Baby Bag

ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს

ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს

ალბერ კამიუ დიდი ფრანგი მწერალი იყო. 1957 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში. კამიუს პატარაობისას დაეღუპა მამა და გაზარდა წერა-კითხვის უცოდინარმა დედამ, რომელიც სმენადაქვეითებული იყო. კამიუზე დიდი გავლენა მოახდინა დაწყებით სკოლაში მისმა მასწავლებელმა ლუი ჟერმენმა. ნობელის პრემიის მიღებისთანავე კამიუმ ლუი ჟერმენს ეს წერილი გაუგზავნა.

წერილი მასწავლებელს

19 ნოემბერი 1957

ძვირფასო ბატონო ჟერმენ,
ვაცადე, ამ დღეებში ჩემ გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმა ცოტა ჩაწყნარებულიყო, რათა გულის სიღრმეში თქვენთვის მოსაწერად საჭირო სიტყვები მომეძებნა.

ამ რამდენიმე დღის წინ იმაზე გაცილებით დიდი პატივი მხვდა წილად, ვიდრე ოდესმე ვისურვებდი. როდესაც ეს ამბავი მაცნობეს, პირველი ვინც გამახსენდა, დედაჩემის შემდეგ, თქვენ იყავით. თქვენ გარეშე, იმ მზრუნველი ხელის გარეშე, რომელიც პატარა საწყალ ბავშვს გამოუწოდეთ, თქვენი სწავლებისა და მაგალითის გარეშე, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა.

ამ ჯილდოს მნიშვნელობას საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ იგი საშუალებას მაძლევს, გითხრათ, რამდენს ნიშნავდით და ახლაც ნიშნავთ ჩემთვის და კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ თქვენი მცდელობები, თქვენი შრომა და თქვენი გული, უშურველად რომ ჩადეთ ამ ყველაფერში, კვლავაც ცოცხლობს თქვენს ერთ-ერთ პატარა მოსწავლეში, რომელიც, განვლილი წლების მიუხედავად, დღესაც თქვენი მადლიერი შეგირდია.
გეხვევით მთელი გულით.

წყარო: ​ნათია მასწავლებელი

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სა​ნდო წყარო“

შეიძლება დაინტერესდეთ

ყოველი დილა ამ 15 სამოტივაციო ციტატით უნდა დაიწყოთ

ყოველი დილა ამ 15 სამოტივაციო ციტატით უნდა დაიწყოთ
იზოლაციაში მყოფ ადამიანებს სტრესის დასაძლევად და ყოველდღიურ რუტინასთან გასამკლავებლად მოტივაცია ნამდვილად სჭირდებათ. გთავაზობთ ციტატებს, რომლებიც დღის სასიამოვნოდ დაწყებაში დაგეხმარებათ და თავდაჯერებას შეგმატებთ.

1. ,,ნებისმიერი წარმატების საწყისი წერტილი სურვილია.“ - ნაპოლეონ ჰილი.

2. ,,ჩვენ ყველა ოცნების ასრულება შეგვიძლია, თუ მიზნამდე მისასვლელად გამბედაობა გვეყოფა.“ - უოლტ დისნეი.

3. „მაშინაც კი, როდესაც ჯოჯოხეთის გავლა გიწევთ, სვლა განაგრძეთ!“ - უინსტონ ჩერჩილი

4. „წარმატება უიღბლობიდან უიღბლობამდე ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე სვლაა.“ - უინსტონ ჩერჩილი.

5. „შესაძლებლობები არ არსებობს, მათ თქვენ ქმნით.“ - კრის გროსერი.

6. „შეშლილსა და გენიოსს შორის მანძილი წარმატებით იზომება.“ - ბრიუს ფერშტეინი.

7. „თუ საკითხის შესახებ მარტივად საუბარი არ შეგიძლიათ, ე.ი. თქვენ ის კარგად არ გესმით.“ - ალბერტ აინშტაინი.

8. „ლიდერს მიმდევართაგან ინოვაციურობა გამოარჩევს.“ - სტივ ჯობსი.

9. „სრულყოფილება თუ გიზიდავთ, მიზნის მიღწევა დღესვე შეგიძლიათ. ამ წამსვე მიზნად დაისახეთ, რომ საქმეს მხოლოდ სრულფასოვნად შეასრულებთ.“ - თომას უოტსონი.

10. „ადამიანები ამბობენ, რომ მოტივაცია უსასრულოდ არ გრძელდება, ასევეა ბანაობაც. სწორედ ამიტომ ვბანაობთ ყოველდღიურად.“- ზიგ ზიგლარი.

11. „წარმატება საკუთარი თავის მოწონებაა, იმის მოწონება, თუ როგორ აკეთებთ საქმეს, რომელიც მოგწონთ.“ - მაია ანჯელოუ.

12. „წარმატებულ ადამიანებს ძლიერი მამოძრავებელი იმპულსი აქვთ. რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევენ ისინი, მეტად ოცნებობენ წარმატებაზე და მისკენ მიმავალ ახალ გზებს პოულობენ. როდესაც ადამიანი წარუმატებელია, ის გამუდმებით დაღმავალ ხაზს მიუყვება.“ - ტონი რობინსი.

13. „როგორც კი იგრძნობთ, რომ უმრავლესობის მხარეს ხართ, შეჩერდით და დაფიქრდით!“ - მარკ ტვენი.

14. ,,წარმატებული მებრძოლი ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც ლაზერისებრი ფოკუსი აქვს.“ - ბრიუს ლი.

15. ,,საცობში არ მოხვდებით, თუ სხვებზე მეტ მანძილს გაივლით.“ - როჯერ შტაუბახი.

ახლა კი დროა საკუთარი ყოველდღიურობის შეცვლაზე იზრუნოთ. მთავარი ფრაზა, რომელიც თქვენს კრედოდ უნდა აქციოთ, შემდეგია: „მოქმედება სიტყვების ნაცვლად!“ 

მომზადებულია​ indiatoday.in-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა
წაიკითხეთ სრულად