Baby Bag

„თურმე, დედები რამდენს აკეთებენ, რამდენს უძლებენ, რამდენად არიან გაჭრილები...“

„თურმე, დედები რამდენს აკეთებენ, რამდენს უძლებენ, რამდენად არიან გაჭრილები...“

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი დედების ამაგთან დაკავშირებით საუბრობს და მათ გმირებს უწოდებს. გთავაზობთ ფოტოგრაფის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„ორი დღე ბავშვი მარტო მყავდა. მამიკო, მამიკო, ჭუპა-ჭუპა მინდა, მამიკო, მშია, მამიკო გარეთ მინდა, მამიკო ბატუტზე მინდა და კიდევ რამდენი რამ უნდოდა. 

​​
მეორე ოთახში რომ გავედი და იატაკზე უამრავი სათამაშო დამხვდა მიმოფანტული, გული გამისკდა, ამას რა აალაგებს-მეთქი.

ქვაბიდან საჭმელი ისე გადმოვიდა, ვერ გავიგე, ასე მალე როგორ გაცხელდა. ჭუპა-ჭუპას დროს მე უფრო დავსველდი, ვიდრე ანიტა. ბავშს რომ ვათამაშებდი, გადმომივარდა და ლოყა დაარტყა. ვიდრე ატირებულ ანიტას სახეს დავათვალიერებდი, ჩემი დამემართა. გადავრჩით.

გარეთ რომ გავდიოდით, მამიკო, ხელში ამიყვანეო, მეუბნებოდა. ამ სიმძიმეს ავიყვანდი და მერე წელი მწყდებოდა. 

შვება რომ მეგრძნო, ვეუბნებოდი, ანიტა, აბა, გაიქეცი და მე დაგიჭერ-მეთქი. 50 მეტრს გაირბენდა და მერე ისევ ხელში აყვანას მთხოვდა. ჩემი ნომერი დიდად არ ჭრიდა.

ღამით და დილით ტელეფონს ხელს არ უშვებდა, რომ საბავშვო ვიდეოები ენახა.

ჩამთვლემდა თუ არა, მაღვიძებდა, მამიკო, საწოვარა მინდა, წყალი მინდა და ასე შემდეგ. სხეულის ყველა ნაწილი დაძაბული მქონდა, რომ რაფაზე არ ამძვრალიყო, შტეფსელში თითი არ შეეყო, ძილში გადასაფარებელი თავზე არ წამოეხურა და გაგუდულიყო, საწოლიდან ან რომელიმე გასართობიდან არ გადმოვარდნილიყო.

თურმე, დედები რამდენს აკეთებენ, რამდენს უძლებენ, რამდენად არიან გაჭრილები, ბავშვის აღზრდაში როგორ სჭირდებათ გვერდით დგომა.

და როცა მამაც ჩართულია ბავშვის აღზრდაში, შვილს ის ისევე უყვარდება და ეძვირფასება, როგორც დედა. 

დედები არიან გმირები."

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვებო, ხვდებით ხომ, რატომ არ უნდა აგვიშალოთ ნერვები და რა შემწყნარებლური უნდა იყოთ მშობლების მიმართ?“ - ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე

„ბავშვებო, ხვდებით ხომ, რატომ არ უნდა აგვიშალოთ ნერვები და რა შემწყნარებლური უნდა იყოთ მშობლების მიმართ?“ - ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს და მისი თაობის ბავშვების მთავარი გასართობის, შამანობის შესახებ საუბრობს. ნათია ფანჯიკიძის თქმით, სულების გამოძახება მის თანატოლებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა:

„ორშაბათია და შევაჯამოთ ახლა, კვირის შედეგები, - მაშასადამე, ამის ქვედა სტატუსიდან ირკვევა, რომ ჩემი თაობის ქართველი ბავშვების უმრავლესობა ერთობოდა შამანობით. ყველაზე ხშირად გამოძახებული სულები : თამარ მეფე და სტალინი. ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა: გათხოვება და გამოცდების შედეგები. სულ თამარ მეფის და სტალინის რეკომენდაციითაა დაოჯახებული და უმაღლესდამთავრებული თქვენი მშობლების თაობა ბავშვებო, ხვდებით, ხო, რატომ არ უნდა აგვიშალოთ ნერვები და რა შემწყნარებლური უნდა იყოთ მშობლების მიმართ? ესენი გიშლიან თქვენ კომპიუტერულ თამაშებს? მე კიდევ, ქორწინება საჭირო არაა, ავკრძალოთ-მეთქი, ერთხელ რომ ვთქვი და გამძუყნეს, ფატები და ყანწები დამიშინეს და ბრბო შემოტეხვას ლამობდა კარების, რა კარგად ვარ გადარჩენილი, დიდება და მადლობა უფალს. ასეა, გამოკვლევას რომ დააკლებ საკითხს და პირდაპირ რეფორმას შესთავაზებ მოსახლეობას, კიდევაც გაილახები.”

ნათია ფანჯიკიძის აღნიშნული პოსტი ფსიქოლოგის მიერ გამოქვეყნებული ერთ-ერთი პოსტის კომენტარებით არის შთაგონებული. ნათია ფანჯიკიძე მეგობრებს ბავშვური გართობის შესახებ უსვამდა კითხვას და მათგან გულწრფელ პასუხებს ითხოვდა:

„ბავშვობაში თეფშებს რომ ვატრიალებდით, ახლა მაინც თქვით, რომელი მიახრიგინებდით თქვენ ჭკუაზე? რამდენჯერაც არ უნდა ვიკითხო, ყველა უარზეა და შემდეგ შეკითხვას ვერ ვსვამ, - უკეთეს პასუხებს რატომ ვერ იგონებდით?“

ფსიქოლოგის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ადამიანების უმეტესობა გულახდილად აღიარებდა, რომ ბავშვობაში სულების გამოძახებით ერთობოდა.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად