Baby Bag

„რატომ არ უნდა შეეკამათო საყვარელ ქალს? - ათი მცირე შეგონება პატარა და დიდი ბიჭებისთვის“

„რატომ არ უნდა შეეკამათო საყვარელ ქალს? - ათი მცირე შეგონება პატარა და დიდი ბიჭებისთვის“
რატომ არ უნდა შეეკამათო საყვარელ ქალს? - აღნიშნულ თემაზე ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც ​MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,რ ა ტ ო მ ა რ უ ნ დ ა შ ე ე კ ა მ ა თ ო ს ა ყ ვ ა რ ე ლ ქ ა ლ ს ?

(ათი მცირე შეგონება პატარა და დიდი ბიჭებისთვის)

1. შეიძლება არ მოეწონოს - ეს ყველაზე დიდი და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ამ სოფელში არც მთავრდება;

2. რომც მოუგო, იმ დღეს თუ არა, სხვა დროს მაინც წააგებ - და არა ერთხელ;

3. კამათში დამარცხებისას მისი მშვენიერება იმალება, რაც შენს გამარჯვებას აუტანელს ხდის;

4. მისი დამარცხება იმდენად იშვიათია, რომ სახსენებლად და შეჩვევად არც ღირს - უფრო მეტი ყალბი განცდა ილუზიების მაღაზიაშიც დეფიციტია;

5. ეს იმიტომ ხდება, რომ სათანადო არგუმენტები და დეტალები მას გაცილებით უკეთ და სრულად ახსოვს - ამ ტიპის მახსოვრობის ან მიხვედრილობის შედარებისას შენი შანსები ნულია;

5. კრიტიკულ ვითარებაში ერთს გაიღიმებს და წინარე მიღწევები განზე დაგრჩება - ეს აბსოლუტური იარაღია;

6. მის მხარეს იქნება ყველა ქალის ადრინდელ გამარჯვებათა ძალა, მაშინ როდესაც შენ მხოლოდ ინდივიდუალურად გაირჯები - ქალთა სოლიდარობის ძალა დედამიწის სხვა მოსახლეებისას ხარისხობრივად აღემატება;

7. ათასში ერთხელ წაგებულ კამათს ის არ დაივიწყებს და ვაგლახად გაგახსენებს ნებისმიერ საჭირო შემთხვევაში - მაგალითად, უფსკრულის პირას სეირნობისას;

8. მისი მარცხის საფასურს ნებისმიერ შემთხვევაში შენ გადაიხდი - ეს გარდაუვალი კომპენსაციაა;

9. თუ გაიმარჯვე, ისე შემოგხედავს, რომ სამყაროს არსებობის პირველი წამისა და საკუთარი დაბადების შეგრცხვება;

10. პირველი ცხრა ამბავი ვერ გაიგე ან არაფრად ჩააგდე? - სჯობს ახლავე მიხვიდე და წინასწარ ბოდიში უთხრა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენს სახლზე დაუყოვნებლივ გაჩნდება წარწერა: "აქ ცხოვრობს სულელი".

ჯერ კიდევ ძველები ამბობდნენ:

"არსებობს ქალის მართვის ორი გზა.
პირველი - დაემორჩილო, მეორე კი არავინ იცის".

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფ​ი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„უფროსებო, დადექით ბავშვების ბავშვობის სადარაჯოზე. ნუ ჩააცმევთ მათ ხუთი ზომით დიდ ფიქრს, ათი ზომით დიდ საქმეს, თხუთმეტი ზომით დიდ დარდს“

„უფროსებო, დადექით ბავშვების ბავშვობის სადარაჯოზე. ნუ ჩააცმევთ მათ ხუთი ზომით დიდ ფიქრს, ათი ზომით დიდ საქმეს, თხუთმეტი ზომით დიდ დარდს“
უფროსებო, დადექით ბავშვების ბავშვობის სადარაჯოზე. ნუ ჩააცმევთ მათ ხუთი ზომით დიდ ფიქრს, ათი ზომით დიდ საქმეს, თხუთმეტი ზომით დიდ დარდს. ასე არ შეიძლება, ძალიან არ შეიძლება!
კი, ისევ ბავშვებზე უნდა მოგიყვეთ. და საერთოდ - მათზე ხშირად მოგიყვებით. ეს იქნება ჩემი მთავარი მოსათხრობი საქმე.
გუშინ დუშეთიდან ლამის ფასანაურამდე ავუყევი. აქ ისეა, რომ ყოველ მოსახვევზე მცირე საძოვარია, მერე აკლაკნილი გზა და მერე პატარა სოფელი. და ამ საძოვრებზე, აუცილებლად შეგხვდებათ ბავშვი მწყემსი, ორმოციოდ ძროხას რომ მოუძღვება, ჯარისკაცის უზარმაზარი საწვიმარი აცვია და ორი ზომით დიდი ქუდი ახურავს. განა ამბავს ვამხატვრულებ და ვამძაფრებ - ზუსტი სურათია, ზეპირი. ჰო, კიდევ ერთი დიდი ბოთლი, წყლისთვის და პარკი, სადაც ალბათ რამე წასალუკმი უდევს. ყველი. პური. ასეთი ბავშვი გუშინ სამი შემომხვდა. სამივე სხვადასხვა სოფლიდან. სამივე დიდი სევდით და მორცხვი ღიმილით. სამივე საგანგებო დავალებით - „თუ ვინმე საეჭვომ გკითხოს, აუცილებლად უთხარი, რომ ეს ერთხელ გამოხვედი სამწყემსად და მანამდე არ ყოფილხარ“. 

​შენ მაინც ეკითხები და ისინი იმეორებენ ამ დავალებას: „აი, ძია, ძალიან იშვიათად ვეხმარები ხოლმე, ძალიან, თუ ავათა არიან“ და წვიმს, წვეთები ქუდიდან სახეზე ეწურებათ, სახე დახრილი აქვთ და მზერას ქვევით, უკვე შემხმარ ბალახებში მალავენ. მერე მე ვეკითხები სკოლის სახელს, საღამოს ვეძებ დირექტორს ან მასწავლებელს და ისინი მიყვებიან, რომ „თედო, რაც სკოლა დაიწყო, კლასში არა ყოფილა, კომპიუტერი? ვინ მისცემს მაგას კომპიუტერს? რომც აჩუქოთ, ზედ ვინ დასვამს? ისეთი ნიჭიერი ბავშვია, მაგრამ კვირაში ერთხელ თუ გამოჩნდა, დიდია. მაგ ბავშვსა, ბავშვობა არა ჰქონია, თვალით არ უნახავს. გული დაგეწვება, გული. მეზობელმა მითხრა, დილით ექვსზე რომ წამოაგდებენ, მიაჩეჩებენ რაღაცას საგზალივით და წავიდა ძროხაში. ნუ იტყვით, ნუ იტყვით. ხან სახელმწიფოს ხალხი მივიდა, ხან ნათესავი, მაგრამ ბავშვი ისე ჰყავთ დაშინებული, სულ კარგს ამბობს და სულ მათ ქებაშია“ და განა თედოა მხოლოდ ასე, განა მხოლოდ ნიკო ან ზვიადი. ან განა მხოლოდ დუშეთიდან ფასანაურამდე მიდის ეს გზა? ის აჭარიდან იწყება და კახეთის ბოლოს წვდება. ალბათ საზღვარსაც ცდება, მაგრამ მე უფრო ჩვენი ამბავი მაინტერესებს. და ამ გზაზე დგანან ბავშვები, რომელთაც მშობელმა, ან ბიძა-ბიცოლამ ან ვინმე ნათესავმა, ვისთანაც იზრდება, ადგა და ბავშვობა გამოგლიჯა ხელიდან. ბევრი ოცნება და ცოტა სიზარმაცე, ბევრი თამაში და ცოტა წიგნიც - აი, ასე გამოგლიჯა, ხელში სახრე შეაჩეჩა და გაუშვა. ამ გზაზე. ეს გზა კი არსად არ მიდის. ის არც ტაძრამდე მიიყვანს ამ ბავშვებს და ასე განსაჯეთ, არც უფსკრულამდე. ეს გზა არის და არც არის. გაყინული გზაა. საზარელი საცობი. ამ გზაზე დგანან ეს ბავშვები. აწვიმთ და იღიმიან.

​ახლა ის არ მითხრათ, რომ ოჯახს უჭირს. ვიცი და ამაზე ვილაპარაკე. კიდევ ვილაპარაკებ. და კიდევ. სახელმწიფო. საზოგადოება. მაგრამ ამ უბედურების ამ ნაწილზე ვწერ და ცხადად ვიცი, რომ არაფერია იმაზე დიდი დანაშაული, ვიდრე ბავშვისთვის სწავლის უფლების წართმევა და ღიმილის უფლების წართმევა და ცელქობის უფლების წართმევა და კიდევ ბევრი, ბევრი რამის წართმევა. თან ეს წართმევა ისეთია, რომ ვერავინ დაუბრუნებს და ვერც თვითონ. სხვა ოჯახებსაც უჭირთ მათ მეზობლად, იგივე სოფლებში და იგივე ქუჩებზე. მაგრამ იკლებენ და ბავშვს აძლევენ.

​ჩემებსაც უჭირდათ მაშინ, მაგრამ სკოლაში წასვლის წინ ყიყლიყოს მახვედრებდნენ და გაპრიალებულ ჩანთას. თვითონ სხვა რამეს ჭამდნენ. სხვა რამეს იცვამდნენ. განა მე არ ვეხმარებოდი მშობლებს? ვეხმარებოდი და აქ არც სამარცხვინოა რამე. მაგრამ სადაც საქმე სწავლაზე მიდგებოდა, მშობლები უკან დგებოდნენ და წინ მიშვებდნენ. ეგ არის - თუ ახალ სიცოცხლეს ბადებ, საკუთარს უნდა მოაკლო.

​საგანგებოდ გავყევი სახლისკენ ამასწინათ ერთ მათგანს, ობოლ ბიჭს და დავინახე სახლის წინ, პატარა აივანზე ტელევიზორი იდგა, დეიდამისი და კიდევ ერთი ქალი რაღაც ბოდვას უმზერდნენ და იცინოდნენ, ბიძა კიდევ ჭიშკრის წინ იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. ვიფიქრე, მივალ, ვეტყვი რამეს, მაგრამ მერე ისიც ვიფიქრე, რომ მე წავალ და ეს მოზარდი იქ დარჩება. და რომ დარჩება, თქვენც ხვდებით, რა დღესაც დააწევენ.
ჰოდა, იქ ვერ ვთქვი და აქედან გეუბნებით: უფროსებო, დადექით ბავშვების ბავშვობის სადარაჯოზე. ნუ ჩააცმევთ მათ ხუთი ზომით დიდ ფიქრს, ათი ზომით დიდ საქმეს, თხუთმეტი ზომით დიდ დარდს. ასე არ შეიძლება, ძალიან არ შეიძლება!
ავტორი: გიორგი კეკელიძე 

წაიკითხეთ სრულად