Baby Bag

ყველა ადამიანისთვის აუცილებლად სანახავი იაპონური დრამა ომის შესახებ, რომელსაც სამყარო მომავალი ომებისგან უნდა გადაერჩინა

ყველა ადამიანისთვის აუცილებლად სანახავი იაპონური დრამა ომის შესახებ, რომელსაც სამყარო მომავალი ომებისგან უნდა გადაერჩინა

სტუდია „გიბლის“ მიერ გადაღებული დრამა „ციცინათელების სამარხი“, რომელიც ომის საშინელებებს აღწერს, დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ანიმე ობოლი და-ძმის მძიმე ხვედრის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის მიწურულს საკუთარი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან.

„1945 წლის 21 სექტემბერი, ეს არის დღე, როდესაც მე მოვკვდი,“- ამბობს ფილმის მთავარი გმირი სეიტა. ეს სულისშემძვრელი ფრაზა მთავარი გმირების ბედს ანიმეს დასაწყისისშივე გვამცნობს.

კინოკრიტიკოსმა როჯერ ებერტმა „ციცინათელების სამარხს“ ომის შესახებ გადაღებულ ფილმებს შორის, ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი უწოდა.

ნებისმიერი ომის დროს ტრაგედია გარდაუვალია. იაპონური ანიმე სწორედ იმ საშინელი ტრაგედიის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ბავშვებმა მათ ქალაქზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შემდეგ გადაიტანეს. იმპრესიონისტული ეფექტებით მდიდარი შედევრი აცოცხლებს ადამიანებზე ომის გავლენის დამანგრეველ ძალას.

კინოკრიტიკოსები ლეგენდარული ანიმეს მთავარ დანიშნულებად ადამიანებში ჰუმანისტური დამოკიდებულებების გაღვივებას და მომავალი ომების პრევენციას მიიჩნევდნენ. ფილმი მეორე მსოფლიო ომის მეტაფორაა და ბევრად მეტია, ვიდრე ორი მთავარი გმირის ტრაგიკული სიკვდილის ამბავი. ის შედევრია არა იმიტომ, რომ სევდიანი დრამაა, არამედ იმ გაკვეთილის გამო, რომელსაც ის გვასწავლის.

წყარო: ​Bbc.com

შეიძლება დაინტერესდეთ

რას გულისხმობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც 2024 წლამდე საქართველოს ყველა სკოლაში უნდა დაინერგოს?

რას გულისხმობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც 2024 წლამდე საქართველოს ყველა სკოლაში უნდა დაინერგოს?

გეოგრაფიის საგნის ექსპერტმა მეგი ტალახაძემ ახალი, ​მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ ისაუბრა. 2024 წლამდე ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი სწორედ აღნიშნულ გეგმაზე დაყრდნობით უნდა წარიმართოს:

„პირველი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის, რა თქმა უნდა, არის მოსწავლე, მასწავლებელი, სასკოლო კულტურა. უმთავრესი მიზანი არის, რომ ჩვენ შევქმნათ, ჩამოვაყალიბოთ კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედებითი მოქალაქეები. აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ საგნებში მიღებული ცოდნის რეალობაში გადმოტანა. ყველა სკოლაზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ გვაქვს ეს პრობლემა და სასწავლო პროცესი უნდა გახდეს მოსწავლეზე ორიენტირებული.“

მეგი ტალახაძის თქმით, ახალი გეგმის დანერგვა ერთიანად, ერთ თვეში ვერ მოხერხდება:

„ეს ერთიანად ერთ წელში, ერთ თვეში არ კეთდება. არსებული რეფორმის შემდეგ ყოველთვის ხდება კვლევები. ​კვლევების შედეგად ვიღებთ გარკვეულ პრობლემებს და ამ პრობლემების მიხედვით ხდება შესაბამისი უკუკავშირის გაცემა. მნიშვნელოვანი ნაწილი არის სწორედ ის, რომ პედაგოგებთან ნაბიჯ-ნაბიჯ იქნეს მიღწეული დასახული მიზნები. აქ არის მხარდამჭერი ჯგუფები, 24 მხარდამჭერი ჯგუფი მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ ჯგუფებში ჩართული არიან: საგნის ექსპერტები, ინკლუზიური განათლების ექსპერტები, ლიდერობის ექსპერტები, განათლების ექსპერტები, რომელთაგან ვიღებთ უკუკავშირს, შეფასებებს. ეს არის სკოლების დონეზე უწყვეტი პროცესი. მასწავლებელი მიდის სკოლაში, ის ნერგავს პროცესს. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ამ ბალანსს ემყარება. ყველა საგნის პრიორიტეტები და ინტერესი უნდა გამოიკვეთოს. ჩვენ გვაქვს გარკვეული ჩავარდნები, თუნდაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით.“

„ყოველ წელს ემატება სკოლები. ამ წუთას 600 სკოლაა. რეგიონების დონეზეც თუ ვსაუბრობთ, ჩვენ რეგიონის, მუნიციპალიტეტის დონეზე, ყველა სოფლის სკოლასთან გვაქვს კავშირი. ​პედაგოგები, რა თქმა უნდა, მოგვყვებიან. ჩვენ ვიღებთ მათ უკუკავშირს. მათ შეკითხვებზე გვაქვს ერთობლივი გააზრების პროცესი. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმაც მათ მიერ წამოღებულ თითოეულ უკუკავშირს შესაბამისად პასუხობს. მნიშვნელოვანი გამოწვევაა შეფასების ნაწილი. არ უნდა იყოს შეფასება ნიშანზე ორიენტირებული. შეფასება უნდა იყოს განვითარებასა და პროგრესზე ორიენტირებული,“ - აღნიშნულ საკითხზე მეგი ტალახაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად