Baby Bag

„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო“

„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო“
„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო. ყველას, ოროსანს, ხუთოსანს, სპორტსმენს, ძველ ბიჭს, მოცეკვავეს, რუსულში მაღალი ნიშანი ჰყავდა.
- გაგაგდებენ - ვეტყოდი ხოლმე.
- კარგი ერთი...
- მაშინ დაგიჭერენ.
- კიბატონო, მაგრამ ჯერ ისინი დაიჭირონ, ზევით - ამბობდა და თვალს მიკრავდა. მთავრობას გულისხმობდა, ცხადია.
- რუსულად “დედა” როგორაა, იცის?
- არა, მაგრამ კარგი ბავშვია. მომეშვი დათუნა.
მანანასთვის არ არსებობდა ცუდი ბავშვი. ყველა კარგი იყო, რაღაცნაირად.
დღეს ყველაზე ცუდი მასწავლებლის და ყველაზე კეთილშობილი ადამიანის დაბადების დღეა. არ მიყვარს, რომ ამბობენ ამდენი და ამდენი წლის გახდებოდაო. ვერ გახდა, ფაქტია. დედაჩემი სულ 42 წლისაა. ამდენის იყო, როცა პირველად ვკითხე და ამდენის იქნება სულ - ცივ სამარეშიც და ჩემს მეხსიერებაშიც.
ხანდახან, როცა მისი არყოფნა განსაკუთრებით აუტანელი ხდება, ვაზისუბანში მივდივარ და მისი ზარდახშის მუსიკას ვუსმენ - ეს უფრო ცუდად მხდის. სუსტი კაცი ვარ, რომ იცოდეთ.
ზოგჯერ იმ ადგილებში ვსეირნობ, ერთად რომ დავდიოდით. ამასწინათ, ბაზრობაზე მისი საყვარელი დახლის მეპატრონემ მკითხა, დედა როგორ არის, სად დაიკარგაო. კარგადაა, ვეღარ იცლის, საქმეები და რამე, ხომ ხვდებით-მეთქი. გამოვბრუნდი და გავსკდი ჯღავილით.
სიტყვა-სიტყვით მახსოვს ჩვენი უკანასკნელი დიალოგი. ასეთივე სიცხადით წარმოვიდგენ ჩვენს სამომავლო შეხვედრას. არ ვიცი, მე რამდენის ვიქნები, მაგრამ დედა... დედაჩემი, როგორც გითხარით, 42 წლისაა. მორცხვად გამიღიმებს, აქ სად მოსულხარ შე მაიმუნოო, მეტყვის და ბევრს მაკოცებს. მერე ამ მთისასაც მოვყვებით და იმ ბარისასაც.
დაბადების დღეს გილოცავ ყველაზე მაგარო გოგო.
დღეს გინახულებ.“

წყარო: ტელეწამყვან და ბლოგერ დათო გორგილაძის ​ფეისბუქი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„მე მოვიგონებ ხოლმე ბავშვისთვის ზღაპრებს... მინდა, მისთვის ყველა ზღაპარი ბედნიერად სრულდებოდეს,“ - მარიტა მელიქიშვილი და გიორგი გასვიანი პირველ შვილთან შეხვედრისთვის ემზადებიან

„მე მოვიგონებ ხოლმე ბავშვისთვის ზღაპრებს... მინდა, მისთვის ყველა ზღაპარი ბედნიერად სრულდებოდეს,“ - მარიტა მელიქიშვილი და გიორგი გასვიანი პირველ შვილთან შეხვედრისთვის ემზადებიან

ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი და მისი მეუღლე მარიტა მელიქიშვილი ძალიან მალე პირველი შვილის მშობლები გახდებიან. წყვილი პატარას დაბადებას მოუთმენლად ელის და მასთან შეხვედრისთვის გულმოდგინედ ემზადება. მარიტა მელიქიშვილი გეგმავს, რომ შვილს მის მიერ გამოგონილ ზღაპრებს მოუყვება:

„ერთი პერიოდი ზღაპარს ჩვენ ვიგონებდით. ალბათ, მე მოვიგონებ ხოლმე ზღაპრებს. ყველა ზღაპარი მისთვის მინდა, რომ ბედნიერად სრულდებოდეს. მინდა, ჩემი გამოგონილი ზღაპრები მოვუყვე. ცხოვრებისეულ მომენტებს მოვუყვები ხოლმე ზღაპრის სახით.“

მარია მელიქიშვილის თქმით, მისი და გიორგის სიყვარულის ისტორია ბავშვსაც შთააგონებს და ბევრ რამეს ასწავლის:

​ჩვენი სიყვარულის ისტორიიდან იმასაც გაიგებს თვითონ და ისწავლის, რომ ყველაფერი, რაც მშვენიერი ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ხდება შემთხვევითობის პრინციპით. როგორც კი ხელოვნურად გინდა, რომ ბედნიერება მოიტანო, მაშინვე უფასურდება. ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი იმდენად ბუნებრივად მოხდა, რომ ისიც იპოვის სიყვარულს, რომელიც მისთვის იქნება არა ხელოვნური, არა დადგმული, არამედ ბუნებრივი, რეალური და გულწრფელი.“

„ბავშვისთვის კომოდიც გვაქვს, კარადაც, მაგრამ ვერ მოვითმინეთ და სპეციალური საკიდი შევქმენით, რომელზეც მის ტანსაცმელს ვკიდებთ. ამას ვუყურებთ ხოლმე, ასე ვიძინებთ, ასე ვიღვიძებთ. ძალიან კარგ ხასიათზე ვართ,“ - აღნიშნულ საკითხზე წყვილმა ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „სიკეთე მარტივია“ ისაუბრა.

წყარო: ​„სიკეთე მარტივია“

წაიკითხეთ სრულად