„ჩვენ სხვანაირი ბავშვობა გვქონდა. სხვისას არ ჰგავდა. არც გამხმარ პურს ვჭამდით და არც შოკოლადის კარაქიანს. არ იყო ეს უკიდურესი სიღარიბე და რა გასაკვირია, რომ არც სიმდიდრე არ იყო. არც მწუხარება და არც სიხარული. არც ტყვეობა და არც თავისუფლება. სადღაც შუაში გაჩხერილები ვიდექით მამიდაშვილების გამონაცვალი შარვლებით, შარვლებში ნაკლეიკებით და რუმინეთიდან, ბიცოლაჩვენის ჩამოტანილ რეზინებს ვღეჭავდით. და ვბერავდით. მაგრამ, ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ამოვარდნა გვეგულობოდა იმ დროს - საზაფხულო არდადეგები. განა რამე იცვლებოდა კალენდარში რიცხვების გარდა. იგივე ხიდი იდგა და მდინარეში იგივე ხიდიდან ვხტებოდით. იგივე მდინარე ჩამოდიოდა. იგივე ღობეები და იგივე ლოგინები და იგივე სიზმრები. და წვიმის ხმა ოჭვათოში - ძალიან იგივე. მაგრამ ზაფხულის არდადეგებს მაინც საგანგებო სუნთქვით ვხვდებოდით, რადგან ეს შეუმჩნეველი ოცნება იყო ნამდვილ არდადეგებზე. მოგზაურობებით და თავგადასავლებით სავსე არდადეგებზე. სიახლეებით და გაკვირვებით სავსე არდადეგებზე. და გვიხაროდა, რადგან ვიცოდით ან უფრო ზუსტად: ვგრძნობდით, რომ ზაფხულის არდადეგები გულისხმობდა სხვა ამბებს, რომელიც შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ ვერასოდეს მომხდებოდა. ამ უცხო ტვირთით მოვედით ჩვენ. სხვა ვერ გაიგებს ამ სიმძიმეს და სიმსუბუქეს. გაუგებარ სიხარულს. შეიძლება ბოლომდე ჩვენც ვერ გავიგოთ ჩვენი ნელ-თბილი ბავშვობა, დიდი ამოვარდნით, დიდი სიცხით - საზაფხულო არდადეგებით.“
გიორგი კეკელიძე