Baby Bag

,,ღამე არ მეძინა ტკივილისგან, გაუსაძლისია...'' - ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე

,,ღამე არ მეძინა ტკივილისგან, გაუსაძლისია...'' - ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე
ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე კოვიდ დადებითია და უკვე მე-4 დღეა ვირუსს ებრძვის. გთავაზობთ მის პოსტს, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

,,ღამე არ მეძინა ტკივილისგან, გაუსაძლისია. მეჩვენება რომ გრავიტაცია ჩემს სხეულზე 5-ჯერ ძლიერად მოქმედებს და ძალიან მაგრად ექაჩება სადღაც. განსაკუთრებით ფეხები და წელი ვერ უძლებს.
ცოტა მახველებს. როცა ინჰალატორია ჩართული, ყურსასმენებს ვიკეთებ, ვითომ არ მესმის. გადასხმა არ მჭირდება, ვსვამ პლაქვენილს. ყოველ დილით სისხლის აღება აუცილებელია, ექიმებთან კომუნიკაცია მინიმალური. მედდა ლალი ისევ ენერგიულად დაქრის, ან არ ეძინება ან არ იღლება?! სიცხე რომ არ გვაქვს, ისე გვაქებს, ვითომ ჩვენი თავდაუზოგავი შრომის შედეგია.
გვერდით ერთი წლის ბავშვია და ვერ ვიტან სავალდებულო პროცედურები რომ უწევს, ვერ იგებს რას ერჩიან, ბავშვები არ უნდა ხვდებოდნენ აქ!
ტელეფონი დამივარდა, რირშახის ტესტივითაა ეკრანზე უშველებელი ლაქა, ხან ღამურად აღვიქვამ, ხან გაბრაზებულ ზაზუნად (უნდა ვიკითხო ხომ მშვიდობა მაქვს), ვარაუდით ვწერ ტექსტებს.
ოთახის ერთი ბოლოდან მეორემდე 6 ნაბიჯია, ნახევარი ჩემია.
დილით 
Levan რეკავს ყავა მოგენატრებოდაო და ამომიგზავნა ნამცხვრებთან ერთად, გემო თითქოს გავიგე, მგონი ბრუნდება. ვიჯღნავლე- ლევანის ცოლი ექიმია აქ და თავზე აყრია საქმე, ამ დილით სამსახურში რომ მიდიოდა ორივე და ჩემი ყავა გაახსენდათ, კია საჯღნავლი.
აქ ზოგადად ძალიან გულჩვილი ხდები, დღეში რამდენჯერმე ვტირი გარანტირებულად. ხან მოწერილ გამამხნევებელ მესიჯებზე, ხან გარედან შემოსულ, ცოცხალი ქალაქის ხმაზე, ხან კირას კითხვაზე 'დე მალე მოხვალ თუ არა-მალე' და მე რომ უნდა ვუთხრა 'არა-მალე', ხან გაურკვევლობაზე. ვიკა ბუკიას ირინკამ მომიკითხა და ღნავილით მოვკვდი, რაღაცნაირი სევდიანი კავშირი რომ გვაქვს, მარტო ჩვენი, კორონული...
ჩემი კოვიდმეზობელი ნინო კარგადაა, თავისი კლასტერიდან დაურეკეს წეღან: '-კორონა როგორა ხარო?' იგუდებოდნენ სიცილით. მერე იმან იქედან თავისი კოვიდ მეზობელი გვაჩვენა 62 წლის ქალი, საწოლზე ყირაზე იდგა, ფეხები კედელზე შემოელაგებინა და იქნევდა - ვარჯიშობსო, ისევ ვიცინეთ.
უელბეკს ვკითხულობ, მაგრამ მინდა 'სამხრეთული სპილო' არ მქონდეს წაკითხული და ახლა, აქ ვკითხულობდე. ან გორგილაძეს ქონდეს რამე ახალი გამოცემულული. ქართული ამბები მინდა, ეს ევროპები ძალიან შორია ამ ნაცრისფერი პალატიდან.
კახელების იუმორი აქ რომ დავაფასე კი გითხარით. ნინო დგას გუშინ ფანჯარასთან, გარეთ იყურება... გამომხედა ცოტა ნაწყენმა 'დღესაც ღამდებაო' - ისევ ვუგუდებით... ასე ვიცინით, ვიდრე გაგვახსენდება რა საქმეზე ვართ აქ ორივე.''

შეიძლება დაინტერესდეთ

მთავრობის დადგენილება 200-ლარიანი დახმარების გაცემის შესახებ

მთავრობის დადგენილება 200-ლარიანი დახმარების გაცემის შესახებ

„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 ​დადგენილებაში ცვლილებები ​შევიდა​. 

გაეცანით 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესსა და პირობებს:

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესი და პირობები (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს ერთჯერადი სოციალური დახმარების მიღების უფლების მქონე სუბიექტებს, დახმარების ადმინისტრირების პირობებს, დაფინანსების წყაროსა და დახმარების გაცემის ორგანიზაციულ ციკლს.

2. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სოციალური დახმარება – ამ წესით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი გასაცემელი;

ბ) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

გ) სააგენტო – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო;

დ) ზრუნვის სააგენტო – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო;

ე) შემოსავლების სამსახური – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური;

ვ) სერვისების განვითარების სააგენტო – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;

ზ) ბავშვი − 18 წლამდე ასაკის, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქე ან მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე ან სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, ან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი.

3. სოციალური დახმარების გაცემის მიზნით:

ა) სააგენტო უფლებამოსილია, გამოიყენოს როგორც მისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში უკვე არსებული/დამუშავებული მონაცემთა ბაზები/საინფორმაციო სისტემები, ასევე მიიღოს/დაამუშაოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზებში არსებული პერსონალური მონაცემები;

ბ) სამინისტრო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ი.

4. სოციალური დახმარების გაცემასა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებს უზრუნველყოფს სააგენტო.

მუხლი 2. სოციალური დახმარების ოდენობა

სოციალური დახმარების ოდენობა შეადგენს ერთ ბავშვზე 200 ლარს.

მუხლი 3. სოციალური დახმარების გაცემის ადმინისტრირება

1. სოციალური დახმარების მისაღებად საჭიროა ბავშვის შესაბამის ელექტრონულ პორტალზე დარეგისტრირება, გარდა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების შემთხვევისა.

2. ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია ხორციელდება 2020 წლის 15 აგვისტოდან 2020 წლის 1 დეკემბრამდე.

3. ბავშვის ელექტრონულ პორტალზე დასარეგისტრირებლად ბავშვის ერთ-ერთი მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი პორტალზე ავსებს ელექტრონულ განცხადებას.

4. ელექტრონული განაცხადი მოიცავს:

ა) ბავშვის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვის დაბადების მოწმობას;

ბ) მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელს, გვარს, პირად ნომერს (მშობლის გარდა სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ შევსების შემთხვევაში დამატებით ატვირთული უნდა იქნეს კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი);

გ) მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელზე (გარდა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებთან მიმართებით) კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს;

დ) საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერს, რომელზეც მოხდება სოციალური დახმარების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.

5. ელექტრონულ პორტალზე ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სრულყოფილად შეყვანითა და ელექტრონულ პორტალზე არსებული შესაბამისი ველების მონიშვნით მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ასრულებს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციას.

6. ელექტრონულ პორტალზე შევსებული განაცხადით, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადასტურებს შევსებული მონაცემების სისწორეს და უფლებას აძლევს სააგენტოს სოციალური დახმარების მიღებისათვის საჭირო მისი და ბავშვის პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, ასევე მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღებას.

7. სოციალური დახმარების გაცემის მიზნით ელექტრონულ პორტალზე დარეგისტრირებული მონაცემების დამუშავება მოიცავს:

ა) რეგისტრაციის დასრულების მომენტისთვის, ბავშვისა და მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და ბავშვს შორის ურთიერთკავშირი, მოქალაქეობრივი სტატუსი, ბინადრობის სტატუსი, გარდაცვალება) შედარებას სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზასთან;

ბ) ბავშვის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა) ფაქტის შედარებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზასთან, რეგისტრაციის დასრულების მომენტისთვის;

გ) შემოსავლების სამსახურის მეშვეობით მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ მითითებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების სისწორის (მათ შორის, საბანკო ანგარიშის კუთვნილება მშობელთან/კანონიერ წარმომადგენლთან, გარდა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებთან მიმართებით) შედარებას.

8. სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებთან დაკავშირებით ზრუნვის სააგენტო ვალდებულია:

ა) სააგენტოს მიაწოდოს სია (რეესტრი), ბავშვების პირადი მონაცემებით;

ბ) საბანკო ანგარიშის ნომრები;

გ) აქტიურად ითანამშრომლოს სააგენტოსთან სოციალური დახმარების გაცემისათვის, მათ შორის, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების მიმართულებით.

9. სოციალური დახმარება გაიცემა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის დასრულებისა და მონაცემთა დამუშავების შემდგომ, პორტალზე მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით.

10. სოციალური დახმარება გაიცემა იმ ბავშვზე, რომელსაც რეგისტრაციის დასრულების მომენტისთვის (სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვებისათვის სააგენტოსათვის ერთიანი სიის მოწოდების დღეს) არ მიუღწევია 18 წლის ასაკისთვის, იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, არის საქართველოს მოქალაქე, ან არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ აქვს მუდმივი ბინადრობის მოწმობა, ან არის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი. სოციალური დახმარება გაიცემა მიუხედავად ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შემდგომ ამ პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებისა (მათ შორის, ბავშვის გარდაცვალება).

მუხლი 4. სხვა პირობები

1. ამ წესით განსაზღვრული სოციალური დახმარება არ გაითვალისწინება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით განსაზღვრული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ ადმინისტრირებისას ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლისას/შეფასებისას და სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას.

2. სოციალური დახმარების უკან დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაცემის შემდგომ დადგინდა, რომ ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის დასრულების მომენტში ბავშვი არ განეკუთვნებოდა სოციალური დახმარების მიღებაზე უფლებამოსილ პირს. სხვა შემთხვევაში გაცემული სოციალური დახმარება უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

3. სააგენტომ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა შესაბამისმა სამსახურებმა, საკუთარი ტერიტორიული ერთეულების (ფილიალები/ცენტრები და სხვა) მეშვეობით, აღმოუჩინონ დახმარება ფიზიკურ პირებს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

4. ამ წესით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი გასაცემელი არ ექვემდებარება ყადაღას, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“.

იხილეთ დადგენილება ​სრულად.

წაიკითხეთ სრულად