Baby Bag

ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს

ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს

ალბერ კამიუ დიდი ფრანგი მწერალი იყო. 1957 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში. კამიუს პატარაობისას დაეღუპა მამა და გაზარდა წერა-კითხვის უცოდინარმა დედამ, რომელიც სმენადაქვეითებული იყო. კამიუზე დიდი გავლენა მოახდინა დაწყებით სკოლაში მისმა მასწავლებელმა ლუი ჟერმენმა. ნობელის პრემიის მიღებისთანავე კამიუმ ლუი ჟერმენს ეს წერილი გაუგზავნა.

წერილი მასწავლებელს

19 ნოემბერი 1957

ძვირფასო ბატონო ჟერმენ,
ვაცადე, ამ დღეებში ჩემ გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმა ცოტა ჩაწყნარებულიყო, რათა გულის სიღრმეში თქვენთვის მოსაწერად საჭირო სიტყვები მომეძებნა.

ამ რამდენიმე დღის წინ იმაზე გაცილებით დიდი პატივი მხვდა წილად, ვიდრე ოდესმე ვისურვებდი. როდესაც ეს ამბავი მაცნობეს, პირველი ვინც გამახსენდა, დედაჩემის შემდეგ, თქვენ იყავით. თქვენ გარეშე, იმ მზრუნველი ხელის გარეშე, რომელიც პატარა საწყალ ბავშვს გამოუწოდეთ, თქვენი სწავლებისა და მაგალითის გარეშე, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა.

ამ ჯილდოს მნიშვნელობას საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ იგი საშუალებას მაძლევს, გითხრათ, რამდენს ნიშნავდით და ახლაც ნიშნავთ ჩემთვის და კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ თქვენი მცდელობები, თქვენი შრომა და თქვენი გული, უშურველად რომ ჩადეთ ამ ყველაფერში, კვლავაც ცოცხლობს თქვენს ერთ-ერთ პატარა მოსწავლეში, რომელიც, განვლილი წლების მიუხედავად, დღესაც თქვენი მადლიერი შეგირდია.
გეხვევით მთელი გულით.

წყარო: ​ნათია მასწავლებელი

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სა​ნდო წყარო“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩაატარე ენების ევროპული დღე შენს სკოლაში!“ - ტრენინგი მასწავლებლის სახლში

„ჩაატარე ენების ევროპული დღე შენს სკოლაში!“ - ტრენინგი მასწავლებლის სახლში

11 ივლისს, მასწავლებლის სახლში ტრენინგი გაიმართა სახელწოდებით - „ჩაატარე ენების ევროპული დღე შენს სკოლაში!“ მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხის სკოლებიდან ჩამოსული 35 პირი მონაწილეობდა,  - ინფორმაციას მასწავლებელთ პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„ტრენინგი ევროპის კულტურულ ინსტიტუტთა გაერთიანების საქართველოს წარმომადგენლობა EUNIC - მა გამართა. 2012 წლიდან ყოველ 26 სექტემბერს, ევროპის კულტურულ ინსტიტუტთა გაერთიანების EUNIC საქართველოს წარმომადგენლობა სკოლის მოსწავლეებს ენების ევროპული დღის აღსანიშნავად იწვევს.

ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, უკეთ გაეცნონ ევროპაში მცხოვრები სხვადასხვა ხალხის კულტურულ თუ ენობრივ თავისებურებებს და მიიღონ პრიზები.

2019 წელს გაერთიანება EUNIC გეგმავს ენების ევროპული დღე მთელ საქართველოში აღნიშნოს,“ - აღნიშნულია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად