Baby Bag

ერთ დღეს ჩემს მოსწავლეებს ეს იგავი წავუკითხე

ერთ დღეს ჩემს მოსწავლეებს ეს იგავი წავუკითხე


ამის შესახებ ფილოლოგი, პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

ერთ დღეს ჩემს მოსწავლეებს ეს იგავი წავუკითხე:

დიდი ხნის წინ ერთ ქალაქში ცხოვრობდა მასწავლებელი, რომელსაც ბევრი მოწაფე ჰყავდა. ერთხელ მათ შორის ყველაზე ნიჭიერი ჩაფიქრდა: „არსებობს კითხვა, რომელზეც ჩვენი მოძღვარი ვერ მიპასუხებს?“
აყვავებულ მინდორში ულამაზესი პეპელა დაიჭირა და ხელისგულებში მოიმწყვდია. პეპელა ხელისგულებზე ფეხებით ებღაუჭებოდა და უღუტუნებდა. გაღიმებული მოწაფე მასწავლებელთან მივიდა და ჰკითხა:
- აბა, მითხარით: ხელებში ცოცხალი პეპელა მყავს თუ მკვდარი?
მას მშვენიერი მწერი ხელისგულებში ისე ჰყავდა მომწყვდეული, რომ ნებისმიერ წამს მზად იყო, მასწავლებლის პასუხის შესაბამისად, ცოცხალი დაეტოვებინა ან მოეკლა. მოძღვარს მისი ხელებისთვის თვალიც არ შეუვლია, ისე უთხრა:
- ყველაფერი შენს ხელშია.
ჩემმა მოსწავლეებმა ეს იგავი ასე შეაფასეს:
1. იგავები მარტივად გვესაუბრებიან რთულზე;
2. ფრაზებს განსხვავებულ სიტუაციებში სხვადასხვა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეთ;
3. პრობლემებს არა ერთი გადაწყვეტა აქვთ;
4. ცხოვრება სავსეა პიროვნულ გადაწყვეტილებათა სიმრავლით;
5. ის დამუხტულია, აგრეთვე, ფარდობითობებით;
6. გამოცდილება მეყსეულ პასუხებს ბადებს;
7. ზოგჯერ ასწავლო, ნიშნავს მარტო დატოვო საკუთარ თავთან.
იმ დღეს ჩემს ბავშვებს არა უშავდათ - სტანდარტულ სიმაღლეზე დაბლა არ ჩამოსულან.
არც კი იციან, როგორ მიყვარს ისინი, როცა ფიქრობენ და... ნებისმიერ სხვა დროსაც.

შეიძლება დაინტერესდეთ

„მივმართავ ყველას, რომელთაც ჰყავთ დედა და მამა ან ერთ-ერთი მაინც დაუჩოქეთ და სთხოვეთ ლოცვა-კურთხევა“

„მივმართავ ყველას, რომელთაც ჰყავთ დედა და მამა ან ერთ-ერთი მაინც დაუჩოქეთ და სთხოვეთ ლოცვა-კურთხევა“

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავი მსვლელობის მონაწილეებს მიმართა. გთავაზობთ პატრიარქის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„უფალი ბრძანებს, პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა. მივმართავ ყველას, რომელთაც ჰყავთ დედა და მამა, ერთ-ერთი მაინც. დაუჩოქეთ დღეს, დაიჩოქეთ იმათ წინაშე და სთხოვეთ ლოცვა-კურთხევა. დედისა და მამის ლოცვა-კურთხევა ქმნის სასწაულს, სასწაულს ნახავთ თქვენს ცხოვრებაში, ბედნიერი იქნებით. გახსოვდეთ, რომ ოჯახი ბედნიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კანონიერი ოჯახია, კანონიერი ოჯახი კი შედგება მამაკაცისა და დედაკაცისგან. ბედნიერი იყავით, ბედნიერი იყოს ყოველი ოჯახი საქართველოსი და მსოფლიოსი, ჩვენთან არს ღმერთი.“
წაიკითხეთ სრულად