Baby Bag

3 შეცდომა, რომელსაც მშობლების უმეტესობა შვილის ბაღში პირველად მიყვანის დროს უშვებს

3 შეცდომა, რომელსაც მშობლების უმეტესობა შვილის ბაღში პირველად მიყვანის დროს უშვებს

16 სექტემბერს ბაღებში არაერთი ბავშვი წავა პირველად. პატარებისთვის ახალ გარემოსთან შეგუება არ არის მარტივი. ამ პროცესს კი ხშირად მშობლები კიდევ უფრო ართულებენ შეცდომებით, რომლებსაც არცოდნის გამო უშვებენ.

ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლის  ​„დიალოგ​ის“ ფსიქოლოგი ქეთი მესხიშვილი გვესაუბრა იმ სამ გავრცელებულ შეცდომაზე, რომელიც მშობლებს შვილის ბაღში პირველად მიყვანისას მოსდით:

1. ბავშვის ტირილის იგნორირება

თუ ბავშვი ტირის, არ ჩერდება, აუცილებლად შეყევით ბაღში და მასთან ერთად იყავით ცოტა ხანი. უცხო ადამიანებთან და უცხო გარემოსთან ადაპტირება პატარებს განსაკუთრებით უჭირთ - ღიზიანდებიან, ტირიან. მართალია, მათ მოსწონთ ბაღის სიტუაცია (სათამშოები, ყურადღებიანი აღმზრდელები, ბავშვები), მაგრამ აქვთ შიში, რომ მშობლების გარეშე დარჩებიან. სწორედ ეს შიში გახლავთ ჭირვეულობის მიზეზი. პირველ დღეებში თუ ბავშვი ძალიან განიცდის, შესაძლებელია, ცოტა ხანი მშობელიც მასთან ერთად იყოს ბაღში, თუმცა ეს არ უნდა გაგრძელდეს დიდ ხანს, რადგან მერე უფრო გართულდება შეგუება.

2. პირველ დღეს ბავშვის მთელი დღე ბაღში დატოვება

ბაღში პირველად წასვლა განცდებთან არის დაკავშირებული. პატარები რომ არ გადავტვირთოთ ზედმეტი ემოციებით, მიაკითხეთ უფრო ადრე და სახლში წაიყვანეთ. ბაღში ადაპტაციის პროცესი შეიძლება მშობლების დაგვიანებამ გაართულოს. ეს რომ არ მოხდეს, ბავშვის ბაღში ყოფნის პირველი დღეები უფრო ხანმოკლე უნდა იყოს.


3. ბაღში სიარულის სანაცვლოდ ყოვედღიური წახალისების შეპირება

შეცდომაა, როდესაც მშობლები ბაღში სიარულის სანაცვლოდ, ბავშვს ყოველდღიურად წამახალისებელ ჯილდოს აძლევენ. შესაძლოა, კვირაში ერთხელ წავახალისოთ ბავშვი ბაღში სიარულისა და კარგად მოქცევისთვის, თუმცა ზოგიერთი მშობელი ბაღიდან გამოყვანისთანავე შვილს ჯილდოს სახით ხან კანფეტებს აძლევს და ხან სათამაშოებს. ბავშვს უნდა ავუხსნათ, რომ ბაღში სიარული აუცილებელია და ასეთი აუცილებელი რამეების გამო, მას მომავალში არავინ დააჯილდოებს.

სასურველია, სანამ ბავშვს ბაღში მიიყვანთ, დარწმუნდეთ, რომ ის ნამდვილად მზად არის ​​ამისთვის.​

შეიძლება დაინტერესდეთ

რა მდგომარეობაა თბილისის ბაგა-ბაღების სამზარეულოებში - (ფოტოები)

რა მდგომარეობაა თბილისის ბაგა-ბაღების სამზარეულოებში - (ფოტოები)

თბილისის ბაგა-ბაღებში კვების ბლოკების მონიტორინგი სააღმზრდელო წლის დაწყების პირველივე დღიდან განახლდა, - ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამზარეულოს მუშაობას, საკვების მომზადებასა და სანჰიგიენური ნორმების დაცვას სააგენტოს ხელმძღვანელი პირადადაც აკონტროლებს. კახაბერ გვანცელაძე მონიტორინგის მიზნით, N74, N3, N56 და N84 ბაგა-ბაღებში იმყოფებოდა.

16 სექტემბრიდან ბაღებში საკვებიც მომზადება დადგენილი სტანდარტების მიხედვით შეუფერხებლად მიმდინარეობს, მოწესრიგებული და განახლებულია სამზარეულოს ინვენტარი, დაცულია სახანძრო უსაფრთხოებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფას 16 სექტემბრიდან ორი ახალი კომპანია ახორციელებს, რომელიც სახელმწიფო შესყიდვის გზით გამოვლინდა. მარცხენა სანაპიროზე არსებულ ბაგა-ბაღებს კომპანია „ეკოლუქსი“, მარჯვენა სანაპიროზე კი კომპანია „ქართული რძის პროდუქტები“ ამარაგებს.

წაიკითხეთ სრულად