„რეპეტიციიდან გამოვდიოდი, შევიდიოდი კაზინოში, კაზინოდან გამოვდიოდი, შევიდოდი რეპეტიციაზე... ეს გრძელდებოდა 5 წელი. მადლობა ღმერთს, ტვინი მეყო და ისეთი თანხა არ წამიგია, რომ დავღუპულიყავით მეც და ჩემი ოჯახიც.
თამაშის დროს კარგავ ჯანმრთელობას, დროს, ნერვებს, ფულზე აღარც არის ლაპარაკი... იქ ცხოვრებას კარგავ... საათი არსად არ არის, დღეა-ღამეა ვერ გაიგებ, გაზომბებული თამაშობ, იმისთვის კი არა, რომ ფული მოიგო, იმისთვის, რომ კიდევ უფრო დიდხანს ითამაშო...
ახალ თაობას მთელი გულით ვთხოვ, არ გეგონოთ რომ თქვენ ეს არ დაგემართებათ, მეც მეგონა, რომ ერთხელ გავაკეთებდი, მაგრამ... ლასვეგასში როგორ არ უნდა ითამაშო?! ლიფტშიც და ტუალეტშიც სათამაშო აპარატებია, რომ ერთი წამი არ მოცდე. ლასვეგასიდან გამომყვა აქაც თამაშის მიმართ დამოკიდებულება. იქ 20 კაპიკით მოვიგე 1500 დოლარი. ვიფიქრე, რა მაგარი ვარ. როგორც ამას გაიაზრებ, რომ მაგარი ხარ, ეგრევე ცუდად არის შენი საქმე.
დღემდე ლომბარდშია მთელი ჩემი ოქროულობა და ბრილიანტები, რასაც ბებია და დედა მიგროვებდნენ... გამქონდა და შემომქონდა, გამქონდა და შემომქონდა... მე მიშველა ღმერთმა, ეკლესიამ, სხვა გამოსავალი არ არის.
9 თვის ფეხმძიმე ვიყავი მეორე შვილზე, მირიანზე. სახლში მივედი, აბაზანაში შევედი და მივხვდი, რომ მეწყება მშობიარობა. გავვარდით სამშობიაროში, ორ საათში ვიმშობიარე და ცოტა ხანში მირეკავენ კაზინოს მეგობარი გოგონები: თეა, დღეს რომელზე მოხვალო. ვუთხარი, დღეს ბიჭი გავაჩინე, ვერ მოვალ-მეთქი. წარმოიდგინეთ, 9 თვე ისინი ყველა მონაწილე იყვნენ, როგორ მეზრდებოდა შვილი მუცელში, 9 თვე ორსული ვთამაშობდი კაზინოში... ნორმალური ვიყავი მე?! მახსოვს მიწისძვრა მოხდა, კედელი გაიხსნა კაზინოსი, „ლუსტრა“ ჩამოვარდა დოლურაზე, ყველა გარბოდა, მე კი მოგებული „ფიშკებით“ ვიჯექი მაგიდასთან და არ ვიძროდი.
ჩემმა ქმარმა, გუჯამ იმდენი გადაიტანა მაგ დროს, მამაომ უთხრა - სასუფეველში გზა ხსნილი გაქვს, შეგიძლია, დილა-საღამოს ლოცვებიც აღარ იკითხოო...
ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ ბავშვები მისმენენ, თან ჩემი მოსწავლეა ნახევარი საქართველო და ზუსტად იციან, რომ არ ვატყუებ არც ერთ სიტყვას. თუ დრო გაქვთ დასაკარგი ჯანმრთელობა, დასაკარგი ცხოვრება, დასაკარგი ფულიც კი ბატონო... თამაშში რომ ვინმე რამეს იგებდეს...“