Baby Bag

არავის შვილები - გიორგი კეკელიძე

არავის შვილები - გიორგი კეკელიძე
„​ერთხელ, ერთმა კაცმა, დიდად პომპეზურ საჯარო თავყრილობაზე, მხოლოდ კეთილი განზრახვით ჩაფიქრებული, ასეთი სიტყვები თქვა: აგერ, გიორგიო (ანუ მე), არავის შვილი არ არის და როგორ წარმატებას მიაღწიაო. 
ამ შვილების და შვილიშვილების საზოგადოებაში, სადაც ადრე, სტუდენტობისას, იმის გაგების შემდეგ, რომ კორნელი კეკელიძის ნათესავი არ ვყოფილვარ, ცოტა მოიწყენდნენ და ერთი-ორი ანეკდოტის მოყოლა მიწევდა, ისევ რომ გამეღიმებინა, ბევრი არაფერი მიკვირს. მაგრამ ეს „არავის“, ყურს უცნაურად მოხვდა. არ მწყენია (გამომსვლელის აზრით საერთოდაც უნდა გამხარებოდა) – დიდი ხანია გარეამბებისთვის გულის კანი გამისქელდა და არც მარტივი კომპლექსების ტყვე გახლავართ. უბრალოდ დავფქირდი. სხვა მილიონი ადამიანის მაგივრადაც. რომ ეთქვათ, გლეხის, მუშის, აგრონომის და რა ვიცი – ათასი ვინმეს შვილიაო, შეიძლება, ფიქრიც არ შემეჩერიბინა. არადა, იმ კაცმა მართლა კეთილი განზრახვით თქვა და რაღაც აზრით, თვისობრივ ამბავში, სრულებით ზუსტი რამ.
საერთოდ, კარგი წინაპრით სიამაყე ცუდი საქმე როდია, მაგრამ აბა ვინ მიკარნახებს, რას ნიშნავს კარგი? მამაჩემი იმიტომ არის არავინ, რომ დღედაღამე მუშაობდა ხან ყანაში და ხან თხილში, ხან ძროხას უვლიდა და ხან წიწილებს? არ იპარავდა და საკუთარ ოცნებებს ჩუმად ხოცავდა, იმიტომ რომ გარეთ სხვები ერთმანეთს ხოცავდნენ და ამ მხოცველთა შორის ბევრი აგერ ვითომ საამაყო წინაპარი იყო? და მამაშენიც და მამამისიც იმიტომ არიან არავინ, რომ მათი ბიოგრაფიაში რაღაც ჯილდოები და ნაშრომები არ წერია? და საერთოდ, როგორ შეიძლება ადამიანი არავინ იყოს? ნებისმიერი ადამიანი. იქ კი, ბაბუათა და მამათა პანთეონში, მნიშვნელოვან ნაწილს, მხოლოდ იმიტომ ერქვა „ვიღაც“, რომ ცეკას შესასვლელთან ეძინათ და დღეს მათ სახელებს, რომელიმე სახლის შესასვლელთან დაძალებულ ლითონის აბრებზე სძინავთ. მაგრამ რაც უნდა ნაძირალა ყოფილიყო და ფსკერის ბინადარი – არასდროს დავარქმევ არავის „არავის“.
ამსიგრძედ იმიტომ ვწერე, რომ დღესაც, ბევრი განათლებული და დაწინაურებული ადამიანი მხვდება და როცა, ვიღაცაზე რამე კარგის თქმა უნდა, უკანასკნელ, რკინის არგუმენტად, იდუმალი ხმით მიჩურჩულებს: ხომ იცი, ეგ ფეშანგი ფაშვიბერტყაძის შვილიშვილია.
მე კიდევ მგონია, რომ „არავის შვილების“ დრო დადგა. ოღონდ ეს „არავის“ ძალიან ბევრს ნიშნავს, ძალიან დიდს და მნიშვნელოვანს.“

ავტორი: მწერალი გიორგი კეკელიძე 

არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

ამბავი იმისა, რატომ არ არის იაპონიაში მასწავლებლის დღე

ამბავი იმისა, რატომ არ არის იაპონიაში მასწავლებლის დღე

,,დიახ, იაპონიაში არ არის მასწავლებლის დღე!....

ერთხელ იაპონიაში ყოფნისას, იაპონელ მეგობარს ვკითხე:

- როგორ აღნიშნავენ მასწავლებლის დღეს იაპონიაში?

გაკვირვებულმა ჩემს შეკითხვაზე მიპასუხა:

- ჩვენ საერთოდ არ გვაქვს მასწავლებლის დღე.

ამ პასუხის გაგონებით, არ ვიცოდი დამეჯერებინა მისთვის თუ არა,რადგან ერთი აზრი არ მასვენებდა: ქვეყანა, სადაც ეკონომიკა, მეცნიერება და ტექნოლოგია განვითარდა, ასეთი უპასუხისმგებლო კავშირშია მასწავლებლის საქმიანობასთან?!

მუშაობის შემდეგ, ერთმა მასწავლებელმა სახლში მიმიწვია. რადგან შორს ცხოვრობდა მეტროთი სარგებლობა მომიწია, პიკის საათი იყო, ვაგონები გადაჭედილი იყო უამრავი ხალხით, რის გამოც ფეხზე დგომა მომიწია...

მოულოდნელად ბაბუა, რომელიც იჯდა, ადგილი დამითმო. მოხუცის პატივისცემიდან გამომდინარე მე არ შემეძლო მისი ადგილის დაკავება,მაგრამ ისე დაჟინებით ითხოვდა,რომ უარის თქმა ვერ შევძელი....

მეტროდან ჩასვლის შემდეგ მეგობარს ვთხოვე აეხსნა,რატომ ითხოვდა მოხუცი ასე დაჟინებით,რომ მე ვმჯდარვიყავი მის ადგილზე. მას გაეცინა და მასწავლებლის სამკერდე ნიშანზე მიმითითა.

- ამ მოხუცმა დაინახა მასწავლებლის თქვენი სამკერდე ნიშანი და სტატუსის პატივისცემის ნიშნად, თავისი ადგილი დაგითმოთ.

რადგან პირველად მივდიოდი სტუმრად მასწავლებლის სახლში, გადავწყვიტე საჩუქრის ყიდვა. მეგობარმა ხელით მანიშნა, რომ ჩემს წინ მასწავლებლის მაღაზია იყო, სადაც შემეძლო საქონელი ხელმისაწვდომ ფასად შემეძინა.. ემოციებს ვერ ვმალავდი...

- მხოლოდ პედაგოგებს აქვთ შეღავათები? - ვკითხე მას.

- დიახ სწორედ ასეა..

- იაპონიაში, მასწავლებელი ყველაზე პატივსაცემი პროფესიაა და ყველაზე პატივცემულ ადამიანად ითვლება. იაპონელ მეწარმეებს, თუ მაღაზიის გამყიდველებს ძალიან უხარიათ, როდესაც მასწავლებლები თავიანთ მაღაზიებში მიდიან რაიმეს საყიდლად და ამას დიდ პატივად ითვლიან.

ამის შემდეგ ყველაფერს ვაკვირდებოდი რაც ჩემს პროფესიას უკავშირდებოდა და არაერთი ჟესტი მინახავს, თუ რამდენად პატივს სცემენ მასწავლებლებს....

1. მეტროში მათთვის ცალკეული ადგილებია...
2. მათთვის ცალკეული მაღაზიებია შექმნილი....
3. მასწავლებლები არ დგანან რიგებში...

რად სჭირდებათ მათ მასწავლებლის დღის დღესასწაულად დაწესება?!..როცა ყოველი დღე მასწავლებლის პატივისცემას ეკუთვნის.

ამ ისტორიის მოთხრობა, მთელი გულით მსურს...

მინდა ვიოცნებო,რომ ჩვენი საზოგადოებაც გაიზარდოს ისეთ დონეზე, რაც მასწავლებლის პატივისცემას ეხება...

ისინი ნამდვილად იმსახურებენ ასეთ მაღალ ტიტულს.!

- გაუგზავნეთ ჩემი მესიჯი თქვენს ყველა კოლეგას, ჩვენ ყველა მასწავლებლის წინაშე ქედს ვიხრით! -ასეთი პასუხით გამომაცილა იაპონელმა მეგობარმა შინ, ჩემს სამშობლოში, რომელსაც საქართველო ჰქვია...''

წყარო: სოციალური ქსელი 

წაიკითხეთ სრულად