Baby Bag

ბავშვებს ინდივიდუალური ჩანთები გადაეცემათ, რომლებშიც პერსონალური ნივთები იქნება მოთავსებული

ბავშვებს ინდივიდუალური ჩანთები გადაეცემათ, რომლებშიც პერსონალური ნივთები იქნება მოთავსებული

თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვებს ინდივიდუალური ჩანთები დაურიგდებათ, რომლებშიც სხვადასხვა მეთოდური მასალა (ფანქრები, მაკრატლები, პასტელები და სხვა) იქნება მოთავსებული. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ნივთები ყველა ბავშვისთვის ინდივიდუალური იქნება, რათა საერთო საგნების მოხმარება მაქსიმალურად შეიზღუდოს. გვანცელაძის ინფორმაციით, მკაცრდება თეთრეულის რეცხვის წესი და საბავშვო ბაღებს რეგულაციით გაწერილი წესების ზედმიწევნით დაცვით კომპანია მოემსახურება.

ამასთან, კატეგორიულად იკრძალება სახლიდან წაღებული ნივთების ბაღში შეტანა, ბაღის კუთვნილი სათამაშოების დეზინფექცია კი დღის განმავლობაში რამდენჯერმე განხორციელდება.

კახა გვანცელაძის განცხადებით, უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, ბაღის შენობაში მშობლებს არ შეუშვებენ – ბავშვს შენობის შესასვლელთან დახვდება ეკიპირებული თანამშრომელი, რომელიც აღსაზრდელს მის ჯგუფამდე მიაცილებს, სადაც მას აღმზრდელი გადაიბარებს. ბაღში მომუშავე ყველა პირი სამუშაო დღის განმავლობაში აღჭურვილი იქნება ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.

ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბავშვები ჯგუფის შიგნით დაიყოფიან ქვეჯგუფებად, რომლებსაც ერთმანეთთან მინიმალური შეხება ექნებათ, იგივე პრინციპით წარიმართება კვების პროცესი. აიკრძალა მაშტაბური ღონისძიებები, ზეიმების, ფესტივალების ჩატარება. ასევე, აკრძალულია სხვადასხვა ჯგუფის ბავშვების შერევა საგანმანათლებლო აქტივობების ან/და კვების დროს. კარგი ამინდის შემთხვევაში კი სააღმზრდელო პროცესი ეზოში გადაინაცვლებს.

გვანცელაძის განცხადებით, სამზარეულოებში ჭურჭელი სამგანყოფილებიან ნიჟარაში, 65 გრადუს ცელსიუსის ტემპერატურის წყალში გაირეცხება, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება მოუწევთ დისტრიბუტორებსაც. მშობლები ბავშვების გაყვანასაც მხოლოდ მათთვის განსაზღვრულ დროის მონაკვეთში შეძლებენ.

გვანცელაძის თქმით, რეგულაციების შესრულება სააგენტოს 5 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ხან მგონია, რომ სიზმარში ვარ...ჩემგან 10 ნაბიჯში, სასწრაფოს მანქანაში, ვიღაც სიკვდილს ებრძვის და ვიღაც გაბმულად კივის''

,,ხან მგონია, რომ სიზმარში ვარ...ჩემგან 10 ნაბიჯში, სასწრაფოს მანქანაში, ვიღაც სიკვდილს ებრძვის და ვიღაც გაბმულად კივის''
კოვიდინფიცირებული პაციენტი კატერინა მიქელაძე სოციალურ ქსელში იმ კლინიკაში არსებულ სიტუაციას აღწერს, სადაც თავად მკურნალობს. გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:

,,უმძიმესი პაციენტი მოიყვანა სასწრაფომ, ადგილი არ არის და ვერ ღებულობენ. საშინელი ამბავია გარეთ, პაციენტის პატრონი ანგრევს ყველაფერს, კლინიკის ექიმები გიჟებივით დარბიან, გაუტანეს ჟანგბადი და სასწრაფოს მანქანაში ასუნთქებენ. ძალიან მძიმე მოსასმენია სასოწარკვეთილი ადამიანების მუდარა, დერეფანში მაინც შეიყვანეთ და გადამირჩინეთო. 

ხან მგონია, რომ სიზმარში ვარ. პირველი ეტაპის ინფიცირებულები 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში დაარიგეს და მეორე ეტაპის პაციენტებს საავადმყოფოებში ვერ აწვენენ. საშინლად მძიმე დღეშია მედპერსონალი, ძალიან მეცოდებიან. ვწვები და ბალიშს ვიფარებ სახეზე, მსუბუქი პნევმონია მაქვს და სტაბილური ვარ. გაიდლაინით ჯერ არ მეკუთვნის კლინიკის დატოვება. ჩემგან 10 ნაბიჯში, სასწრაფოს მანქანაში, ვიღაც სიკვდილს ებრძვის და ვიღაც გაბმულად კივის. სრულ კოშმარში ვარ და თან მრცხვენია, თან მეშინია,'' - აღნიშნავს კატერინა მიქელაძე. 

წაიკითხეთ სრულად