Baby Bag

ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს

ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს

ალბერ კამიუ დიდი ფრანგი მწერალი იყო. 1957 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში. კამიუს პატარაობისას დაეღუპა მამა და გაზარდა წერა-კითხვის უცოდინარმა დედამ, რომელიც სმენადაქვეითებული იყო. კამიუზე დიდი გავლენა მოახდინა დაწყებით სკოლაში მისმა მასწავლებელმა ლუი ჟერმენმა. ნობელის პრემიის მიღებისთანავე კამიუმ ლუი ჟერმენს ეს წერილი გაუგზავნა.

წერილი მასწავლებელს

19 ნოემბერი 1957

ძვირფასო ბატონო ჟერმენ,
ვაცადე, ამ დღეებში ჩემ გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმა ცოტა ჩაწყნარებულიყო, რათა გულის სიღრმეში თქვენთვის მოსაწერად საჭირო სიტყვები მომეძებნა.

ამ რამდენიმე დღის წინ იმაზე გაცილებით დიდი პატივი მხვდა წილად, ვიდრე ოდესმე ვისურვებდი. როდესაც ეს ამბავი მაცნობეს, პირველი ვინც გამახსენდა, დედაჩემის შემდეგ, თქვენ იყავით. თქვენ გარეშე, იმ მზრუნველი ხელის გარეშე, რომელიც პატარა საწყალ ბავშვს გამოუწოდეთ, თქვენი სწავლებისა და მაგალითის გარეშე, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა.

ამ ჯილდოს მნიშვნელობას საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ იგი საშუალებას მაძლევს, გითხრათ, რამდენს ნიშნავდით და ახლაც ნიშნავთ ჩემთვის და კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ თქვენი მცდელობები, თქვენი შრომა და თქვენი გული, უშურველად რომ ჩადეთ ამ ყველაფერში, კვლავაც ცოცხლობს თქვენს ერთ-ერთ პატარა მოსწავლეში, რომელიც, განვლილი წლების მიუხედავად, დღესაც თქვენი მადლიერი შეგირდია.
გეხვევით მთელი გულით.

წყარო: ​ნათია მასწავლებელი

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სა​ნდო წყარო“

შეიძლება დაინტერესდეთ

სოციალურ ქსელში ბათუმის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი 12 წლის დათა შომახიას ნამუშევრები ვრცელდება

სოციალურ ქსელში ბათუმის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი 12 წლის  დათა შომახიას ნამუშევრები ვრცელდება

საქართველოს ახალგაზრდულმა აკადემიამ სოციალურ ქსელში ბათუმის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი 12 წლის დათა შომახიას ნამუშევრები გამოაქვეყნა. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს უჩვეულო გამოფენა გვაქვს.

გვინდა გაგაცნოთ 12 წლის ბათუმელი დათა შომახია: ნიჭიერი მხატვარი, საინტერესო ბიოგრაფიით. ბიჭი ,რომელიც ყველა ჩვენთაგანის ტკივილი გახდა.

იგი ერთ-ერთია, ვინც 26 მაისის ქუჩაზე ცხოვრობდა. დედასთან ერთად სახლში იმყოფებოდა და ესწრებოდა ონლაინ გაკვეთილებს ამ ავბედით დღეს.

საქართველოს ახალგაზრდული აკადემია უსამძიმრებს დათას ოჯახს, მეგობრებს, კლასელებს. სიტყვებით ვერ გამოიხატება ის მწუხარება, რასაც მომხდარის გამო განიცდის მთელი საქართველო.

დათა მრავალმხრივ ნიჭიერი იყო. აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში. დაკავებული იყო ცურვით და სწავლობდა გიტარაზე დაკვრას. აღებული აქვს უამრავი ჯილდო და სერტიფიკატი.

დათა იყო ღიმილიანი, ნიჭიერი, კეთილი და იუმორით გამორჩეული ბიჭი.“

დათა შომახიას ნამუშევრები:


წაიკითხეთ სრულად