Baby Bag

ყოველი დილა ამ 15 სამოტივაციო ციტატით უნდა დაიწყოთ

ყოველი დილა ამ 15 სამოტივაციო ციტატით უნდა დაიწყოთ
იზოლაციაში მყოფ ადამიანებს სტრესის დასაძლევად და ყოველდღიურ რუტინასთან გასამკლავებლად მოტივაცია ნამდვილად სჭირდებათ. გთავაზობთ ციტატებს, რომლებიც დღის სასიამოვნოდ დაწყებაში დაგეხმარებათ და თავდაჯერებას შეგმატებთ.

1. ,,ნებისმიერი წარმატების საწყისი წერტილი სურვილია.“ - ნაპოლეონ ჰილი.

2. ,,ჩვენ ყველა ოცნების ასრულება შეგვიძლია, თუ მიზნამდე მისასვლელად გამბედაობა გვეყოფა.“ - უოლტ დისნეი.

3. „მაშინაც კი, როდესაც ჯოჯოხეთის გავლა გიწევთ, სვლა განაგრძეთ!“ - უინსტონ ჩერჩილი

4. „წარმატება უიღბლობიდან უიღბლობამდე ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე სვლაა.“ - უინსტონ ჩერჩილი.

5. „შესაძლებლობები არ არსებობს, მათ თქვენ ქმნით.“ - კრის გროსერი.

6. „შეშლილსა და გენიოსს შორის მანძილი წარმატებით იზომება.“ - ბრიუს ფერშტეინი.

7. „თუ საკითხის შესახებ მარტივად საუბარი არ შეგიძლიათ, ე.ი. თქვენ ის კარგად არ გესმით.“ - ალბერტ აინშტაინი.

8. „ლიდერს მიმდევართაგან ინოვაციურობა გამოარჩევს.“ - სტივ ჯობსი.

9. „სრულყოფილება თუ გიზიდავთ, მიზნის მიღწევა დღესვე შეგიძლიათ. ამ წამსვე მიზნად დაისახეთ, რომ საქმეს მხოლოდ სრულფასოვნად შეასრულებთ.“ - თომას უოტსონი.

10. „ადამიანები ამბობენ, რომ მოტივაცია უსასრულოდ არ გრძელდება, ასევეა ბანაობაც. სწორედ ამიტომ ვბანაობთ ყოველდღიურად.“- ზიგ ზიგლარი.

11. „წარმატება საკუთარი თავის მოწონებაა, იმის მოწონება, თუ როგორ აკეთებთ საქმეს, რომელიც მოგწონთ.“ - მაია ანჯელოუ.

12. „წარმატებულ ადამიანებს ძლიერი მამოძრავებელი იმპულსი აქვთ. რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევენ ისინი, მეტად ოცნებობენ წარმატებაზე და მისკენ მიმავალ ახალ გზებს პოულობენ. როდესაც ადამიანი წარუმატებელია, ის გამუდმებით დაღმავალ ხაზს მიუყვება.“ - ტონი რობინსი.

13. „როგორც კი იგრძნობთ, რომ უმრავლესობის მხარეს ხართ, შეჩერდით და დაფიქრდით!“ - მარკ ტვენი.

14. ,,წარმატებული მებრძოლი ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც ლაზერისებრი ფოკუსი აქვს.“ - ბრიუს ლი.

15. ,,საცობში არ მოხვდებით, თუ სხვებზე მეტ მანძილს გაივლით.“ - როჯერ შტაუბახი.

ახლა კი დროა საკუთარი ყოველდღიურობის შეცვლაზე იზრუნოთ. მთავარი ფრაზა, რომელიც თქვენს კრედოდ უნდა აქციოთ, შემდეგია: „მოქმედება სიტყვების ნაცვლად!“ 

მომზადებულია​ indiatoday.in-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

,,სანამ ერთმანეთს წაგება-მოგების ენით ვესაუბრებით, მე ვერაფერს ვერ ვურჩევ მშობლებს და მასწავლებლებს. ძალიან ვწუხვარ''

„არავინ იფიქროს, რომ მშობლებს რამეს ვაბრალებ. მშობლები დღეს არიან ძალიან რთულ მდგომარეობაში. რადგან ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ თავიანთ შვილებს უზრუნველი მომავალი შეუქმნან, მისცენ განათლება, ასწავლონ იმისთვის, რომ ისინი იყვნენ ძლიერები, პირველები, კარიერა გაიკეთონ და ა.შ. ასე ფიქრობს ყველა მშობელი, ამისთვის კი არაფერს არ იშურებს და მერე ძალიან უკვირს, როცა უკუღმა გამოდის. ეს არ არის სწორი ფიქრი. ჩვენ რა გვგონია? - ჩვენი შვილი პირველი იქნება? და საერთოდ, რა არის განათლება? ჩვენ ხომ ესეც არ ვიცით წესიერად. ჩვენ რა გვგონია? - თუ ფიზიკას, ქიმიას, მათემატიკას რომ ისწავლის კერძო სკოლაში, სადაც 5000 ევროს ვიხდი და ამიტომ უნდა იმეცადინოს კარგად, რადგან მე ინვესტიციას ვდებ ამაში. პირველივე კლასიდან ვცდილობთ, რომ დრო არ დავუტოვოთ თავისუფალი, რადგან თავისუფალი დრო „კრიმინალია“ ჩვენი შვილებისთვის. მას არ უნდა ჰქონდეს თავისუფალი დრო, არ უნდა დაუშვას შეცდომები, რადგან ესეც „კრიმინალია“. ყველაფერი იწყება აქედან. ეს არის ძალადობა ბავშვზე. ჩვენი ფსიქოლოგია ისეა მოწყობოლი, ან უნდა მოკვდე, ან ადაპტაცია უნდა განიცადო. დაწყებით კლასს რომ გაივლის ბავშვი, უკვე აღარაფერი აღარ აინტერესებს და აღარაფერი აღარ უნდა საერთოდ. მერე ჩივის მშობელი, რომ შვილს არ აინტერესებს არაფერი.

როგორ ექნება ინტერესი, როცა პირველ კლასში დაგყავდა ინგლისურზე, ფრანგულზე, საფრანგეთის ისტორიაზე, ცეკვაზე, ცურვაზე და ა.შ. სად შეუძლია პირველკლასელს ამდენი სიარული? თავისულაფი დრო არ უნდა დაუტოვო იმიტომ, რომ შენ არ გაქვს თავისუფალი დრო.


და როცა შენ არა გაქვს თავისუფალი დრო, შენ მიჰყვები ცხოვრების ნაკადს, გარბიხარ და შენი შვილიც მორბის შენთან ერთად. არასოდეს არ დაფიქრდები და არ იტყვი რა არის შენი საზრისი და შენი ცხოვრება. მე ლაპარაკი მაქვს მშობელზე. მშობელს ვეკითხები - თქვენ რას გრძნობთ? მიყურებენ როგორც უცნაურ ადამიანს. რას ნიშნავს, რას ვგრძნობ? რას ფიქრობ, რომ მკითხო, მესმისო. რას ფიქრობს შეიძლება იცის, რას გრძნობს, სხეული რას ეუბნება, არ იცის.


როცა მშობელს არ აქვს რეგულირებული ემოცია, შვილსაც არ ექნება რეგულირებული ემოცია. ჩვენ ასეთი ტემპერამენტის მქონე ადამიანებს, საკმაოდ ფიცხი სახიათის მქონე ადამიანებს ემოცია ამოღებული გვაქვს ყველანაირი ცნობიერებიდან. ეს არის დამღუპველი.

დღეს დასავლეთში ყველაზე დიდი ძალისხმევა იხარჯება, რომ ბავშვებს ასწავლონ ემოციური რეგულაცია. ჯერ ეს თვითონ უნდა ისწავლოს მშობელმა და შემდეგ ბავშვს ასწავლოს.

რას ნიშნავს ემოციური რეგულაცია? - ეს არის სხვისი ემოციის გაგება, თავისი ემოციის გაგება და სიბრაზის მართვა. ჩვენმა საზოგადოებამ სიბრაზის მართვა არ იცის და მოვედით ბულინგამდე. მე რომ გავბრაზდები სხვაზე, თუ ვიპოვი ჩემზე სუსტ ადამიანს, ავდგები და და იმას დავჩაგრავ.

სარკეში ჩავიხედოთ, ჩვენს სახეს შევხედოთ, რა ტონით ვლაპარაკობთ, როგორ ვესაუბრებით სხვა ადამიანს.

ჩვენი საზოგადობა იცით როგორია? - ყველას საფრთხის განცდა აქვს. საზოგადოებას, რომელსაც მაღალი შფოთვა აქვს, მას არაფერს არ უპირებს, მაგრამ ის უკვე დგას „ბოქსიორის“ პოზაში. ყველა ასეა. სანამ ურთიერთობის თანამშრომლური მოთხოვნილება არ გაჩნდება და სანამ ერთმანეთს წაგება-მოგების ენით ვესაუბრებით, მე ვერაფერს ვერ ვურჩევ მშობლებს და მასწავლებლებს. ძალიან ვწუხვარ.

ვურჩევ ერთს - ჯერ ჩვენ უნდა ჩავიხედოთ საკუთარ გრძნობებში და ვისწავლოთ ჩვენი სიბრაზის მართვა.

სხვათაშორის დღეს უკვე ამერიკულ და ბრიტანულ სკოლებში მისაღწევ მიზნად არის შეტანილი ემოციური რეგულაცია. აღმოჩნდა, რომ ცოდნის მიღებისთვისაც ეს არის მთავარი, კარიერის გაკეთბისთვისაც და ზოგადად, ცხოვრებისთვისაც. ისინი ჩვენზე უარეს მდგომარეობაში იყვნენ ამ თვალსაზრისით, ეს აღიარეს, დაინახეს. სახელმწიფო კერძო ორგანიზაციებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან ერთად მუშაობს იმაზე, რომ ეს გადალახონ.მითუმეტეს ჩვენი ქვეყანა არ არის დიდი ქვეყანა და ამის მოგვარება არ არის ძნელი. მთავარია იყოს ნება ყველა მხარის. მთავარია ჯერ უფროსებმა ვისწავლოთ ეს თანამშრომლობა და მაგალითი მივცეთ ბავშვებს. პედაგოგიკა მაგალითია.

თბილისის იმ სკოლაში, სადაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოხდა უბედურება, ერთი კვირით ადრე იყო კვირეული სახელწოდებით „არა ბულინგს, არა ძალადობას“. ეს იმას ნიშნვს, რომ ლოზუნგი რჩება ლოზუნგად....

ეს ყველაფერი არის ფასადი. საბოლოო ჯამში ფასადის მიღმა ყველა ადამიანი არის უბედური და გარშემო რასაც ვუყურებ, ცხოვრება არავის არ უხარია. რატომ არ შეიძლება გვიხაროდეს ცხოვრება? ჩვენ ძალიან ვართ მატერიაზე მიწებებული. ეს საწყალი მშობელი 24 საათი რომ მუშაობს, რათა თავისი შვილი უზრუნველყოს, მაშინ რა არის ბედნიერება.

ჩემმა ნაცნობმა უცხოელმა პროფესორმა, მეორე პროფესორს უთხრა, რა წარმატებული ახალგაზრდები გყოლიათ საქართველოში, საკუთარ მანქანებში რომ სხედანო. ქართველი პროფესორი ვერ მიხვდა, რას ნიშნავს წარმატებული. უცხოელმა პროფესორმა იგულისხმა, რომ ამ ახალგაზრდამ თავად შეიძინა ეს ავტომობილი. როცა გაიგო, რომ მშობლები ყიდულობენ მანქანებს, კაცი იყო გაოგნებული. ასეთი რამე დაუშვებელია. შენ ყიდულობ მანქანას შენი შვილისთვის იმიტომ, რომ შემდეგ ის შენი „მონა“ იყოს და რაც გინდა ის გააკეთო, გარიგება გაქვს მასთან. შეიძლება ახლა ძალიან ცუდ რაღაცას ვლაპარაკობ... ვერ აცნობიერებს ამას მშობელი. უნდა, რომ ეს გაუკეთოს შვილს, მაგრამ ისიც უნდა, რომ შვილი მისი უფლებებით ცხოვრობდეს. ამიტომ მშობელსაც არ უხარია ცხოვრება და ბავშვსაც არ უხარია ცხოვრება. არავის არ უხარია. ასეთ დეპრესულ საზოგადოებაში, იქნება აგრესია, აბა არ იქნება?“

ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე 

წაიკითხეთ სრულად