Baby Bag

„მედარდებიან ჩვენი ბავშვები, მოზარდები, მათი ფსიქოსომატური მდგომარეობა... სახლებში გამოკეტილები, კოშმარული სიზმრის დასასრულის მოლოდინით ცხოვრობენ და ენატრებათ სილაღე“

„მედარდებიან ჩვენი ბავშვები, მოზარდები, მათი ფსიქოსომატური მდგომარეობა... სახლებში გამოკეტილები, კოშმარული სიზმრის დასასრულის მოლოდინით ცხოვრობენ და ენატრებათ სილაღე“

ამის შესახებ სოციალურ ქსელში პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ინგა მამუჩიშვილი წერს.

მედარდებიან ჩვენი ბავშვები, მოზარდები, მათი ფსიქოსომატური მდგომარეობა... ძალიან ბევრი მირეკავს სხვადასხვა პრობლემით: ფობიები, აგზნებადობა, უძილობა, ისტერიები, ეკრანმიჯაჭვულობა ნომერ პირველი პრობლემა, რაც იწვევს ინფორმაციულ, ემოციურ სტრესს და საბოლოოდ ოქსდაციური სტრესის განვითარებას!!! აღარც სიყვარული, აბა საიდან კომუნიკაციები მხოლოდ ვირტუალური, არც სხვა გრძნობები, რომელთა ატროფიაც ხდება დროთა განმავლობაში... გახსოვთ???? დაჭერობანა, დამალობანა, წრეში ბურთი. ამ თამაშების დროს რაღაცნაირად ხდებოდა გრძნობათა რეალიზება, იმას იჭერდნენ, ვინც მოწონდათ, ბურთს ესროდნენ, დასდევდნენ დაჭერობანას დროს, თმებს აწიწკნიდნენ, გმირობის ჩადენას ლამობდნენ ბიჭები, კლასში შეყვარებული გოგონას ჩადენილ დანაშაულს (მაგალითად, ყვავილის ქოთნის გატეხვა) თვითონ იბრალებდნენ, ამ გრძნობების გამოხატვის უამრავი საშუალება იყო... ახლა... ვირტუალური სამყარო... ენატრებათ მეგობრები, თვალების შემოცეცება, ნაზი შეხება... ქურთუკის საყელოს გასწორება, შოკოლადის ან წიგნის მიწოდების დროს ხელის ხელთან შეხება, რვეულის ან წიგნის წასართმევად გამოკიდება, დაჭერა და თვალებში გრძნობით ჩახედვა, სუფთა და სპეტაკი... დიახ, ეს ყველაფერი ენატრებათ ბავშვებს, ნიღაბში იმალება გრძნობები, ქვეცნობიერში ილექება ნატვრა და ოცნება... მეშინია, გრძნობათა ატროფია არ დაეწყოთ... როდესაც მშობლებს მათი ნერვული აშლილობის ამ მიზეზებს განვუმარტავ, არ უნდათ აღიარება (მშობლიური ეგოიზმი), მაგრამ დამიჯერეთ ასეა... ნუ გაგიკვირდებათ მათი აფექტურობა, წუწუნი, უხასიათობა... იგიჟეთ თქვენც ხშირად მათთან ერთად, მოუსმინეთ იმ მუსიკას, რასაც უსმენენ, გაუტოლეთ თავი, მოუყევით თქვენი თავგადასავლები, მეტად მოეფერეთ, ოღონდ თანაგრძნობის გარეშე! არასოდეს არ დაამციროთ მოზარდი, არ დაუწუნოთ არჩევანი, „არ აშაყიროთ“ (ეს მათ ყველაზე მეტად არ ესმით და აღიზიანებთ) ნუ აავსებთ შენიშვნებით! მეტი ოპტიმიზმი ხმის ტონში! მეტი იმედი! მეტი დამაჯერებლობა!!! ის, რომ მალე დამთავრდება ეს კოშმარი და ჩვეული რუტინული ყოფა დაიწყება, რომელიც მათია და ენატრებათ, მაგრამ თქვენიც მესმის ჩემო ძვირფასებო, თქვენს ნერვებსაც მოფრთხილება უნდა... თუმცა თქვენს მეხსიერებაში კარგი მომენტებიც ხომ არის, ტკბილად გასახსენებელი, ამათ ცნობიერებას კი ძალიან უჭირს, ძალიან!!! ჯერ პატარები არიან, მათ ახლა უნდათ აწყვეტა, თავისუფლება, გრძნობებთან თამაში, სპორტი, სიმღერა, სწავლა... სამწუხაროდ, სახლებში გამოკეტილები, კოშმარული სიზმრის დასასრულის მოლოდინით ცხოვრობენ და ენატრებათ სილაღე. კიდევ ერთხელ გილოცავთ, განსაკუთრებით ჩემს ბავშვებს და მოზარდებს. ჩვენ დავამარცხებთ ვირუსს და თქვენ გაგათავისუფლებთ სულიერი ტყვეობიდან, დაგიბრუნებთ ბედნიერ ბავშვობას, გპირდებით.

შეიძლება დაინტერესდეთ

„სხვისი შვილი არ არსებობს, ეს დაიხსომეთ, ჩემო ძვირფასებო, ყველა ბავშვი ჩვენი საზრუნავია,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია შვილების მეგობრები კარგად შეისწავლონ და მათ ოჯახებსაც დაუახლოვდნენ:

„ბავშვს შეიძლება კარგი მეგობარიც გაუჩნდეს და ცუდიც გაუჩნდეს. ბავშვები სხვადასხვა ოჯახებში, სხვადასხვა ზნეობით იზრდებიან. როდესაც აღზრდილი ნაკლებად აღზრდილს უკავშირდება, შეიძლება, ყოველთვის კარგი გავლენა არ მოხდეს. შევისწავლოთ ჩვენი 13 წლის ქალიშვილის მეგობრები. მათ მშობლებს დავუკავშირდეთ. დაბადების დღეზე ჩვენი წრე შევქმნათ მშობლებმა. დავპატიჟოთ ჩვენი შვილები და გავიცნოთ ისინი.​ მე თქვენს შვილს დავაკვირდები, თქვენ ჩემსას დააკვირდით, შევეშველოთ ერთმანეთს.“

შალვა ამონაშვილის თქმით, სხვისი შვილი არ არსებობს და ყველა ბავშვი ჩვენი საზრუნავია:

„სხვისი შვილი არ არსებობს, ეს დაიხსომეთ, ჩემო ძვირფასებო. შენ ეს ბავშვი მოგაბარეს, მაგრამ მეორე ბავშვი, რომელსაც სხვა დედა ჰყავს, სხვისი შვილი კი არ არის. თუ ის სწორად არ გაიზარდა, შეიძლება თქვენს შვილს რამე ავნოს, ან პირიქით. ყველა ბავშვი ჩვენი საზრუნავია. გაერთიანდით დედები და მამები. ეს კარგად იმოქმედებს თქვენი შვილების სამეგობრო წრეზე.“

„სწორია დედა, რომელიც შვილის მეგობრების გამო შფოთავს, მაგრამ ბავშვს კი არ უნდა ეჩხუბოთ ამის გამო. შვილს არ აუკრძალოთ მეგობრობა. დააკვირდით, კარგი თვისებებით მოდის თუ ცუდი თვისებებით მათგან ბავშვი,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად