Baby Bag

„იმ ბიჭს, ასე რომ მომწერა: „ძვირფასო თოვლის ბაბუ, მე ბევრი სურვილები მქონდა, მაგრამ რაც მამა გარდაიცვალა, ახლა მე მხოლოდ მისი დაბრუნება მინდა“. ვუთხარი, რომ...“

„იმ ბიჭს, ასე რომ მომწერა: „ძვირფასო თოვლის ბაბუ, მე ბევრი სურვილები მქონდა, მაგრამ რაც მამა გარდაიცვალა, ახლა მე მხოლოდ მისი დაბრუნება მინდა“. ვუთხარი, რომ...“

,,წუხელ ღამით, აი, იმ ბიჭს, ასე რომ მომწერა: „ძვირფასო თოვლის ბაბუ, მე ბევრი სურვილები მქონდა, მაგრამ რაც მამა გარდაიცვალა, ახლა მე მხოლოდ მისი დაბრუნება მინდა“. ვუთხარი, რომ მე ძალიან უცნაური თოვლის ბაბუა ვარ. არც მე მყავს მამა. არ მომიტყუებია, ვუთხარი - რადგან ნიკოლოზი პატარაა, მაგრამ ყველაფერს ხვდება. ამიტომ არ მითქვამს, რომ მამამისი სამოგზაუროდ წავიდა და რაღაცები გამომატანა, რომ მამა წერილებს დაწერს და მე ჩავუტან ხოლმე. სიმართლე ვუთხარი. ვუთხარი, რომ მამისი საერთოდ არსადაც არ წასულა. 

მეტიც, ის აწი უფრო ახლოს იქნება მასთან და საითაც გასწევს, ყველგან წაყვება. ყველა აღმართზე, ზურგიდან ხელის შეშველებას იგრძნობს, ის იქნება მამამისი. თუ დაღმართზე დაშვებული, ძალას იგრძნობს და შეჩერდება - ეგეც მამამისი იქნება. მამას ყოველთვის ექნება ბილეთი - ავტობუსზეც და თვითმფრინავზეც. და როცა გაიზრდება და ახალ გზებს მოსინჯავს, მამაც იქ იქნება. 

ეს ზუსტად ვიცი და ამიტომ ვუთხარი. ზუსტად ვიცი, რადგან მამაჩემი ახლა აქაა, როცა ამ სიტყვებს მწერს და მეტიც, ამ სიტყვებს მამაჩემი მკარნახობს. მამაჩემი დეკემბრის ოცდარვაში გარდაიცვალა. გარდაიცვალა ანუ სამუდამო ბილეთი აიღო ჩემს გვერდით. 
მე და ნიკოლოზი შევთანხმდით, რომ ოცდარვაში მასთან და ოზურგეთში ყველაზე დიდი ბიბლიოთეკის მოწყობას დავიწყებთ. პირველ წიგნებს ამ ბიბლიოთეკისთვის სწორედ მაშინ შემოვდებთ თაროზე. კიდევ შევთანხმდით რაღაცებზე, მაგრამ იმ ამბებს საიდუმლოდ დავიტოვებთ. 

დილით მესიჯი მხვდება ნიკოლოზისგან: ,,ugrmesi madloba. imdenad gamitbet guli. verc davidzine. emociebshi var exlac. me tqven miyvarxarr" და ალბათ ნიკოლოზმა არ იცის, რომ თვითონ არის ყველაზე მაგარი თოვლის ბაბუა. ჩემი თოვლის ბაბუა.''

ავტორი: გიორგი კეკელიძე

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დ​ედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„​მე თავისუფალი მასწავლებელი ვარ. ღმერთის გარდა, „უფროსი“ არ მყავს“

„​მე თავისუფალი მასწავლებელი ვარ. ღმერთის გარდა, „უფროსი“ არ მყავს“

ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„მე თავისუფალი მასწავლებელი ვარ. ღმერთის გარდა, „უფროსი“ არ მყავს. პატივს მივაგებ იმათ, ვინც ოდესმე მაღალ ფიქრსა და ქცევას გამოხატავდა ან გამოხატავს.

ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა ჩემთვის არის: სიყვარული, ღირსება, მსახურება და თავისუფლება. ოთხივე ერთად ჩემი რწმენის ურყევი საფუძველია.

არასდროს ვიღლები ცხოვრებით, რადგან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც სიამოვნებას მანიჭებს: ვკითხულობ, ვწერ, ვასწავლი ან ვცდილობ ადამიანის მიმართ სიყვარული და ზრუნვა გამოვხატო. ეს ბოლო ჩემი საყვარელი საქმიანობაა - ძალიან მიხარია, როდესაც ის იღიმება, ვინც მიყვარს.

დრო მთლიანია. სხვაგვარად ის არ არსებობს. სამყაროს დაბადების პირველი წამიდან ბოლო წამამდე ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება და გამოხატავს. არავინ და არაფერია უერთმანეთო აზრით სავსე.

მთავარი, რაც ბავშვებს (და „დაგვიანებულ“ დიდებსაც) უნდა ვასწავლოთ, სწორედ ეს არის - მისი გაცნობიერების გარეშე კაცის მთავარი პასუხისმგებლობა ვერ დაიბადება. ეს ადამიანად ყოფნის პასუხისმგებლობაა.

სიბრძნე მარტივია და „სირთულეები“ არ სჭირდება.

ასწავლე, რომ ისწავლო.

ასწავლე, რომ სცადოს, სამყარო უკეთესი გახადოს.

ასწავლე, რომ ყოველდღე განვითარდეს.

ასწავლე, რომ უყვარდეს და სულ გრძნობდეს პასუხისმგებლობას.

ასწავლე, რომ არ არის საკმარისი, აღიაროს სიკეთე და პატივი მიაგოს მას - უნდა დაიცვას კიდეც.

ასწავლე, რომ საზრისის გარეშე სიცოცხლე არაფერია და ვერ გარდაიქმნება ცხოვრებად.

ასწავლე, რომ ზნეობას პაუზა და გამონაკლისები არ უხდება.

დღეს 2021 წლის 9 ივლისია და რაც აქ წერია, ყველაფერი მართალია.“

წაიკითხეთ სრულად