Baby Bag

„ჩვენ სხვანაირი ბავშვობა გვქონდა, სხვისას არ ჰგავდა“ - გიორგი კეკელიძე საზაფხულო არდადეგებზე

„ჩვენ სხვანაირი ბავშვობა გვქონდა, სხვისას არ ჰგავდა“ - გიორგი კეკელიძე საზაფხულო არდადეგებზე
„ჩვენ სხვანაირი ბავშვობა გვქონდა. სხვისას არ ჰგავდა. არც გამხმარ პურს ვჭამდით და არც შოკოლადის კარაქიანს. არ იყო ეს უკიდურესი სიღარიბე და რა გასაკვირია, რომ არც სიმდიდრე არ იყო. არც მწუხარება და არც სიხარული. არც ტყვეობა და არც თავისუფლება. სადღაც შუაში გაჩხერილები ვიდექით მამიდაშვილების გამონაცვალი შარვლებით, შარვლებში ნაკლეიკებით და რუმინეთიდან, ბიცოლაჩვენის ჩამოტანილ რეზინებს ვღეჭავდით. და ვბერავდით. მაგრამ, ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ამოვარდნა გვეგულობოდა იმ დროს - საზაფხულო არდადეგები. განა რამე იცვლებოდა კალენდარში რიცხვების გარდა. იგივე ხიდი იდგა და მდინარეში იგივე ხიდიდან ვხტებოდით. იგივე მდინარე ჩამოდიოდა. იგივე ღობეები და იგივე ლოგინები და იგივე სიზმრები. და წვიმის ხმა ოჭვათოში - ძალიან იგივე. მაგრამ ზაფხულის არდადეგებს მაინც საგანგებო სუნთქვით ვხვდებოდით, რადგან ეს შეუმჩნეველი ოცნება იყო ნამდვილ არდადეგებზე. მოგზაურობებით და თავგადასავლებით სავსე არდადეგებზე. სიახლეებით და გაკვირვებით სავსე არდადეგებზე. და გვიხაროდა, რადგან ვიცოდით ან უფრო ზუსტად: ვგრძნობდით, რომ ზაფხულის არდადეგები გულისხმობდა სხვა ამბებს, რომელიც შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ ვერასოდეს მომხდებოდა. ამ უცხო ტვირთით მოვედით ჩვენ. სხვა ვერ გაიგებს ამ სიმძიმეს და სიმსუბუქეს. გაუგებარ სიხარულს. შეიძლება ბოლომდე ჩვენც ვერ გავიგოთ ჩვენი ნელ-თბილი ბავშვობა, დიდი ამოვარდნით, დიდი სიცხით - საზაფხულო არდადეგებით.“

გიორგი კეკელიძე

შეიძლება დაინტერესდეთ

„მეამაყება მამა“ - ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი

„მეამაყება მამა“ - ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი ირინა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში მამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გთავაზობთ მის ჩანაწერს:

მეგობრებო, შევეცდები სიახლეები გაგაგებინოთ. გუშინ ვიყავით ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახში, რომელიც ორი დღის წინ გაათავისუფლეს.

სამწუხაროდ, ცხინვალის ციხიდან ოფიციალური ინფორმაციის მიღება ფაქტიურად შეუძლებელია გვიწევს ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა მეთოდით. გათავისუფლებულებმა გვითხრეს, რომ ფიზიკურად კარგად ექცევიან, რა თქმა უნდა, პირობები ძალიან რთულია სადაც ყავდათ იზოლატორში.
მამა ნამდვილად არ აწერს ხელს იმ დოკუმენტს, რომ კანონი დაარღვია და „საზღვარი” გადაკვეთა, ამიტომაც არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული საზღვრის განზრახ გადაკვეთის მუხლზე.
მთავრობიდან მაქსიმალურად ყველა ჩართულია და ცდილობენ, სწრაფად მოგვარდეს ყველაფერი. ჩართულია ასევე საერთაშორისო წითელი ჯვარი, რომელიც ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელსაც შეუძლია ცხინვალის ტერიტორიაზე ოფიციალურად შევიდეს და დაკავებული პირადად მოინახულოს. ამ ორგანიზაციიდან ველოდებით სიახლეებს, მაგრამ რამდენიმე დღეა ვერ მოახერხეს შესვლა და ვაჟას მონახულება.
ახლა გვინდა, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მივაწვდინოთ ხმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებას, წითელი ჯვრის მთავარ ოფისს ჟენევაში.
გამოვიწვიოთ მაქსიმალური საერთაშორისო ჩართულობა, რომ როგორღაც სწრაფად დასრულდეს ეს ამბავი.

ძალიან დიდი მადლობა ყველას, უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობთ თქვენგან, მიხარია და მეამაყებით.
მეამაყება მამა!!“ - წერს ირინა გაფრინდაშვილი.

წაიკითხეთ სრულად