Baby Bag

დიმიტრი უზნაძის მიდგომები თამაშსა და სწავლაზე

დიმიტრი უზნაძის მიდგომები თამაშსა და სწავლაზე

ცნობილი ქართველი ფსიქოლოგი დ. უზნაძე (1886-1950წ.წ.) თავისი თეორიის ფარგლებში აშუქებს ბავშვის თამაშისა და სწავლის ფსიქოლოგიურ ბუნებას და ფუნქციას. 

უზნაძის აზრით, ყველა ცოცხალი ორგანიზმის ბუნებრივ მდგომარეობას მოძრაობა, აქტიურობა შეადგენს. არ არის აუცილებელი, რომ ცოცხალი ორგანიზმის ასამოქმედებლად მასზე რაიმე გამღიზიანებელი ზემოქმედებდეს.  

ცოცხალი ორგანიზმის ბუნებრივი თავისებურებაა მასში არსებული ძალების მოქმედება, აქტივობა. ამ თავისებურებას უზნაძე ფუნქციონალურ ტენდენციას უწოდებს. 

დ. უზნაძის თეორიის თანახმად, თამაშის ძირითად არსს ბავშვის შესაძლებლობათა აქტივაცია წარმოადგენს.  

კერძოდ, ბავშვი არა მხოლოდ იმ ძალებითაა აღჭურვილი, რომლებიც ბიოლოგიურად მნიშვნელოვანია მისი განვითარების ამ ეტაპზე, არამედ იმ ძალებითაც, რომლებიც მან მემკვიდრეობით მიიღო და რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება განვითარების შემდგომ ეტაპებზე.
ბიოლოგიურად აუცილებელი ფუნქციები მის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების იმპულსით მოქმედებს, ხოლო ძალების მეორე ჯგუფი მოქმედებს ფუნქციონალური ტენდენციის საფუძველზე. 

თამაში სწორედ ამ ძალთა მოქმედების გამოვლინებაა. მნიშვნელოვანია, რომ თამაშის საშუალებით ხდება იმ ძალების და შესაძლებლობების განვითარება, რომელიც შემდგომში სერიოზული საქმიანობის განხორციელების საფუძველი ხდება.  

სასკოლო ასაკში, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ცხოვრებაში სწავლა დიდ ადგილს იკავებს, არანაკლები დრო ეთმობა თამაშს, განსაკუთრებით კი ფიზიკურ თამაშებს. ამასთან, სკოლის ასაკის ბავშვების თამაში სპეციფიკურ სახეს იძენს.  

ბავშვი მარტო აღარ თამაშობს. მას აუცილებლად ჰყავს პარტნიორი და, ამასთან, მისი თამაში მიზანდასახული ქცევების ფორმად იქცევა, რომელიც საკუთარი ძალების გამოცდის, თანატოლებთან შეჯიბრის ხასიათს იძენს.  

მიუხედავად იმისა, რომ ამ ქცევითაც არანაირი პროდუქტი არ იქმნება, მისი მიზანი თვითგანვითარება, საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების გამოცდაა.  

სწორედ ამიტომ, მოზარდი ზოგჯერ მარტოც მიმართავს საკუთარი მოტორული აპარატის ამოქმედებას. იგი თითქოს თავის თავს ეჯიბრება და ცდილობს სულ უფრო და უფრო დახვეწილი და ძლიერი მოძრაობები შეასრულოს.  

ამგვარად, ამ ასაკში თამაში მოძრაობათა განვითარების, გაუმჯობესებისა და დახვეწის მიზანს ემსახურება და იგი შეჯიბრის პირობებში ხორციელდება, რომელიც გულისხმობს გარკვეული წესებისა და პირობების დაცვას.  

შედეგად, მოზარდი „ფიზიკური თამაშის" გზით გაითავისებს საზოგადოებაში არსებულ, გარკვეულ წესებს და ნორმებს, რაც ეხმარება მას პიროვნებათშორისი ურთიერთობებისა და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარებაში.  

დ. უზნაძის მიხედვით, სწავლა ადრეული ბავშვობიდან იწყება, მაგრამ დასრულებულ შინაარსს სწავლა სკოლის გარემოში იძენს. ამ პერიოდში სწავლა ქცევის ძირითად ფორმად იქცევა. 
სწავლა არა მხოლოდ რაიმე ცოდნის შეძენას გულისხმობს, არამედ შესაძლებლობების შეძენასაც, უნარების განვითარებასაც.  

სწორედ ამიტომ, სწავლის პროცესში არა მხოლოდ კონკრეტული ცოდნის ან ჩვევის დაუფლება ხდება, არამედ მოსწავლის იმ უნარებისა და შესაძლებლობების („ძალების") განვითარებაც, რომლებიც სწავლის პროცესში მონაწილეობენ.  

უფრო მეტიც, უზნაძის აზრით, სწავლაში ძირითადი სწორედ ამ უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაა. თუმცა, თამაშისგან განსხვავებით, სწავლის პროცესში ბავშვის ძალების აქტივაცია უფროსის (მასწავლებლის) მიერ მიწოდებული მასალის საფუძველზე ხორციელდება და, ამ მხრივ, სწავლა ქცევის გარდამავალი ფორმაა თამაშსა და შრომას შორის.  

სასკოლო გარემოში სწავლა გარკვეულ სასწავლო მასალასთან ერთად აუცილებლად მასწავლებელსაც გულისხმობს, კერძოდ კი მის მონაწილეობას სწავლის პროცესში. მასწავლებლის ფუნქცია მასალის უბრალოდ მიწოდება და გამოკითხვა კი არ არის, არამედ - სწავლება.  

მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეს, რისთვისაც სასწავლო მასალას მოსწავლის უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით გარდაქმნის და ისე აწოდებს მას. მასალა, ერთი მხრივ, მოსწავლის ცოდნისა და უნარების („ძალთა") აქტუალური დონის შესატყვისი უნდა იყოს, მეორე მხრივ, კი - მისგან გარკვეულწილად დაშორებული, რათა ხელი შეუწყოს განვითარებას.  

მასწავლებლის ფუნქცია სწორედ ამ პირობების რეალიზაციაა: მოსწავლისათვის ახალი მასალის მისაწვდომად გადაცემა, „ახსნა".  

„ახსნა კი უცნობის ნაცნობზე, ახლის ძველზე დაყვანასა და სწორედ ამით ნაცნობისა და ძველის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას ნიშნავს". ამგვარად, მოსწავლის განვითარების პროცესში მასწავლებელი შუამავალია მასალასა და მოსწავლეს (მის „ძალებს") შორის.
 
ახსნის შედეგად მანამდე პრაქტიკულად მოცემული გარკვეული ფაქტი ბავშვისთვის დაკვირვების ობიექტად იქცევა, მისი ცნობიერებისთვის ხდება მისწავდომი. რაიმე ფაქტი, მოვლენა თუ საგანი სწავლის შედეგად ბავშვისთვის არა მხოლოდ პრაქტიკულად მოცემულად არსებობს, არამედ ცნობიერებაშიც ინახება ცნებათა სახით.  

ამრიგად, უზნაძის მიხედვით, სწავლის ძირითადი არსი ახსნაში და ამ გზით, მოვლენათა, ფაქტთა და საგანთა ცნობიერებაში ასახვასა და მოზარდის ცნებითი აზროვნების განვითარებაში მდგომარეობს.

შეიძლება დაინტერესდეთ

ოთხი თვეა მასწავლებლის პროფესიას ვეუფლები და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, ამ სისტემაში კიდევ დიდი ხანი არაფერი შეიცვლება

ოთხი თვეა მასწავლებლის პროფესიას ვეუფლები და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, ამ სისტემაში კიდევ დიდი ხანი არაფერი შეიცვლება

ჩემს ბავშვობაშიც პოპულარული იყო წარწერები. მეც ამომიკაწრავს ჩემი სკოლის ყვითელ მერხზე „მ+გ=შ“. ჯერ ფანქრით უნდა მოგეხაზა სიტყვის შესაბამისი კონტურები, შემდეგ უმელნო კალმით გამოგეკვეთა კარგად თითოეული ასო და სიტყვა და ბოლოს ლურჯი კალმით გაგეფერადებინა პატარა ღრმულები. ამ თანმიმდევრობას მკაცრად იცავდა ყველა და შედეგად, წლების მანძილზე პრიალებდა ჩვენი და ჩვენი პირველი სიყვარულების სახელები ყვითელ მერხებზე ნაცრისფერ ფერებში.

შემდეგ დრო შეიცვალა. კალმებითა და ფანქრებით ნაწერი ჩვენი ამბოხი და უთქმელი სიტყვები ფერადმა საღებავებმა შეცვალა და სკოლის კედლებიც ლამაზად აჭრელდა. თითოეული მოსწავლე ამ სახით და ამგვარად გამოხატავდა უხმო სიყვარულს მეზობელი გოგონას მიმართ, ფარულ ზიზღს დროს მობეზრებული მასწავლებლისადმი, საკუთარი მომავლის უიმედო მდგომარეობას, ოჯახში არსებულ პრობლემებს, კონფლიქტს პატარა საძმაკაცოში და ცხოვრებისადმი საკუთარ, მხოლოდ საკუთარ დამოკიდებულებას. ის მოსწავლეები, რომლებიც ფუნჯებს იღებდნენ (იღებენ) ხელში, წარსულშიც ჩვენც ვიყავით, რადგან ოდესღაც ყველანი ვყოფილვართ 15 წლის.

მე იმაზე ვერაფერს გეტყვით, თუ რატომ და როგორ იცვლება დრო და რატომ ვწერთ კედლებზე „მე შენ მიყვარხარ“-ს ნაცვლად „ამ ცხოვრების დედაც“, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ არ არსებობს (ძნელად მოიძებნება) ისეთი პრობლემა, რომელიც შეიძლება სკოლის შიგნით ვერ მოგვარდეს. სასკოლო საზოგადოება დღეს უკვე ძალიან ბევრი ადამიანისგან შედგება, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები ზუსტად და თანმიმდევრულადაა გაწერილი დაახლოებით ათამდე დოკუმენტში. სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე, დირექტორის მდივანი, საქმისმწარმოებელი, სასწავლო ნაწილის გამგე, სასწავლო ნაწილის გამგის თანაშემწე, სკოლის ფსიქოლოგი, სკოლის სპეც მასწავლებელი, კლასის დამრიგებლები, მასწავლებლები, ბუღალტერი, დარაჯი, დამლაგებელი – დაახლოებით ასე გამოიყურება იმ ადამიანების სია, რომლებიც ძალიან ბევრი მოსწავლის მომავალზე და ბედ-იღბალზე არიან პასუხისმგებლები და ვალდებულნი არიან დაიცვან ისინი. სამწუხაროდ, პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომელსაც მათ დოკუმენტები და საკუთარი პროფესია აკისრებთ, უმრავლეს შემთხვევაში ფურცლებზე რჩება და მხოლოდ დეკლარირებული სახით არსებობს ჩვენს წარმოდგენებში.

ახლა კი, რადგან მხოლოდ წარმოდგენების დრო დაგვრჩა, მოვლენებს ქრონოლოგიურად გავყვეთ და აი, ასე გამოიყურება ლუკას ამბავი, რომელიც ყოველთვის წითელ დანაშაულად დაემჩნევა „მწვანე სკოლას“:

15 წლის ლუკა კედელზე წარწერას წითელი საღებავით წერს. წარწერას ამჩნევს სკოლის დარაჯი და დამლაგებელი მოჰყავს, რათა კედელი გაასუფთავონ. დამლაგებელი კედელს ვერაფერს უხერხებს და ბრაზით აღსავსე ლუკას მასწავლებელს ატყობინებს „დანაშაულის“ შესახებ, რომელიც საქმის კურსში დამრიგებელს აყენებს, რომელსაც იმ დღეს თავი სტკიოდა ზედმეტი ხმაურისგან. დამრიგებელი თავის მხრივ სამასწავლებლოში განხილავს ამ ამბავს. მსჯელობაში ერთვება ყველა, ვისაც მსგავსი თემები ძალიან იზიდავს მყუდრო გარემოში და დეტალებს ჯერ დირექტორის მოადგილე, შემდეგ კი სკოლის დირექტორიც იგებს, რომელმაც ზუსტად იცის, რაც უნდა გააკეთოს. მისი ქმედება და ისმის ზარის გაბმული ხმა, რომელმაც არა ლუკასთვის, არამედ ლუკას გამო დარეკა. ზარი, რომელმაც 15 წლის მოსწავლე ჯერ თვითმკვლელობამდე მიიყვანა, შემდეგ კი მისი სიცოცხლე სამუდამოდ შეწყვიტა. რამდენად საზარელადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ჩვენ ათასებს ვიხდით იმაში, რომ „მწვანე სკოლებში“ ბავშვები მოგვიკლან…

ჩვენი ცხოვრება ჯაჭვური რეაქციებისგან შედგება. ის, ვინც ამ ჯაჭვის ბოლოშია, ყოველთვის ყველაზე ცხადად და მკაფიოდ ჩანს. მის ფონზე ხშირად ყველაზე მთავარი გვავიწყდება, ის, ვინც ეს რეაქცია გამოიწვია. ლუკას ამბავში ჯაჭვის ბოლოები პოლიციის იმ თანამშრომლებს უპყრიათ ხელთ, რომლებმაც მოზარდი ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, დასაწყისში კი სკოლა და სკოლის თანამშრომლები დგანან, რომელთა პირდაპირი მოვალეობაც ჯაჭვის გადაჭრა და რეაქციის შეწყვეტა იყო, თუმცა ყველაფერი თითქოს წინასწარ დაწერილი სცენარის მიხედვით მოხდა. თითქოს მსგავსი ფილმები ძალიან ბევრი გვაქვს ნანახი, არა? ფილმები, სადაც სისტემა კლავს.

დაახლოებით ოთხი თვეა მასწავლებლის პროფესიას ვეუფლები. ყოველ კვირას ვეცნობი ახალ-ახალ დოკუმენტებს, რეგულაციებს, რეკომენდაციებს, სტანდარტებს, მიზნებსა და შედეგებს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ იმ სისტემაში, სადაც მომავალში ვაპირებ მოსვლას, კიდევ დიდი ხანი არაფერი შეიცვლება. სულ სხვა, სულ სხვა გარემო გვხვდება სკოლებში, „მწვანე სკოლებში“, სადაც ქაღალდზე დაწერილი სიტყვები მანამდე არ გაჭრის, სანამ ჩვენ თვითონ არ შევიცვლებით და არ გვეცოდინება, რომ სკოლა და განათლება მხოლოდ ლამაზი კაბების ფრიალი და ციტოპლაზმაში მიტოქონდრიების რაოდენობის დათვლა არაა. ერთხელ საუბრისას ჩემმა კურსელმა მითხრა, რომ მეშინია, მეც ისეთივე მასწავლებელი არ გავხდე, როგორიც სხვები არიან, რადგან ჯერ ვერ ვიპოვე ისეთი ვინმე, ვისგანაც რამეს ვისწავლიდიო. რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ მისი შიში უსაფუძვლო ნამდვილად არაა, რადგან სისტემა გვცვლის და გვაყალიბებს ისეთ ადამიანებად, რომლებიც მას აწყობს, რომ ვიყოთ, ჩვენ კი, მხოლოდ ერთეულები, მას ვერ ვეწინააღმდეგებით. მხოლოდ რამდენიმე მოხალისე ვერ გაუძლებს „მწვანე სკოლების“ ზეწოლას, თუმცა ლუკას გრძელ ჯაჭვში ერთი გამბედავი ადამიანის აღმოჩენაც კი საკმარისი იქნებოდა მისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოდესმე შეცდომებზე ვისწავლით, რათა იმ ლუკას, რომელიც ჩვენს კლასში აღმოჩნდება და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ლუკა გვყავს დღეს საქართველოში, მოვუსმინოთ, გავუგოთ და დავეხმაროთ. ყველა ლუკა მხოლოდ ამას ითხოვს და შედეგად, იქნებ ისევ შეიცვალოს წარწერები და წითელი ფერით ნაცრისფერ კედლებზე გაჩნდეს იმედი, იმედი, რომელიც „მწვანე სკოლებში“ დაისადგურებს.

ავტორი მაშა გვარამია

წაიკითხეთ სრულად