Baby Bag

ოქტომბრიდან თბილისს ხუთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება

ოქტომბრიდან თბილისს ხუთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება

2019 წლის ოქტომბრიდან დედაქალაქს კიდევ 5 საბავშვო ბაღი შეემატება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახლადაშენებულ საბავშვო ბაღებში უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, უსაფრთხოების ბადეები, სახანძრო უსაფრთხოება და ა.შ. ამასთან, შენობები ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

„მინდა, ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია მივაწოდო მოსახლეობას: 2019 წლის შემოდგომიდან (ოქტომბრიდან) დედაქალაქის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს კიდევ ხუთი საბავშვო ბაღი შეემატება. როგორც იცით, ჩვენ ათი საბავშვო ბაღის მშენებლობა დავაანონსეთ. ხუთი უკვე მშენებლობის პროცესშია, უშუალოდ სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ოქტომბერში დასრულდება. ორი მათგანი შენდება გლდანის მეექვსე და მერვე მიკრორაიონებში, ერთი დიღმის მასივში, ერთიც ფონიჭალაში და ერთი ისანში, ნავთლუღის ქუჩაზე. ჯამში, ამ ბაღების მშენებლობის ბიუჯეტი დაახლოებით, 11 მლნ ლარი. ახალი ბაღების გახსნის შედეგად, თბილისში კიდევ 1500 -მდე აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი განათლების მიღებას. ჩვენ ვიცით, რომ დიდია მოთხოვნა, შესაბამისად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა შევთავაზოთ აღსაზრდელებს და მათ მშობლებს,“ – აღნიშნა თბილისის მერმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისთვის პროდუქტების დარიგების პროცესი განახლდა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისთვის პროდუქტების დარიგების პროცესი განახლდა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისთვის პროდუქტების დარიგების პროცესი განახლდა. პროექტი ერთჯერადად, თბილისის მერის გადაწყვეტილებით განხორციელდება და ის ეპიდვითარების გამო, სააღმზრდელო პროცესის განახლების ორი კვირით გადადებას უკავშირდება.

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე საკვები პროდუქტების გაცემის პროცესს ისნის რაიონში მდებარე N182 ბაგა-ბაღში გაეცნო. საბავშვო ბაღში ახალი სააღმზრდელო წლისთვის 500-ზე მეტი აღსაზრდელია რეგისტრირებული და პროდუქტების პაკეტს ყველა მსურველი მიიღებს.

„მოგეხსენებათ, ქალაქის მერის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტი მარტიდან ივნისის ჩათვლით უკვე განვახორციელეთ და პროდუქტი შვიდ ეტაპად გაიცა. ნობათები ჯამში 50 000-ზე მეტმა აღსაზრდელმა მიიღო. პროდუქტების გაცემისას დაცული გვაქვს კოვიდ 19-ის პრევენციისთვის დადგენილი რეგულაციები და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. იმედი გვაქვს, რომ პროცესი ამჯერადაც უსაფრთხოდ წარიმართება“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

თბილისის 183 საბავშვო ბაღში ამჟამად 58 005 აღსაზრდელია რეგისტრირებული. სააღმზრდელო წლის განახლება კი ბაღებში პირველ ოქტომბერს იგეგმება.

წაიკითხეთ სრულად