Baby Bag

„არ დაიზაროთ შვილებთან ურთიერთობა....“

„არ დაიზაროთ შვილებთან ურთიერთობა....“
„არ დაიზაროთ შვილებთან ურთიერთობა, როგორი დაღლილებიც არ უნდა იყოთ! ბევრი ესაუბრეთ, იკითხეთ, ასწავლეთ დებატის კულტურა, მიეცით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება და გაანალიზეთ მასთან ერთად! იკითხეთ მისი პროტესტის და გაბრაზების მიზეზი მშვიდად! მოუყევით დადებითი ეპიზოდები თქვენი ცხოვრებიდან, ასწავლეთ ადამიანობა დადებითი მხარეებით, კაცთმოყვარეობა,  კომპრომისი! ხშირად ესაუბრეთ ცხოვრების ჯანსაღ წესზე, ფიზიკური აქტივობის დადებით მხარეზე, ასწავლეთ მადლობის გადახდა და ბოდიშის მოხდა, უფროსებთან ურთიერთობის კულტურა, არ დასცინოთ არავის მათი თანდასწრებით, არ მოატყუოთ, რასაც შეპირდებით შეუსრულეთ! ნუ აღიქვამთ ცელქ ბავშვს პათოლოგიურად და ნუ ტვირთავთ შენიშვნებით, ნუ გიკვირთ, ჰკითხეთ თქვენს მშობლებს როგორები იყავით ბავშვობაში, თქვენი ბავშვი რა თქმა უნდა თქვენ დაგემსგავსსებათ! დღეს სკოლებში სასწავლო პროცესი ძალიან დამღლელია, ამიტომ ახალ დაბრუნებულებს ნუ დააძალებთ კვლავ წიგნებს მიუჯდნენ, დაუტოვეთ ბავშვობის უფლება!!! განსაკუთრებით 12 წლამდე შეეცადოთ, რომ ბავშვმა ტვინი შეივსოს პოზიტიური ფაილებით, რადგან ამ პერიოდამდე მშობელი ოქროს სტანდარტია მისთვის, 12 წლის შემდგ ღირებულებების გადაფასება იწყება, უფრო მეტს ფიქრობენ და თქვენი ქცევის და ყოფის კრიტიკასაც იწყებენ!!! ერთს გთხოვთ, ყველაფერი აკეთეთ ძალადობის გარეშე და გახსოვდეთ, რომ შვილი, რომელიც თქვენი მეშვეობით მოევლინა სამყაროს თქვენს საკუთრებას არ წარმოადგენს!!! ყველა ბავშვი დაბადებისთანავე პიროვნებაა!!! პატარა ადამიანი!!! მე მიყვარს ეს ადამიანები, მინდა, რომ ჯანმრთელები, ბედნიერები იყვნენ, მიიღონ სასურველი, მაღალი დონის განათლება, იცხოვრონ მოწესრიგებულ, დალაგებულ, უსაფრთხო ქვეყანაში, სადაც ყოველ ნაბიჯზე დაცული იქნება მათი უფლებები!!! იყვნენ კანონმორჩილნი!!! სუფთა ეკოლოგია, საკვები კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას!!! ამ ყველაფერზე ზრუნვა დაბადებისთანავე იწყება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, ერთად და ცალ-ცალკეც, რომ საღი, გონიერი, ჯანსაღი ფსიქიკის საზოგადოება მივიღოთ!!! მე მხოლოდ ახალგაზრდების, მათი ჯანსაღი მენტალობის იმედი მაქვს და ვეცადოთ, არ მოვსპოთ და არ გავანადგუროთ ჩვენი მზაკვრული გეგმებით! ეს ჩემი მეგობრული რჩევებია, განა მე არ მაქვს შეცდომები დაშვებული როცა ახალგაზრდა მშობელი ვიყავი??? მაქსიმალურად შეეცადეთ გაუფრთხილდეთ პატარა ადამიანებს,“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს, არ ჩაიდონ პირში ხელი, ფოთოლი, ბალახი, რასაც ხშირად აკეთებენ ბუნებაში“ - ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს

„ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს, არ ჩაიდონ პირში ხელი, ფოთოლი, ბალახი, რასაც ხშირად აკეთებენ ბუნებაში“ - ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს ზაფხულში გასათვალისწინებელ რჩევებს აძლევს. გთავაზობთ მის რეკომენდაციებს:

„​ძვირფასო მშობლებო! დადგა ზაფხული და თქვენც გაემგზავრეთ სოფლებში, აგარაკებზე! ხანგრძლივი იზოლაციის შემდეგ ბავშვები გალაღდნენ, ეს ბუნებრივია და ძალიან საჭიროც! მეცნიერები საბოლოოდ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ინფექციების ყველაზე ეფექტური პრევენცია ჰიგიენური ნორმების დაცვაა! ამიტომ:

  • ხშირად დაბანეთ ბავშვებს ხელები, უფრო ხშირად, ვიდრე ადრე აკეთებდით ამას
  • მიაქციეთ ყურადღება, არ ჩაიდონ პირში ხელი, ფოთოლი, ბალახი, რასაც ხშირად აკეთებენ ბუნებაში
  • კარგად გარეცხილი ხილი, ბოსტნეული და განსაკუთრებით მწვანილი, 30 წუთით მაინც ამყოფეთ გამდინარე წყალში
  • ასვით ბევრი წყალი, მაგრამ რეგიონებში ცენტრალური წყალგაყვანილობის და ზოგადად წყლის პრობლემის გამო, ჯობია, შესთავაზოთ ნაყიდი წყალი ან გადადუღებული და გაგრილებული
  • ძალიან მომრავლდა მწერები, ამიტომ ძილის წინ მაინც ყურადღებით დაუთვალიერეთ სხეული, რომ არ გამოგეპაროთ კანზე მიმჯდარი ტკიპა
  • გუბეებთან საღამო ხანს ბევრია მოსკიტი, რომლებიც სხვადასხვა დაავადების გადამტანები არიან, ამიტომ გუბეებთან ნუ ითამაშებენ
  • ზოგადად ჯობია, ჩააცვათ თხელი გრძელმკლავიანი და გრძელტოტიანი სამოსი
  • ნუ გაიყვანთ თაკარა მზის პერიოდში, თუმცა მზის პირდაპირი სხივი სასურველია, მოხვდეთ დილით 9 საათიდან 11-მდე და საღამოს 17 საათიდან 19-მდე, თუ გიწევთ აუცილებლობის გამო მზეზე გასვლა, ჩააცვით ღია ფერის ტანსაცმელი, დაუტენიანეთ ხილული კანი მზისგან დამცავი კრემით SPF 30-50 და თავზე დაახურთ კეპი
  • მარკეტებში პერიოდულად მაცივრებს რთავენ, ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით (ზუსტად ვიცი) ამიტომ ფრთხილად შეიძინეთ მალფუჭებადი პროდუქტები, ყურადღება მიაქციეთ მითითებულ ვადებს, პურზეც აუცილებლად, კოლოფების მთლიანობას, ნუ იყიდით კრემიან ნამცხვრებს
  • ზაფხულში ხშირია დიარეა, ღებინება, რაც შეიძლება კვებითმა ინტოქსიკაციამ გამოიწვიოს, შეიძლება მოხდეს ტემპერატურული რეაქციების თანხვედრაც ამ სიმპტომებთან, რისი მიზეზიც ნაწლავური ვირუსები ან ბაქტერიები შეიძლება იყოს, ასეთ შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ კლინიკას. ბავშვს შეიძლება, ალერგიული რეაქციები განუვითარდეს. ამ სეზონზე განსაკუთრებით ხშირია ცემინება, ხველა, კანზე გამონაყარი, შეშუპება, შეწითლება (მწერის ნაკბენზე) აუცილებელია, დიფერენცირება ექიმმა მოახდინოს. ამიტომ იქონიეთ კონტაქტი თქვენს პედიატრთან! 


​ეს ყველაფერი თქვენთვის კარგად ცნობილია, მაგრამ შეხსენება, მერწმუნეთ, არ გვაწყენს! ჯანმრთელი, ბედნიერი და მშვიდობიანი ზაფხული თქვენ და თქვენს პატარებს,“ - წერს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი.

წაიკითხეთ სრულად