ნანიტაშვილი

ბავშვთა ფსიქოლოგმა მაია ნანიტაშვილმა ბავშვებში აგრესიის მიზეზებსა და მშობლების მიერ გამოყენებულ აღზრდის მეთოდებზე ისაუბრა. მისი თქმით, როდესაც ბავშვის აგრესიული ქცევა მის ხასიათს ბრალდება, ეს არასწორია:

„ჩვენ არ ვიბადებით ხასიათით. ეს არის გენეტიკა, რისი პროვოცირებაც ხდება გარემოდან. ჩვენ ყოველთვის ვაბრალებთ, რომ ეს არის ხასიათი, რაც მარტივი გამოსავალია. ეს არ არის ხასიათი. ეს არის, როდესაც ბავშვი იდენტიფიკაციას გადის მშობელთან, ემსგავსება მას. დედა აბრალებს, რომ მამას ჰგავს, მამა ამბობს, რომ დედას ჰგავს. ბავშვი იმ გარემოში იზრდება, სადაც მსგავსება ხდება. ​ის მოდელად იღებს მშობელს. დავუშვათ, რომ ლეკვი გავზარდოთ სხვა ცხოველებთან. ის ​აუცილებლად იქნება ქცევის გადამღები. ასე ვართ ჩვენც, ადამიანები, ვიღებთ ქცევას. ჩვენ ამას ვარქმევთ შემდეგ ხასიათს უბრალოდ. ეს არის ქცევის მოდელი, რომელსაც ჩვენ ვირგებთ.“

მაია ნანიტაშვილის თქმით, მშობელმა ბავშვთან ურთიერთობისას ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს მისი ასაკი:

„დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკს. ოთხი წლის ასაკი არის ჯიუტობის ხანა.​ ბუნებრივია, ეს ასეც უნდა იყოს. ამ დროს ბავშვი თითქოს გამოხატავს აგრესიას, მაგრამ ეს აგრესია არ არის. ის ამბობს: „მინდა, მე უნდა გავაკეთო.“ ჩვენ ამას აგრესიას ვერ დავარქმევთ. მშობლებს ერთადერთი რჩევა მინდა მივცე, რომ გაუმარტივდეთ ცხოვრება და ურთიერთობა ბავშვებთან. მოიძიონ მარტივი ინფორმაციები, განვითარების ​რა საფეხურზეა მათი შვილი და ამ საფეხურზე რა ქცევა ვლინდება. ზოგჯერ მშობელი ნორმად არ თვლის იმას, რაც ნორმაა. გადაჭარბებული მოლოდინების ქონა არის ძალადობა. ძალიან ხშირია, როდესაც დედამ ცეკვას დაანება თავი და შვილს აიძულებს, რომ იცეკვოს. ამ დროს არ უნდა ბავშვს ცეკვა. პრობლემა ის არის, რომ ფიზიკური ძალადობა ჩანს, ხოლო ემოციური ძალადობა არ ჩანს.“

თუ ბავშვი აგრესიას გამოხატავს, პირველ რიგში, რაც მშობელმა უნდა გააკეთოს, ეს არის თვითონ იყოს დარწმუნებული იმაში, რასაც აკეთებს. ემოცია უნდა იყოს მყარი ბავშვთან მიმართებაში. მაგ. მე ვარ დაღლილი და ბავშვს ვეუბნები, რომ დღეს ვარ დაღლილი და ვერ გეთამაშები. თუ ბავშვი ამას არ ითვალისწინებს, უნდა ვუთხრათ მის ენაზე: „შენ ხომ ყოფილხარ დაღლილი.“ ამის შემდეგ ხდება ის, რომ მე ამ გადაწყვეტილებაში მყარი ვარ. ​მე ვიცი ნამდვილად, რომ ვერ შევძლებ მასთან თამაშს და არც ველოდები ისტერიკას. მერე მანიპულაციის სწავლა ხდება ბავშვებში,“ - აღნიშნულ თემებზე მაია ნანიტაშვილმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შუადღე GDS“ ისაუბრა.

წყარო: ​შუადღე GDS

წაიკითხეთ სრულად