Baby Bag

,,ღამე არ მეძინა ტკივილისგან, გაუსაძლისია...'' - ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე

,,ღამე არ მეძინა ტკივილისგან, გაუსაძლისია...'' - ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე
ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე კოვიდ დადებითია და უკვე მე-4 დღეა ვირუსს ებრძვის. გთავაზობთ მის პოსტს, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

,,ღამე არ მეძინა ტკივილისგან, გაუსაძლისია. მეჩვენება რომ გრავიტაცია ჩემს სხეულზე 5-ჯერ ძლიერად მოქმედებს და ძალიან მაგრად ექაჩება სადღაც. განსაკუთრებით ფეხები და წელი ვერ უძლებს.
ცოტა მახველებს. როცა ინჰალატორია ჩართული, ყურსასმენებს ვიკეთებ, ვითომ არ მესმის. გადასხმა არ მჭირდება, ვსვამ პლაქვენილს. ყოველ დილით სისხლის აღება აუცილებელია, ექიმებთან კომუნიკაცია მინიმალური. მედდა ლალი ისევ ენერგიულად დაქრის, ან არ ეძინება ან არ იღლება?! სიცხე რომ არ გვაქვს, ისე გვაქებს, ვითომ ჩვენი თავდაუზოგავი შრომის შედეგია.
გვერდით ერთი წლის ბავშვია და ვერ ვიტან სავალდებულო პროცედურები რომ უწევს, ვერ იგებს რას ერჩიან, ბავშვები არ უნდა ხვდებოდნენ აქ!
ტელეფონი დამივარდა, რირშახის ტესტივითაა ეკრანზე უშველებელი ლაქა, ხან ღამურად აღვიქვამ, ხან გაბრაზებულ ზაზუნად (უნდა ვიკითხო ხომ მშვიდობა მაქვს), ვარაუდით ვწერ ტექსტებს.
ოთახის ერთი ბოლოდან მეორემდე 6 ნაბიჯია, ნახევარი ჩემია.
დილით 
Levan რეკავს ყავა მოგენატრებოდაო და ამომიგზავნა ნამცხვრებთან ერთად, გემო თითქოს გავიგე, მგონი ბრუნდება. ვიჯღნავლე- ლევანის ცოლი ექიმია აქ და თავზე აყრია საქმე, ამ დილით სამსახურში რომ მიდიოდა ორივე და ჩემი ყავა გაახსენდათ, კია საჯღნავლი.
აქ ზოგადად ძალიან გულჩვილი ხდები, დღეში რამდენჯერმე ვტირი გარანტირებულად. ხან მოწერილ გამამხნევებელ მესიჯებზე, ხან გარედან შემოსულ, ცოცხალი ქალაქის ხმაზე, ხან კირას კითხვაზე 'დე მალე მოხვალ თუ არა-მალე' და მე რომ უნდა ვუთხრა 'არა-მალე', ხან გაურკვევლობაზე. ვიკა ბუკიას ირინკამ მომიკითხა და ღნავილით მოვკვდი, რაღაცნაირი სევდიანი კავშირი რომ გვაქვს, მარტო ჩვენი, კორონული...
ჩემი კოვიდმეზობელი ნინო კარგადაა, თავისი კლასტერიდან დაურეკეს წეღან: '-კორონა როგორა ხარო?' იგუდებოდნენ სიცილით. მერე იმან იქედან თავისი კოვიდ მეზობელი გვაჩვენა 62 წლის ქალი, საწოლზე ყირაზე იდგა, ფეხები კედელზე შემოელაგებინა და იქნევდა - ვარჯიშობსო, ისევ ვიცინეთ.
უელბეკს ვკითხულობ, მაგრამ მინდა 'სამხრეთული სპილო' არ მქონდეს წაკითხული და ახლა, აქ ვკითხულობდე. ან გორგილაძეს ქონდეს რამე ახალი გამოცემულული. ქართული ამბები მინდა, ეს ევროპები ძალიან შორია ამ ნაცრისფერი პალატიდან.
კახელების იუმორი აქ რომ დავაფასე კი გითხარით. ნინო დგას გუშინ ფანჯარასთან, გარეთ იყურება... გამომხედა ცოტა ნაწყენმა 'დღესაც ღამდებაო' - ისევ ვუგუდებით... ასე ვიცინით, ვიდრე გაგვახსენდება რა საქმეზე ვართ აქ ორივე.''

შეიძლება დაინტერესდეთ

ვინ და რა ტიპის დახმარებით ისარგებლებს დაწესებული შეზღუდვების გამო? - პრემიერი დეტალებზე

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელ თათბირზე იმ დახმარებებზე ისაუბრა, რომლითაც ისარგებლებენ მოქალაქეები დაწესებული შეზღუდვების გამო.

იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე კვირით იზღუდება საცალო ვაჭრობა, ბაზრობები, მოლები, მაღაზიები და ამ სექტორში ბევრი მოქალაქეა დასაქმებული, მთავრობა აწესებს იმავე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, როგორიც იყო თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის პერიოდში - 300 ლარი ერთჯერადად. ამასთან, მთავრობის მეთაურის თქმით, 300-ლარიანი დახმარების გარდა, მთავრობა იღებს ვალდებულებას, ამ სექტორში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს, რომელსაც გააჩნია სესხი, სესხის გადავადებაში დაეხმაროს. 

„რაც შეეხება საქართველოს მთავრობის სოციალური და ბიზნესის დახმარების მეოთხე ფაზას - ჩვენი ბიზნესის და სოციალური დახმარების წინა სამი ეტაპი იყო უკიდურესად მიზნობრივი. თუ პირველი ტალღის პირობებში იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცოდით ეპიდემიის და ეკონომიკური კრიზისის შედეგების მასშტაბი, ვეცადეთ, რომ ეს ყოფილიყო მაქსიმალურად გადანაწილებული ყველა სოციალურ ჯგუფზე, დღეს უკვე გამოვყოფთ წერტილოვნად, თუმცა დაფარვის პრინციპსაც ვინარჩუნებთ. იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე კვირით ვზღუდავთ საცალო ვაჭრობას, ბაზრობებს, მოლებს, მაღაზიებს და გვესმის, რომ აქ დიდი რაოდენობით ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული, ვაწესებთ იმავე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, როგორიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის პერიოდში. ეს გახლავთ 300 ლარი ერთჯერადად. ჩვენ დაწყებული გვაქვს ამ ადამიანების აღრიცხვა იმ კომპანიებთან ერთად, სადაც ისინი არიან დასაქმებულები. არაფორმალურად დასაქმებულთათვის, 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარებით პირველი ტალღის პერიოდში ისარგებლა 250 000-მა ადამიანმა. ამჯერად, იქიდან გამომდინარე, რომ დავიწროებულია სფერო, რომლის მიმართაც იქნება მიმართული ეს დახმარება, ვფიქრობთ, რომ იქნება დაახლოებით 100-120 ათასი ბენეფიციარი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი გრძელდება და საკმაოდ მძიმე 2021 წელი იქნება, შესაბამისად, ეკონომიკური კრიზისის ეფექტი გადანაწილებულია ფაქტობრივად ქვეყნის ყველა მოქალაქესა და სოციალური ჯგუფების უმრავლესობაზე. 

„ამიტომ, ჩვენ ვადასტურებთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ 4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის, დაიფარება. გარდა ამისა, სოციალური დახმარების მიზნობრივი პროგრამა, რომელმაც პირველი ტალღის დროს ძალიან კარგად იმუშავა - ფორმალურად დასაქმებული პირებისთვის, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, ჯამურად 1 200 ლარის გაცემა 6 თვის განმავლობაში, 1-ლი იანვრიდან თავიდან დაიწყება და დამატებით 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ყველა ის ადამიანი, რომელმაც ამ კრიზისში დაკარგა სამსახური, მიმართავს სახელმწიფოს, დამატებით მიიღებს სახელმწიფოსგან დახმარებას 1200 ლარის ფარგლებში, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით. პირველი ტალღის პირობებში ამ დახმარებით ისარგებლა 125 000-მა ადამიანმა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამჯერადაც დაახლოებით იგივე რიცხვი იქნება. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა. ეს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია დღევანდელი და მსგავსი კრიზისების პირობებში, რომელიც ეხება არაფორმალურად დასაქმებულთა ან მოკლევადიანი შემოსავლების მქონე პირთა შემოსავლის დაკარგვის რისკს, ამ პროგრამას ვაახლებთ და 65 000-დან 100 000-მდე სოციალური ქულის ყველა ოჯახს 6 თვის განმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან დახმარების სახით ექნება 100 ლარი, ისევე, როგორც ეს იყო პირველი ტალღის დროს. მაშინ ამ პროგრამით ისარგებლა 72 ათასმა ოჯახმა. გარდა ამისა, დამატებით 0-დან 100 000 ქულამდე მქონე ოჯახები, ვისაც ჰყავთ 3 ან მეტი არასრულწლოვანი, 16 წლამდე შვილი, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად სახელმწიფოს მხრიდან მიიღებენ 100 ლარის ოდენობის დახმარებას. გარდა ამისა, 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 100-ლარიანი დახმარება გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში. ეს დაფარავს 43 ათას ადამიანს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

გარდა ამისა, პრემიერის თქმით, სახელმწიფოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება სესხების გადავადება იმ ობიექტებისთვის, რომლებსაც შეზღუდვები შეეხება, და თითოეულ ინდმეწარმეს და ფიზიკურ პირს, რომელსაც ასეთი დახმარება დასჭირდება, სახელმწიფო დაეხმარება. მთავრობის მეთაურმა იმ ღონისძიებებზეც ისაუბრა, რომელსაც ხელისუფლება ბიზნესის მხარდაჭერის ნაწილში განახორციელებს. „ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შეთავაზება და დახმარება ბიზნესისთვის ეს გახლდათ საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 1 500 ლარამდე ხელფასების მქონე მათი თანამშრომლებისთვის 750 ლარზე, როდესაც ჩვენ ბიზნესს ვათავისუფლებთ ამ საშემოსავლო გადასახადიდან და სახელმწიფო იხდის ამ გადასახადს. წინა ტალღის პირობებში ამ შეღავათმა დაფარა 33 000 კომპანია და შეეხო 425 000 დასაქმებულს, ეს იყო დაახლოებით 260 მლნ ლარი. ჩვენ ამ პროგრამას გავაგრძელებთ 6 თვით. ტურიზმის სექტორში დასაქმებულთათვის 2021 წლის პერიოდში ქონების გადასახადი გაუქმდება, ისინი სრულად გათავისუფლდებიან ქონების გადასახადისგან. ტურიზმის სექტორში 2020 წლის განმავლობაში 4 თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადი გადავადებული იყო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტურიზმის სექტორს ეს გადავადებული საშემოსავლო გადასახადი სრულად ჩამოეწერება. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ტურიზმის სექტორთან ერთად დღეს აშკარად გამოჩნდა, რომ რესტორნების ბიზნესი არის უკიდურესად დაზარალებული, ამიტომ სასტუმროების დახმარების ის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი - სასესხო ვალდებულებების პროცენტის სუბსიდირება, რესტორნების ბიზნესზეც გავრცელდება. ყველა სარესტორნო დაწესებულებას, კომპანიას, რომელსაც გააჩნია საბანკო სასესხო ვალდებულება სახელმწიფო 6 თვის განმავლობაში დაუსუბსიდირებს საპროცენტო განაკვეთს. ეს მე-4 ფაზის დახმარების პორტფელი, როგორც მიზნობრივი სოციალური, ასევე ბიზნესის დახმარების კუთხით, მთლიანობაში სახელმწიფოს დაუჯდება 1 მლრდ 100 მლნ ლარი. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის ის მინიმუმი, რომლის გაკეთებაც შეგვიძლია დღეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

წაიკითხეთ სრულად