Baby Bag

თბილისის ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება

თბილისის ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება

ახალი სააღმზრდელო წლიდან დედაქალაქის ბაღებში დასაქმებული ყველა თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს მიიღებს.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, შრომითი ანაზღაურების ზრდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად ხორციელდება.

„2020 სასწავლო-სააღმზრდელო წლიდან სკოლებსა და ბაღებში მასწავლებელთა შრომითი ანაზღაურების ზრდის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გასული წლის სექტემბერში განაცხადა. გადაწყვეტილების შესაბამისად, დედაქალაქის მერთან ერთად, წლის დასაწყისშივე დავიწყეთ მუშაობა ბიუჯეტის დაგეგმვაზე და მოხარული ვარ, რომ უკვე სექტემბერში არა მხოლოდ აღმზრდელები, არამედ ბაღში დასაქმებული 10 800-ივე თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს აიღებს“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, თბილისის ბაღებში თანამდებობრივი სარგო სხვადასხვა პოზიციაზე 10-დან 20%-მდე მოიმატებს. კერძოდ, საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის ანაზღაურება იზრდება 15%-ით, სამეურნეო ნაწილის კოორდინატორის - 10%-ით, ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორის - 10%-ით, აღმზრდელის - 20%-ით, აღმზრდელის თანაშემწის - 20%-ით, მუსიკის პედაგოგის - 10%-ით, ცეკვის პედაგოგის - 10%-ით, მზარეულის - 10%-ით, მზარეულის დამხმარის - 10%-ით, დარაჯის/დაცვის - 15%-ით, დამლაგებლის - 10%-ით, მრეცხავის - 10%-ით, საქმის მწარმოებლის - 10%-ით, სპეციალური პედაგოგის - 20%-ით, ფსიქოლოგის - 10%-ით, ლოგოპედის - 10%-ით, ბიბლიოთეკარის - 15%-ით, მუშის - 15%-ით, მებაღის - 15%-ით, მეეზოვის - 15%-ით, დირექტორის - 10%-ით, დირექტორის მოადგილის - კი 10%-ით.

კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ხელფასების მატების შედეგად, სახელფასო ფონდი წლიურად 8 086 773 ლარით გაიზრდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

ქართველი მასწავლებელი პრესტიჟული გერმანული პრემიის მფლობელი გახდა

ქართველი მასწავლებელი პრესტიჟული გერმანული პრემიის მფლობელი გახდა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართველი პედაგოგი პრესტიჟული გერმანული პრემიის მფლობელი გახდა. ზეინაბ მურჯიკნელი მსოფლიოს იმ 10 მასწავლებელს შორისაა, რომლებიც PASCH პრემიის მფლობელები არიან.
პარტნიორი სკოლების პროგრამა (PASCH) 2008 წელს შემუშავდა და მასში მსოფლიოს 2000-ზე მეტი სკოლაა ჩართული. პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 35 ქვეყნიდან 483 ადამიანის მიერ 62 კანდიდატურა დასახელდა.
PASCH ჯილდოს ის ადამიანები იღებენ, რომლებიც გერმანულს როგორც მეორე ენას ასწავლიან და მოსწავლეებს ინტერკულტურულ ღირებულებებს უზიარებენ.

ზეინაბ მურჯიკნელს 25 დეკემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე შეხვდა და ორგანიზაციის სახელით საჩუქრები გადასცა.

წაიკითხეთ სრულად