სექსოლოგმა ზურაბ მარშანიამ ქალებსა და მამაკაცებში გავრცელებული სექსუალური დისფუნქციების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ქალბატონებში ყველაზე ხშირი დისფუნქცია ვაგინიზმია:
„მძიმე სექსუალური დისფუნქციების ხვედრითი წილი ბევრია ქალებშიც და მამაკაცებშიც. ქალების სექსუალურ დისფუნქციებში ჭარბობს ვაგინიზმი. თანამედროვე კლასიფიკაციით ვაგინიზმი გაერთიანებულია ჯგუფში, რომელსაც ეწოდება ქალის სექსუალური ტკივილისა და პენეტრაციის მოშლილობა. სქესობრივი აქტის დროს არის ძლიერი ტკივილი, ამავე დროს არის სპაზმიც. პირადად ჩემი გამოცდილებიდან, ყველაზე ხშირი ვაგინიზმია.“
ზურაბ მარშანიას თქმით, ქალბატონებს ხშირად აწუხებთ ანორგაზმიის პრობლემაც:
„ძალიან ბევრია ანორგაზმია. ეს არის სიამოვნების მიღების არარსებობა ან ხანგრძლივი და მყარი გაძნელება. სქესობრივი განათლება და მისი დონის ამაღლება დამოკიდებულია მიწოდებული ინფორმაციის ხარისხზე. მნიშვნელოვანია, ვინ აწვდის ადამიანს ამ ინფორმაციას. ექიმისგან მიწოდებული ინფორმაცია უდიდესი ალბათობით რელევანტურია. ინფორმაცია არ უნდა იყოს მიღებული ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების ბლოგებიდან. ძალიან ბევრია ასეთი. მე ბევრს ვიცნობ ასეთ ბლოგს.“
„რაც შეეხება გამოკვლევებს, ის გარკვეულწილად განსხვავებულია ქალებსა და კაცებში. იდენტური შეიძლება იყოს ჰორმონალური პროფილის გამოკვლევა, რომელიც ორივე შემთხვევაში გამართლებულია და აუცილებელიც არის. თუ მამაკაცებში ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ქალში იმდენად დიდი არ აქვს. ქალის სექსუალური დისფუნქციის თითქმის 90-95 % ფსიქოგენური გარემოებებით არის განპირობებული. ასეთივე დიდი პროცენტი, შესაძლოა, ორგანული, მათ შორის ჰორმონალური, ცვლილებებით იყოს განპირობებული მამაკაცებში. მიდგომებიც განსხვავებულია. ქალებში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმის პროფესიონალიზმს, მის სპეციალიზაციას. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქალის სექსუალურ დისფუნქციებზე, აუცილებელია სწორი ფსიქოლოგიური მიდგომა და მოტივაციის, განწყობის შექმნა. ქალმა უნდა დაიჯეროს, რომ შეუძლია ამ პრობლემის დაძლევა,“ - აღნიშნულ საკითხზე ზურაბ მარშანიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ ისაუბრა.
წყარო: „ანატომია“
წაიკითხეთ სრულად