Baby Bag

ყველა ადამიანისთვის აუცილებლად სანახავი იაპონური დრამა ომის შესახებ, რომელსაც სამყარო მომავალი ომებისგან უნდა გადაერჩინა

ყველა ადამიანისთვის აუცილებლად სანახავი იაპონური დრამა ომის შესახებ, რომელსაც სამყარო მომავალი ომებისგან უნდა გადაერჩინა

სტუდია „გიბლის“ მიერ გადაღებული დრამა „ციცინათელების სამარხი“, რომელიც ომის საშინელებებს აღწერს, დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ანიმე ობოლი და-ძმის მძიმე ხვედრის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის მიწურულს საკუთარი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან.

„1945 წლის 21 სექტემბერი, ეს არის დღე, როდესაც მე მოვკვდი,“- ამბობს ფილმის მთავარი გმირი სეიტა. ეს სულისშემძვრელი ფრაზა მთავარი გმირების ბედს ანიმეს დასაწყისისშივე გვამცნობს.

კინოკრიტიკოსმა როჯერ ებერტმა „ციცინათელების სამარხს“ ომის შესახებ გადაღებულ ფილმებს შორის, ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი უწოდა.

ნებისმიერი ომის დროს ტრაგედია გარდაუვალია. იაპონური ანიმე სწორედ იმ საშინელი ტრაგედიის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ბავშვებმა მათ ქალაქზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შემდეგ გადაიტანეს. იმპრესიონისტული ეფექტებით მდიდარი შედევრი აცოცხლებს ადამიანებზე ომის გავლენის დამანგრეველ ძალას.

კინოკრიტიკოსები ლეგენდარული ანიმეს მთავარ დანიშნულებად ადამიანებში ჰუმანისტური დამოკიდებულებების გაღვივებას და მომავალი ომების პრევენციას მიიჩნევდნენ. ფილმი მეორე მსოფლიო ომის მეტაფორაა და ბევრად მეტია, ვიდრე ორი მთავარი გმირის ტრაგიკული სიკვდილის ამბავი. ის შედევრია არა იმიტომ, რომ სევდიანი დრამაა, არამედ იმ გაკვეთილის გამო, რომელსაც ის გვასწავლის.

წყარო: ​Bbc.com

შეიძლება დაინტერესდეთ

თავის ტკივილის 3 ყველაზე გავრცელებული მიზეზი - გიორგი ღოღობერიძის რჩევები

თავის ტკივილის 3 ყველაზე გავრცელებული მიზეზი - გიორგი ღოღობერიძის რჩევები

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ თავის ტკივილის ყველაზე გავრცელებულ მიზეზებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ადამიანებს თავი ყველაზე ხშირად დაძაბვის გამო სტკივათ:

„ძალიან ბევრი რამ იწვევს თავის ტკივილს. ყველაზე გავრცელებული არის დაძაბვის თავის ტკივილი. მეორე ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის შაკიკი, ხოლო მესამე კლასტერული ტკივილი.​ სტრესული თავის ტკივილის დროს ადამიანს აქვს შეგრძნება, რომ თითქოს რაღაც შემოეჭირა შუბლის მიდამოში. ეს ტკივილი ორმხრივია. მისი ხანგრძლივობა არის ნახევარი საათიდან ლამის მთელი კვირის განმავლობაში. ის დიდხანს გრძელდება საკმაოდ. მას უნდა ჰქონდეს აუცილებლად შემდეგი ნიშნები: უნდა გაგრძელდეს ნახევარ საათზე მეტს, უნდა იყოს ორმხრივი, უნდა იყოს ზეწოლის განცდა, ეს ტკივილი პულსირებადი არ უნდა იყოს. თუ ფეთქებადია, ეს ნიშნავს, რომ უნდა იყოს შაკიკი. ტკივილი სიმძიმით უნდა იყოს მსუბუქი ან საშუალო, ისე, რომ ადამიანს არ ურღვევდეს ცხოვრების სტილს. ის ფიზიკური აქტივობით არ უნდა მძიმდებოდეს. ტკივილს არ უნდა ახლდეს გულისრევა და ღებინება. თუ ადამიანს გულიც ერევა და ღებინებაც აქვს თავის ტკივილთან ერთად, ეს შეიძლება იყოს საკმაოდ მძიმე რაღაცის ნიშანი. ეს შეიძლება იყოს თავის ტვინის სიმსივნეც.“

გიორგი ღოღობერიძის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა შაკიკიც, რომელიც უფრო მეტად ქალბატონებში გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში:

​შაკიკი გვხვდება უფრო ქალებში. ეს ეტაპობრივი დაავადებაა. ტკივილი მაშინვე არ ვითარდება. ორი საათით ან ორი დღით ადრე მე უკვე მეწყება ნიშნები, რაც მეუბნება, რომ მოახლოებული არის თავის ტკივილის ფაზა. ხასიათი შემეცვლება უცებ, დეპრესიული ვხდები, ეიფორიული ვარ. შეიძლება შეკრულობა დამეწყოს, ან პირიქით ფაღარათის განცდა მქონდეს. შეიძლება ყნოსვა გამიმძაფრდეს, ან სმენა გამიმძაფრდეს. ეს წინმსწრები ნიშნებია. მერე იწყება საკუთრივ მწვავე ფაზა. არის ასეთი ტერმინი „აურა.“ აურა მხედველობითი ხასიათისაა. ადამიანი დგას და ხედავს, რომ საკუთარ მხედველობის ველში ზიგზაგისებური ხაზი ჩნდება, რომელიც იწყება ცენტრში და მიემართება კიდეებისკენ. ხაზი ან შავია, ან თეთრია. ზოგიერთს დაბუჟების, წვის შეგრძნება აქვს ხელებში, რომელიც მიემართება მაღლა, შეიძლება წავიდეს ყბისკენ. შაკიკის დროს ადამიანს აქვს ცალმხრივი ტკივილი შემთხვევათა 60 %-ში. ტკივილი მფეთქავი ხასიათისაა. შაკიკის მართვა ჩვენ შეგვიძლია. უამრავი მედიკამენტი გვაქვს მის წინააღმდეგ, საპრევენციოც და შეტევისთვის განკუთვნილი წამლებიც. მარტივი რჩევები შეიძლება იყოს დაღლილობისთვის თავის არიდება, თუ ფაღარათი გაწუხებთ, სითხეების მიღება, აკოჰოლისა და თამბაქოსთვის თავის არიდება, ძილი საკმარისი რაოდენობით.“

გიორგი ღოღობერიძემ კლასტერული თავის ტკივილის შესახებაც ისაუბრა, რომელსაც თვალბუდის მიდამოში გამოხატული ტკივილი ახასიათებს:

„არსებობს კლასტერული თავის ტკივილიც. ​ამ დროს ადამიანს აქვს თვალბუდის მიდამოში გამოხატული ტკივილი, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ ადამიანმა შეიძლება თვითმკვლელობაზე იფიქროს. მას ჰქვია სუიციდური ტკივილი. ეს ჩვენ გვხვდება თავის ტკივილი პათოლოგიის 0,1%-ში. შეიძლება ადამიანს ქუთუთო დაუვარდეს, ცრემლდენა დაეწყოს, სურდო იყოს გამოხატული, გამოხატულად დაუწითლდეს თვალები. როგორც წესი, ეს უკავშირდება თამბაქოს მოხმარებას. თუ გაწუხებთ თვალბუდის მიდამოში ტკივილი, თამბაქოს მოხმარებას თავი უნდა აარიდოთ.

„როგორც მაღალ წნევას შეუძლია გამოიწვიოს თავის ტკივილი, ასევე დაბალ წნევას. მაღალი წნევა უფრო სახიფათოა. ძალიან ბევრ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ფარული ანევრიზმა. ​მაღალი წნევის ფონზე, თუ ის წნევას არ დააგდებს დროულად, ანევრიზმა შეიძლება უცებ გასკდეს, შემდეგ კი განვითარდეს საკმაოდ სერიოზული სისხლჩაქცევა,“ - აღნიშნულ საკითხებზე გიორგი ღოღობერიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად