„დღეს ობჩადან გომის მთას ვეწვიე - ღრუბლებზე რომ ფეხით დადიხარ, იმ ადგილს. მაგრამ ამაზე არ მინდა მოგიყვეთ ახლა და თუ მაინცდამაინც - წინა პოსტშია ჩემი ნაწვალევი ფოტოები.
სხვა რამეზე მინდა მოგიყვეთ - საშინელი ნისლი იყო უკანა გზაზე, ზოზინით მოვდიოდი. უცებ წელში მოხრილი ადამიანი შევნიშნე, დიდი შეკვრა ბალახი მოეგდო. დავაკვირდი, დავაკვირდი და 13-14 წლის გოგონა. ჩამოვედი და ვკითხე. ძალიან ხალისიანი იყო, ამაყი. დაქირავებული ვარო. მე და ჩემი მეგობრებიო. და ქვევით, თითქმის უფსკრულში გადამახედა, ორი პატარა ბიჭი ბალახებს გლეჯდა.
ცოტა ქვევით, გზაზე, 16 წლის ბიჭის ამბავი შევიტყვე, მშენებლობაზე დაღუპული ბიჭის.
მე მგონია, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევა ეს ბავშვებია, სიკვდილის პირას „მოთამაშე“ ბავშვები, ბავშვობაგამოტოვებულები - ჩვენი უნიათობის და დაუკვირვებლობის გამო.
ამაზეც უნდა ავტეხოთ დიდი და აუცილებელი განგაში! მე მთელი გზა ვფიქრობ და მაქვს გეგმა პატარა გოგონასთვის. მაგრამ ეს რას უშველის სხვა დანარჩენ ბავშვს? მათ ვინც მთელ ზაფხულს ხელებდაგლეჯილი გაატარებს ან უკვე ცალი ფეხით შენობიდან არის გადაკიდული და ხვალ ,,ვაი-ვუის" თუ შევაწევთ. დრო დადგა ხმამაღლა ამაზე ფიქრის!“
აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში მწერალი გიორგი კეკელიძე აქვეყნებს.