Baby Bag

„თურმე, დედები რამდენს აკეთებენ, რამდენს უძლებენ, რამდენად არიან გაჭრილები...“

„თურმე, დედები რამდენს აკეთებენ, რამდენს უძლებენ, რამდენად არიან გაჭრილები...“

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი დედების ამაგთან დაკავშირებით საუბრობს და მათ გმირებს უწოდებს. გთავაზობთ ფოტოგრაფის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„ორი დღე ბავშვი მარტო მყავდა. მამიკო, მამიკო, ჭუპა-ჭუპა მინდა, მამიკო, მშია, მამიკო გარეთ მინდა, მამიკო ბატუტზე მინდა და კიდევ რამდენი რამ უნდოდა. 

​​
მეორე ოთახში რომ გავედი და იატაკზე უამრავი სათამაშო დამხვდა მიმოფანტული, გული გამისკდა, ამას რა აალაგებს-მეთქი.

ქვაბიდან საჭმელი ისე გადმოვიდა, ვერ გავიგე, ასე მალე როგორ გაცხელდა. ჭუპა-ჭუპას დროს მე უფრო დავსველდი, ვიდრე ანიტა. ბავშს რომ ვათამაშებდი, გადმომივარდა და ლოყა დაარტყა. ვიდრე ატირებულ ანიტას სახეს დავათვალიერებდი, ჩემი დამემართა. გადავრჩით.

გარეთ რომ გავდიოდით, მამიკო, ხელში ამიყვანეო, მეუბნებოდა. ამ სიმძიმეს ავიყვანდი და მერე წელი მწყდებოდა. 

შვება რომ მეგრძნო, ვეუბნებოდი, ანიტა, აბა, გაიქეცი და მე დაგიჭერ-მეთქი. 50 მეტრს გაირბენდა და მერე ისევ ხელში აყვანას მთხოვდა. ჩემი ნომერი დიდად არ ჭრიდა.

ღამით და დილით ტელეფონს ხელს არ უშვებდა, რომ საბავშვო ვიდეოები ენახა.

ჩამთვლემდა თუ არა, მაღვიძებდა, მამიკო, საწოვარა მინდა, წყალი მინდა და ასე შემდეგ. სხეულის ყველა ნაწილი დაძაბული მქონდა, რომ რაფაზე არ ამძვრალიყო, შტეფსელში თითი არ შეეყო, ძილში გადასაფარებელი თავზე არ წამოეხურა და გაგუდულიყო, საწოლიდან ან რომელიმე გასართობიდან არ გადმოვარდნილიყო.

თურმე, დედები რამდენს აკეთებენ, რამდენს უძლებენ, რამდენად არიან გაჭრილები, ბავშვის აღზრდაში როგორ სჭირდებათ გვერდით დგომა.

და როცა მამაც ჩართულია ბავშვის აღზრდაში, შვილს ის ისევე უყვარდება და ეძვირფასება, როგორც დედა. 

დედები არიან გმირები."

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი

შეიძლება დაინტერესდეთ

„მამა შეიძლება გოგოს საერთოდ არ ზრდიდეს... მას მიაჩნია, რომ გოგო დედის მისახედია,“- ფსიქოლოგი ელენე ჯაფარიძე

„მამა შეიძლება გოგოს საერთოდ არ ზრდიდეს... მას მიაჩნია, რომ გოგო დედის მისახედია,“- ფსიქოლოგი ელენე ჯაფარიძე

ფსიქოლოგმა ელენე ჯაფარიძემ მამების შვილებთან სქესის მიხედვით შერჩევითი ურთიერთობა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მამები გოგონების აღზრდაში ნაკლებად მონაწილეობენ:

„შერჩევითია, რომ ბიჭებს ვასწავლით ერთს და გოგონებს ვასწავლით - მეორეს. მამაა ხოლმე წამყვანი, რომ ბიჭს ზრდის ვაჟკაცად, გოგოს შეიძლება საერთოდ არ ზრდიდეს. მას მიაჩნია, რომ გოგო დედის მისახედია.“

ელენე ჯაფარიძის თქმით, ​მამები ბიჭებს მეტ აქტივობაში რთავენ, ვიდრე გოგონებს:

„ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაღუპულების პროცენტული მაჩვენებელი მოდის ქალებზე. ამის მიზეზი არის ის, რომ ქალები ბავშვობაში სპორტულ ღონისძიებებს მიღმა არიან დარჩენილი. კაცი გადარჩა იმიტომ, რომ მამამ ბავშვობაში ასწავლა ცურვა, გოგოს არ ასწავლა.“

„ბავშვი თავისი სქესიდან გამომდინარე ფიზიკური აქტივობის მიღმა რჩება. მამა თვლის, რომ მან ეს არ უნდა გააკეთოს. ოჯახი, რომელიც იქმნება და იქ ბავშვი ჩნდება, იმაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომ ორივე სქესის ბავშვს ორივე სქესის მშობელმა მისცეს ყველაფერი, რაც მას შეუძლია. ბიოლოგიურად ბავშვი ვინ გააჩინა არის მეორეხარისხოვანი. მამაკაცებს მიაჩნიათ, რომ რაღაც პერიოდის მერე უნდა ჩაერთონ აღზრდაში. იმასაც ვაღიარებთ, რომ დიდწილად ჩვენი ბრალიც არის, რომ მამაკაცები ჩართულები არ არიან. ქალები ვამყარებთ პატრიარქატს საქართველოში,“- აღნიშნულ საკითხზე ელენე ჯაფარიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად