Baby Bag

რაც ქართველების სტუმართმოყვარეობაზე გამეგო, ყველაფერი პირიქით ყოფილა - ჩინელი ბიჭის წერილი დედას

რაც ქართველების სტუმართმოყვარეობაზე გამეგო, ყველაფერი პირიქით ყოფილა - ჩინელი ბიჭის წერილი დედას

ჩინელი ბიჭის წერილი დედას:

„დედა როგორ ხარ, ძალიან მომენატრე... ხუნხუა, სინგი, ტუნგი, ლიო, სეენდი, დაოლი, კიმი და ოჯახის სხვა წევრებიც მენატრებიან. რომ ჩამოვალ, ისეთ ნასკებს და საცვლებს ჩამოვუტან, ათჯერ შეუძლიათ ჩაიცვან და არ დაიხევა...

ეხლა ღამის 11 საათია. ჩემს მეზობლად მოხუცი კაცი გარდაიცვალა, ქელეხია და მთვრალი ჭირისუფლები მღერიან. მაინც არ მაძინებენ და გადავწყვიტე წერილი მოგწეროთ

მე არამიშავს, კარგად ვარ. ერთ-ერთ უბანში თხუთმეტი კვადრატული მეტრი ოთახი ვიქირავეთ და ეხლა ერთად ვცხოვრობთ მე, ლუსი, ლიანგი, ტენგი, ჩანგი, დინი, ხაი შანგი, ვონგი, და სანგი.

წამოსვლამდე, რაც ქართველების სტუმართმოყვარეობაზე გამეგო, ყველაფერი პირიქით ყოფილა: ქუჩაში სულ ბრიუს ლის მეძახიან. ბავშვები მეკითხებიან, შენ მოერევი, თუ რემბოვო. ჩვენს დადგმულ დახლს, რომლის აწყობას მთელ დილას ვანდომებთ, მოვლენ და ხუთ წუთში გვაშლევინებინებენ; ერთმანეთზე გაბრაზებულები მე მირტყამენ. შენი და მამას დამზადებული იტალიური ფეხსაცმელები კარგად იყიდება. უფრო კარგად რო გაიყიდოს, ვამბობ: "მოპარულია" - რაღაც ჯადსნური სიტყვაა ალბათ.

ჩვენი სახლის დიასახლისიც დაბალი და ღარიბია, ჩვენი კარგად ესმის. თვითონ ქვეყანა ძალიან პატარაა და ცოტა ხალხი ცხოვრობს. დაახლოებით იმდენი, რამდენიც ჩვენს სოფელში. უცნაური ხალხია. მაგალითად ერთი კვირის წინ ვნახე როგორ მოკლა ცემით ერთმა ბიჭმა მეორე დედის შეგინებისთვის და შემდეგ როგორ ყვებოდა ამ ამბავს და თან თავის საკუთარ დედას აგინებდა. ვნახე, როგორ სვამდა ერთი კაცი ორ ლიტრიანი სასმისით და თითებში სიგარეტით ჯანმრთელობის სადღეგრძელოს; ვნახე ბანანების გამყიდველი, რომელსაც ბანანი არასოდეს უჭამია, იმიტომ, რომ ძვირი ღირს; ვნახე ყურძნის არაყი, რომელიც ბაზრობაზე ერთი ჭიქა ათი ცენტი ღირს და ზუსტად იგივე არაყი კაფეში - ათი დოლარი; აქ ძალიან ღარიბები და გაჭირვებულებიც, კი

მსუქნები არიან; ჩვენ ჩუსტებს, კეტებს და წებოს აქ სხვანაირად აფასებენ - ძვირი ღირს.

არ მესმის, რატომ იტანჯავენ თავს შიმშილით, როცა ამდენი უპატრონო ძაღლი დარბის ქუჩაში. ჩემს უბანში თხუთმეტი უპატრონო ძაღლი ცხოვრობდა. მაგრამ ამ ბოლო დროს ვაჭრობა ცუდად მიმდის და ექვსიღა დამრჩა. უკვე აცივდა და ბუზებიც აღარ იშოვება. იმ დღეს ბაყაყით სადილის მომზადება მინდოდა, მაგრამ აქაურებმა არ დამაკვლევინეს - "წვიმა მოვაო."

ქართული უკვე კარგად ვისწავლე. ლაპარაკი ცოტა მიჭირს, მაგრამ ყველაფერი კარგად მესმის, რასაც მეუბნებიან. ძირითადად მაგინებენ, ხოლმე, მაგრამ აღარ მწყინს. აქ ყველა ერთმანეთს აგინებს. ტყუილი უყვართ ძალიან. ყველა ცდილობს მოგატყუოს. თავიდან ესეც მწყინდა, მაგრამ აქ ყველა ერთმანეთს ატყუებს და აღარ მწყინს. ნაცნობი ბევრი არ მყავს, მაგრამ ისე ჰგვანან ერთმანეთს, რომ ვერ ვარჩევ ხოლმე, რომელი რომელია - ყველას მრგვალი თვალები აქვს.

სადაც ვცხოვრობთ, ამ ქალაქს თბილისი ჰქვია და აღმოსავლეთის, ანუ აეროპორტის მხრიდან ძალიან ლამაზია. შუაში მდინარე ჩამოუდის, რომელშიც ნაგავს ყრიან და თავს იხრჩობენ.

დიასახლისმა ჩვენი ოთახიდან მაცივარი გაიტანა. შეგიძლია ხუნხუაც გამოუშვა, ისიც დაეტევა. აქ რომ ჩამოვა, სანამ მიპოვის, ფრთხილად იყოს. ამათ, როცა მთვრალები არიან, ჩხუბი იციან, თუმცა ფხიზლები არაფერს დაგიშავებენ, მარტო შეგაგინებენ და მორჩა. ვაგზლის ბაზრობა იკითხოს და ადვილად მომაგნებს. ეს არის სულ დედა მერე კიდევ მოგწერ, როცა დრო მექნება.

გკოცნით ყველას.

თქვენი ტობი ვონგი."

აღნიშნულ წერილს სოციალურ ქსელში მიხეილ ბახტაძე ​აქვეყნებს.

შეიძლება დაინტერესდეთ

ოთხი თვეა მასწავლებლის პროფესიას ვეუფლები და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, ამ სისტემაში კიდევ დიდი ხანი არაფერი შეიცვლება

ოთხი თვეა მასწავლებლის პროფესიას ვეუფლები და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, ამ სისტემაში კიდევ დიდი ხანი არაფერი შეიცვლება

ჩემს ბავშვობაშიც პოპულარული იყო წარწერები. მეც ამომიკაწრავს ჩემი სკოლის ყვითელ მერხზე „მ+გ=შ“. ჯერ ფანქრით უნდა მოგეხაზა სიტყვის შესაბამისი კონტურები, შემდეგ უმელნო კალმით გამოგეკვეთა კარგად თითოეული ასო და სიტყვა და ბოლოს ლურჯი კალმით გაგეფერადებინა პატარა ღრმულები. ამ თანმიმდევრობას მკაცრად იცავდა ყველა და შედეგად, წლების მანძილზე პრიალებდა ჩვენი და ჩვენი პირველი სიყვარულების სახელები ყვითელ მერხებზე ნაცრისფერ ფერებში.

შემდეგ დრო შეიცვალა. კალმებითა და ფანქრებით ნაწერი ჩვენი ამბოხი და უთქმელი სიტყვები ფერადმა საღებავებმა შეცვალა და სკოლის კედლებიც ლამაზად აჭრელდა. თითოეული მოსწავლე ამ სახით და ამგვარად გამოხატავდა უხმო სიყვარულს მეზობელი გოგონას მიმართ, ფარულ ზიზღს დროს მობეზრებული მასწავლებლისადმი, საკუთარი მომავლის უიმედო მდგომარეობას, ოჯახში არსებულ პრობლემებს, კონფლიქტს პატარა საძმაკაცოში და ცხოვრებისადმი საკუთარ, მხოლოდ საკუთარ დამოკიდებულებას. ის მოსწავლეები, რომლებიც ფუნჯებს იღებდნენ (იღებენ) ხელში, წარსულშიც ჩვენც ვიყავით, რადგან ოდესღაც ყველანი ვყოფილვართ 15 წლის.

მე იმაზე ვერაფერს გეტყვით, თუ რატომ და როგორ იცვლება დრო და რატომ ვწერთ კედლებზე „მე შენ მიყვარხარ“-ს ნაცვლად „ამ ცხოვრების დედაც“, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ არ არსებობს (ძნელად მოიძებნება) ისეთი პრობლემა, რომელიც შეიძლება სკოლის შიგნით ვერ მოგვარდეს. სასკოლო საზოგადოება დღეს უკვე ძალიან ბევრი ადამიანისგან შედგება, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები ზუსტად და თანმიმდევრულადაა გაწერილი დაახლოებით ათამდე დოკუმენტში. სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე, დირექტორის მდივანი, საქმისმწარმოებელი, სასწავლო ნაწილის გამგე, სასწავლო ნაწილის გამგის თანაშემწე, სკოლის ფსიქოლოგი, სკოლის სპეც მასწავლებელი, კლასის დამრიგებლები, მასწავლებლები, ბუღალტერი, დარაჯი, დამლაგებელი – დაახლოებით ასე გამოიყურება იმ ადამიანების სია, რომლებიც ძალიან ბევრი მოსწავლის მომავალზე და ბედ-იღბალზე არიან პასუხისმგებლები და ვალდებულნი არიან დაიცვან ისინი. სამწუხაროდ, პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომელსაც მათ დოკუმენტები და საკუთარი პროფესია აკისრებთ, უმრავლეს შემთხვევაში ფურცლებზე რჩება და მხოლოდ დეკლარირებული სახით არსებობს ჩვენს წარმოდგენებში.

ახლა კი, რადგან მხოლოდ წარმოდგენების დრო დაგვრჩა, მოვლენებს ქრონოლოგიურად გავყვეთ და აი, ასე გამოიყურება ლუკას ამბავი, რომელიც ყოველთვის წითელ დანაშაულად დაემჩნევა „მწვანე სკოლას“:

15 წლის ლუკა კედელზე წარწერას წითელი საღებავით წერს. წარწერას ამჩნევს სკოლის დარაჯი და დამლაგებელი მოჰყავს, რათა კედელი გაასუფთავონ. დამლაგებელი კედელს ვერაფერს უხერხებს და ბრაზით აღსავსე ლუკას მასწავლებელს ატყობინებს „დანაშაულის“ შესახებ, რომელიც საქმის კურსში დამრიგებელს აყენებს, რომელსაც იმ დღეს თავი სტკიოდა ზედმეტი ხმაურისგან. დამრიგებელი თავის მხრივ სამასწავლებლოში განხილავს ამ ამბავს. მსჯელობაში ერთვება ყველა, ვისაც მსგავსი თემები ძალიან იზიდავს მყუდრო გარემოში და დეტალებს ჯერ დირექტორის მოადგილე, შემდეგ კი სკოლის დირექტორიც იგებს, რომელმაც ზუსტად იცის, რაც უნდა გააკეთოს. მისი ქმედება და ისმის ზარის გაბმული ხმა, რომელმაც არა ლუკასთვის, არამედ ლუკას გამო დარეკა. ზარი, რომელმაც 15 წლის მოსწავლე ჯერ თვითმკვლელობამდე მიიყვანა, შემდეგ კი მისი სიცოცხლე სამუდამოდ შეწყვიტა. რამდენად საზარელადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ჩვენ ათასებს ვიხდით იმაში, რომ „მწვანე სკოლებში“ ბავშვები მოგვიკლან…

ჩვენი ცხოვრება ჯაჭვური რეაქციებისგან შედგება. ის, ვინც ამ ჯაჭვის ბოლოშია, ყოველთვის ყველაზე ცხადად და მკაფიოდ ჩანს. მის ფონზე ხშირად ყველაზე მთავარი გვავიწყდება, ის, ვინც ეს რეაქცია გამოიწვია. ლუკას ამბავში ჯაჭვის ბოლოები პოლიციის იმ თანამშრომლებს უპყრიათ ხელთ, რომლებმაც მოზარდი ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, დასაწყისში კი სკოლა და სკოლის თანამშრომლები დგანან, რომელთა პირდაპირი მოვალეობაც ჯაჭვის გადაჭრა და რეაქციის შეწყვეტა იყო, თუმცა ყველაფერი თითქოს წინასწარ დაწერილი სცენარის მიხედვით მოხდა. თითქოს მსგავსი ფილმები ძალიან ბევრი გვაქვს ნანახი, არა? ფილმები, სადაც სისტემა კლავს.

დაახლოებით ოთხი თვეა მასწავლებლის პროფესიას ვეუფლები. ყოველ კვირას ვეცნობი ახალ-ახალ დოკუმენტებს, რეგულაციებს, რეკომენდაციებს, სტანდარტებს, მიზნებსა და შედეგებს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ იმ სისტემაში, სადაც მომავალში ვაპირებ მოსვლას, კიდევ დიდი ხანი არაფერი შეიცვლება. სულ სხვა, სულ სხვა გარემო გვხვდება სკოლებში, „მწვანე სკოლებში“, სადაც ქაღალდზე დაწერილი სიტყვები მანამდე არ გაჭრის, სანამ ჩვენ თვითონ არ შევიცვლებით და არ გვეცოდინება, რომ სკოლა და განათლება მხოლოდ ლამაზი კაბების ფრიალი და ციტოპლაზმაში მიტოქონდრიების რაოდენობის დათვლა არაა. ერთხელ საუბრისას ჩემმა კურსელმა მითხრა, რომ მეშინია, მეც ისეთივე მასწავლებელი არ გავხდე, როგორიც სხვები არიან, რადგან ჯერ ვერ ვიპოვე ისეთი ვინმე, ვისგანაც რამეს ვისწავლიდიო. რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ მისი შიში უსაფუძვლო ნამდვილად არაა, რადგან სისტემა გვცვლის და გვაყალიბებს ისეთ ადამიანებად, რომლებიც მას აწყობს, რომ ვიყოთ, ჩვენ კი, მხოლოდ ერთეულები, მას ვერ ვეწინააღმდეგებით. მხოლოდ რამდენიმე მოხალისე ვერ გაუძლებს „მწვანე სკოლების“ ზეწოლას, თუმცა ლუკას გრძელ ჯაჭვში ერთი გამბედავი ადამიანის აღმოჩენაც კი საკმარისი იქნებოდა მისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოდესმე შეცდომებზე ვისწავლით, რათა იმ ლუკას, რომელიც ჩვენს კლასში აღმოჩნდება და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ლუკა გვყავს დღეს საქართველოში, მოვუსმინოთ, გავუგოთ და დავეხმაროთ. ყველა ლუკა მხოლოდ ამას ითხოვს და შედეგად, იქნებ ისევ შეიცვალოს წარწერები და წითელი ფერით ნაცრისფერ კედლებზე გაჩნდეს იმედი, იმედი, რომელიც „მწვანე სკოლებში“ დაისადგურებს.

ავტორი მაშა გვარამია

წაიკითხეთ სრულად