Baby Bag

„მოგზაურობა ბავშვთან ერთად“ - ცნობილი ბლოგერი ოჯახთან ერთად მოგზაურობაზე

„მოგზაურობა ბავშვთან ერთად“ - ცნობილი ბლოგერი ოჯახთან ერთად მოგზაურობაზე

ცნობილი ბლოგერი ოჯახთან ერთად მოგზაურობაზე თავის ფეისბუქის ლაიქ გვერდზე წერს. გთავაზობთ მის ჩანაწერს სიტყვა-სიტყვით: 

„მოგზაურობა ბავშვთან ერთად 👪

ალბათ ბევრს გაინტერესებთ რამდენად მარტივია ბავშვთან (ბავშვებთან) ერთად მოგზაურობა და რა სირთულეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, ახლავე გიამბობთ ჩემს 10 დღიან მოგზაურობაზე ოჯახთან ერთად

ერთ მშვენიერ დღეს ვიზზეარის აპლიკაციაში ფასებს ვათვალიერებდი სხვადასხვა მიმართულებებზე ( ჩვევად მაქვს )) ათენის ფასმა ძლიან მომხიბლა, გადავწყვიტე ოჯახური თრიფი მოგვეწყო საბერძნეთში, რადგან ათენიდან ბევრ ულამაზეს კუნძულზე შეიძლება მარტივად მოხვედრა

ჩავლაგდით და მანქანით დავაწექით ქუთაისისკენ, ჩემი დანიელი 4 წლისაა და გიჟდება ისე მოსწონს როცა სადღაც მივდივართ, უკვე მოასწრო და ამ 4 წელში 8 ქვეყანაში იმოგზაურა))

მივედით ქუთაისში ისე რომ ბავშვი არ დაღლილა საერთოდ, რადგან იცოდა აეროპორტში მივდიოდით და მთელი გზა ისეთი აჟიტირებული და გახარებული იყო დაღლისთვის არ ეცალა. მივუახლოვდით თუ არა ქუთაისის აეროპორტს, ვიზზის თვითმფრინავს მოკრა თვალი, მაგრად მოსწონს ვიზზეარის ბრენდირება, ანუ ის ყველასთვის ნაცნობი დასამახსოვრებელი ფერები, რაც მისთვის ფრენასთან და მოგზაურობასთან ასოცირდება

გავიარეთ რეგისტრაცია, ბორდინგი, წააგორიალა თავის პატარა ჩანთა და ჩავსხედით, ჩვენი ბორტგამცილებლები ღიმილით დაგვხვდნენ და დანიელს კარგი ფრენა უსურვეს, ამასაც ძაან უხაროდა ქართულად რომ ელაპარაკებოდნენ, 2 საათზე ოდნავ მეტი და ათენში დავფრინდით, ამ ხნის განმავლობაში დანიელს გემრიელად ეძინა, ზოგადად ფრენისას ბავშვებს მარტივად ეძინებათ, თუ ბავშვი შედარებით პატარაა 1-2 წლის და არ იძინებს, გირჩევთ აიპადზე ან მობილურში ჩაუწეროთ მულტფილმები და აყურებინოთ, მე ეგრე ვაკეთებდი ხოლმე, როცა ბევრად პატარა იყო და არასდროს გვქონია პრობლემა 4-5 საათიან ფრენაზეც კი, ახლა უკვე იცის რომ თვითმფრინავში თუ დაიძინებს მალე ჩავალთ, ხოდა ასვლისთანავე ცდილობს დაძინებას))

ათენში ერთი დღე გავჩერდით და მეორე დღეს დილით უკვე მეორე ფრენა გვქონდა კუნძულ მიკონოსისკენ, დილით 7ზე გავაღვიძე დანიელი, მამა ადე უნდა გავფრინდეთ ისევ მეთქი და წამოხტა ეგრევე სიხარულით😁❤️

მიკონოსზე ერთი ღამით გავჩერდით და მეორე დღეს გემით წავედით კუნძულ კრეტაზე, გემით ვიმგზავრეთ 5 საათი და აქაც არ შევუწუხებივართ ბავშვს, ხან ეძინა, ხან თამაშობდა თავისთვის რაღაცას, მე უფრო შევწუხდი გემზე ვიდრე ის)) იცოდა კრეტაზე რომ ჩავიდოდით, იცურავებდა ზღვაში და ამიტომ არ იღლებოდა მგზავრობით, მიზანი ქონდა და მისკენ მიიწევდა შემართებით

ასე რომ ვინც ბავშვის გამო იკავებთ თავს და არ მიდიხართ სამოგზაუროდ სულ ტყუილად, თან თუ ორნი ან სამნი არიან ხო მითუმეტეს, ერთად მაგრად გაერთობიან.“

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მოვიქცეთ, როდესაც ბავშვი სახლში რაღაცას გააფუჭებს? - ფსიქოლოგი ცირა ბარქაია

ფსიქოლოგმა ცირა ბარქაიამ ბავშვის მიერ რაიმე ნივთის დაზიანების შემთხვევაში მასთან კომუნიკაციის სწორ მეთოდებზე ისაუბრა:

„ბავშვმა რაღაც გააფუჭა, „შემოეფუჭა,“ ის ამასთან დაკავშირებით იღებს ძალიან უარყოფით რეაქციებს. ადრეული ასაკის ბავშვებში, ჩვენი ერთი შეფასებით შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ბავშვმა დაამტვრია ან გატეხა სათამაშო, შეიძლება გამოვართვათ, ვთქვათ: „შენ არაფრის ღირსი არ ხარ, მოგიტანე და გააფუჭე.“ სინამდვილეში, როდესაც ბავშვი რაღაცის აღმოჩენას აკეთებს, თვალიერების პროცესში შეიძლება დაინტერესდეს, როგორია ეს ნივთი შიგნიდან და ამ ჩხირკედელაობაში გაფუჭდეს ეს ნივთი. ეს მნიშვნელოვანია ადრეული ასაკის ბავშვებისთვის. ამით ისინი სწავლობენ და ვითარდებიან.

შესაძლოა, ბავშვმა დააზიანოს ისეთი ნივთი, რომელიც მშობლისთვის არის ღირებული. რატომ გატეხე ნივთი? რა პასუხი უნდა მიიღონ ამ დროს ორი წლის ბავშვისგან ან სამი წლის ბავშვისგან? მოდი, ასე შევხედოთ: რა არის უფრო მნიშვნელოვანი? ის პიროვნება, რომელიც ჩვენ წინ დგას თუ ნივთი, რომელიც ღირებული იყო, მაგრამ ნივთი იყო?! თუ ბავშვს შემთხვევით გაუტყდა ჭიქა და გაოგნებული, შეშფოთებული სახით იყურება, მნიშვნელოვანია, ვუთხრათ: „არაუშავს, ვიცი, რომ შემთხვევით გაგიტყდა, მეც დამმართნია. მოდი, მომეხმარე.“ უსაფრთხოების წესების დაცვით, შესაძლებელია, ბავშვის ჩართვა პროცესებში. ბავშვი გრძნობს, რომ მას რაღაც მოუხდა, მაგრამ მშობელი მასთანაა. ის გრძნობს: „ის დისკომფორტი, რაც მე შევქმენი ჭიქის გატეხვით, დავაკომპენსირე იმით, რომ მშობელს დავეხმარე პრობლემის მოგვარებაში.“

მესმის, რომ მშობელს შეიძლება ეწყინოს, გაბრაზდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა ემოციურად დაცული და უსაფრთხო უკუკავშირი მიიღოს. ეს არ იყოს გალანძღვა, დადანაშაულება. ბავშვს გავუზიაროთ ჩვენი ემოციები, ვუთხრათ: „მე მეწყინა, რომ ეს ჭიქა გატყდა. არაუშავს, ხდება ხოლმე, მაგრამ შემდეგისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფრო ფრთხილად იყო. მე მითხარი, რა ნივთი დაგაინტერესებს და მე შენ ამ ნივთს აუცილებლად მოგცემ!“ ბავშვი ასეთ სიტუაციებში ემოციურად დაცულად უნდა გრძნობდეს თავს და არ უნდა იყოს დასჯის, განკითხვისა და გაკიცხვის ობიექტი,“ - მოცემულ საკითხზე ცირა ბარქაიამ საქართველოს პირველ არხზე „ტელესკოლის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„ტელესკოლა“

წაიკითხეთ სრულად