ავტორი: გიორგი კეკელიძე
წუხელ დარდად ჩამყვა და ახლა მოგიყვებით, რასაც ამ გზა-გზა, სოფელ-სოფელ ხეტიალისას ვნახულობ და ვისმენ. ცოტა შორიდან მოგიყვებით: ისე გავიზარდე - მშობლები, რომლებიც მოულოდნელად გაღარიბდნენ, ისევე, როგორც სხვები იმ უმძიმეს წლებში, წელზე ფეხს იდგამდნენ. თვითონ იკლებდნენ და მე არ მშიოდა. არც მციოდა. მამაჩემი თხილის ხისგან მშვილდისარს რომ მიკეთებდა, ამით ისრის სროლას კი არა, სიხარულს მასწავლიდა. ირგვლივ გამქრალ და მივიწყებულ სიხარულს. სიგარეტს აღარ ეწეოდა და იმ დაზოგილი ფულით, ცხრა ქუჩის გადაღმა მივდიოდით, საღეჭი რეზინი რომ გვეყიდა. ის გზა, სახლიდან ტონიას ბუტკამდე, ბედნიერების პირველად შემჩნევის და განცდის გზა იყო. მაგრამ ცხადია, ბევრი რამ მაკლდა. ძალიან ბევრი. მეტს საბანი ვერ წვდებოდა. და ზუსტად, ძალიან ზუსტად ვიცი, რომ ის ოცნებები, რაც მაშინ მქონდა, ის სურვილები, რაც მაშინ დამებადა, ახლა მთებიც რომ გადავდგა, ვეღარ ახდება. აბა, რად მინდა დღეს ჯინსის შარვალი ჯიბეზე მიქარგული ფეხბურთელით? არ ჩამეტევა. ან ტეტრისის ყუთი? ათასიც რომ ვიყიდო, უსიხარულო იქნება ეს ამბავი. ბავშვობას ვერსად აინაზღაურებ. ცრუ იმედია. სულ ტყუილია იმის დასაყრდენებაც, რომ სირთულეში გაზრდილები უფრო დიდ სიმაღლეებს წვდებიან. კი, წვდებიან, მაგრამ ეს ბავშვობას ვერ შველის. ბავშვობა დგას ზურგს უკან და ჩამქრალი თვალებით გიყურებს. შენ სხვა ხარ და ის სხვა. სულ მძულდა სიტყვა „უნდა“. ყოველთვის გავურბოდი. ახლაც. სხვისი ნაკარნახევის აუცილებლობად ქცევის განზრახვა მგონია. მაგრამ არის დრო, როცა „უნდა“ გარდაუვალია:
..ბავშვები არ უნდა შიმშილობდნენ.
..ბავშვებს არ უნდა სციოდეთ.
..ბავშვებს უნდა შეეძლოთ თამაში.
..ბავშვებს უნდა შეეძლოთ სწავლა.
..ბავშვებს უნდა შეეძლოთ სიხარული.
რომელიმე პარტიის აღარცმთლად ნორჩი აქტივისტი გეგონეთ? არა! ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ვინც კვირაში ბარემ ათამდე სოფელს სტუმრობს. და იქ მესმის: ნიკას ინტერნეტი არ აქვს, არც კომპიუტერი, მასწავლებელი ურეკავდა მეზობლის ტელეფონზე და ასე კარნახობდა გაკვეთილებს. ლელას რვეულები არ ჰქონდა და მეგობრის რვეულს იყენებდა, რომელიც მხოლოდ ცალ გვერდზე წერდა და მერე ლელას აჩუქა. მერე მეორეზე ლელა წერდა. ბექას ერთი შარვალი აქვს და როცა ურეცხავენ, სკოლაში ვერ მოდის. ძალიან რცხვენია და სიცხე მაქვსო, მამიდას აბარებს. ობოლია, მამიდა ზრდის. ნინის შოკოლადი უყვარს. იმ დღეს ოცნებების დახატვა ვთხოვეთ და დიდი მთა დახატა შოკოლადის ფილებით და მიაწერა: „ფული რომ მექნება, შიკოლათს ვიყიდი“. ლაშას, ეკას, ნოდარს, ლუკას, ლიკას, გვანცას...
ჩემი ცხოვრების გზის უმთავრესი განცდა ეს ბავშვები არიან. არც ეკრან-ეკრან ხეტიალს ვაპირებ და არც ბრტყელი სიტყვებით პირის გასველებას. ხედავთ, ალბათ, ძალიან ვერიდები საჯაროდ ამ ფორმით გამოჩენას, შოუებიდან მოძღვრას და სახეზე კამერის წინ ღრმა ფიქრის მორგებას. ვერიდები, თუმცა ყველას ვთხოვ: ამ შოუს ხალხსაც და შოუს გარეთ მყოფთაც, პოლიტიკოსებსაც და მათ მოძულეთაც, დიდი და უფრო დიდი ფულის მქონეთაც - ეძებეთ ასეთი ბავშვები. ეძებეთ. იოლად იპოვით. უბრალოდ თვალი გაახილეთ და გვერდით გაიხედეთ.
ბავშვებს დახმარება სჭირდებათ.
ბავშვებს დახმარება უნდათ.