Baby Bag

მანია

მანია
შევთანხმდით, რომ მხოლოდ დედის სახელს დავწერდი ნამდვილს, მინდა, არ დაიკარგოს მკითხველისთვის და არა მხოლოდ! ჩემს თანამოსაუბრეს გულია დავარქვი, რადგან ჟღერადობით ახლოა მის ნამდვილ სახელთან.

გულია 70 წლის ასაკში გავიცანი. დაქორწინებული იყო, როცა თავისი ნამდვილი სახელი და გვარი გაიგო... საუბრისას გამზრდელს დედას უწოდებს და დედას ბიოლოგიურ დედად მოიხსენებს, რომ მიმახვედროს, ვისზე ლაპარაკობს.
გულია აფხაზეთში დაიბადა, ცხრაშვილიან ოჯახში. მამა მაღაროში მუშაობდა. ამ კეთილ კაცს ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა და ურჩიეს, ორი შვილი მაინც მიებარებინათ ბავშვთა სახლისთვის: „საუკეთესო ბავშვები არიან, განათლებას მიიღებენ, თქვენთვისაც კარგი იქნება და მათთვისაც, მერე ისევ ერთად იქნებით...“
მამას ბევრი არ უფიქრია, ასაკის გათვალისწინებით მეშვიდე და მერვე შვილი, ერთი ვაჟი და ერთი გოგონა, აღსაზრდელად ბავშვთა სახლში წაიყვანეს. გულია ჯანმრთელი, ლამაზი, მშვენიერი აღნაგობის, სხარტი და გამორჩეული ბავშვი იყო. მუდამ მოუსვენარს და ლაღს, მასწავლებლებიც განსაკუთრებული მზრუნველობით ექცეოდნენ.
- ვერცხლი ვიყავი, ვერცხლი! - მიზუსტებს გულია, ვერცხლისწყალივით სწრაფი და მუდამ მომღიმარი.
იმ დროისთვის ერთ-ერთი ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე დაინტერესებული იყო, ბავშვთა სახლიდან შვილად რომელიმე ბავშვი აეყვანა. არჩევანი გულიაზე შეჩერდა, მაგრამ მისმა პედაგოგმა გულია ჯერ თავის მეგობარს აჩვენა. ქალს, რომელიც სიყვარულით დაქორწინდა და ერთ წელიწადში ჯარში წასული მეუღლის უგზო-უკვლოდ დაკარგვის ამბავი შეატყობინეს. ყველა ცდილობდა, რაღაცით დახმარებოდა, დარდისგან რომ არ მომკვდარიყო... იქნებ ბავშვის გაზრდით გადარჩესო, ფიქრობდნენ მეგობრები...
ქალი ხშირად აკითხავდა გულიას, ერთმანეთი მალევე მოეწონათ, მოდიოდა საჩუქრებით და დედის სითბოს დანატრებული პატარა გოგო მიეჩვია. მოსწონდა, რომ ლამაზი და მზრუნველი ქალი მას აკითხავდა. გარკვეული დროის შემდეგ გულიას მშობლები გამოიძახეს, დასვეს ორივე ქალი და ათი ადამიანის თანდასწრებით (მათ შორის იყვნენ პედაგოგები, იურისტები და ექიმები) გულიას არჩევანის გაკეთება სთხოვეს, ჰკითხეს:
„რომელი დედა უფრო მოგწონს? ვისთან გირჩევნია?“
გულია ბავშვთა სახლში ხშირად მოსიარულე ქალს ჩაუჯდა კალთაში და თქვა, რომ მასთან უნდოდა... მანია ატირდა, მაგრამ არაფერი უთქვამს, რადგან გადაწყვეტილება მამას უკვე მიღებული ჰქონდა. მამა თვლიდა, რომ გულიას მომავლისთვის უმჯობესი იყო, შვილი იმ ადამიანთან დაეტოვებინათ, ვისაც მისი გაზრდის სურვილი ჰქონდა და ცხოვრების უკეთესი პირობებიც.
დედისთვის არც მაშინ უკითხავს ვინმეს რამე და არც მერე...
გულია დღესაც მადლიერია განგების, რომ მასთან გაიზარდა. იმდენად უყვარდა, რომ ჩუმად გადაცემულ წერილში გამხელილი, შენ აყვანილი ხარ და ეს ნამდვილი დედა არ არისო, ყურადღება არც მიუქცევია. გულია დაქორწინდა, შვილები გაუჩნდა, მაგრამ მისი დიდი ოჯახის წევრები არ უნახავს. მისი ძმა, რომელიც ბავშვთა სახლში იზრდებოდა, დასთან განშორების შემდეგ ხასიათშეცვლილი და დასევდიანებული მშობლებთან გაუგზავნიათ უკან, აფხაზეთში.
62 წლის ასაკში, როცა გამზრდელი ავად გახდა, გულია გვერდით მოისვა და უამბო, რომ მას დები და ძმები ჰყავდა და კარგი მშობლები, უთხრა მისამართი, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. „ვიცი, რომ მალე მოვკვდები და არ მინდა, მარტო დარჩე, დედა სულ სხვაა, პირობა მომეცი, რომ ინახულებ! კაი ხალხია, არ დაკარგო, არ მინდა, ობოლი იყო!“
დედობილის ხანგრძლივმა ავადმყოფობამ ვალებში ჩააგდო გულია და გარდაცვალების შემდეგ სახლი გაყიდა. ასევე მოხდა ქმრის შემთხვევაშიც, რამდენიმეწლიანი მკურნალობის სანაცვლოდ სახლის გაყიდვა მოუწია, დღესაც სალაპარაკო თემაა, თუ როგორ უვლიდა ოჯახის წევრებს და როგორ აცოცხლა ისინი ავადობის მიუხედავად.
შვილებს თავისი ცხოვრება აქვთ, გულია მარტოა! დედაქალაქში მცხოვრებმა ნაცნობმა, რომელიც რაიონში ხშირად არ ჩამოდის, სახლის პირველი სართული დაუთმო. მისი ქონებიდან, რომელიც, ძირითადად, გამზრდელის წყალობით ჰქონდა დაგროვილი, ზოგი გაყიდა, ზოგი გააჩუქა და ზოგი რამ ეკლესიას შესწირა. თავისთვის დაიტოვა ფოტოები და გამზრდელთან დაკავშირებული ტკბილი მოგონებები. გულია სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან გამზრდელის და ქმრის ფოტოებს დაატარებს, ამ ქონებას ახლა შვილიშვილის ფოტო შეემატა, როგორც მომავალი წარმატებული ფეხბურთელის. მის ფოტოს საპატიო ადგილი აქვს წიგნაკის წინა ფურცლებში.
გულიას ახლა ყველაზე მეტად უნდა, რომ სახლი ჰქონდეს, თუნდაც საკუთარი ერთი ოთახი, კომფორტული და სუფთა.
- ძილის წინ რაზე ფიქრობთ? - ვეკითხები მე და მინდა მეტი გავიგო მის ტკივილებზე, განცდებზე..
- ამას არ ვიტყვი, არასოდეს მითქვამს! არასოდეს არ ვიტყვი! დღესაც ანგარიშს ვაბარებ დედას, ვინც გამზარდა და სიხარულში მაცხოვრა, დანარჩენი ჩემს გულშია...
კითხვას არ ვუბრუნებ, ვცდილობ, ის ჩავინიშნო, რასაც თავად მიამბობს, გამიმხელს..
- თქვენი და-ძმები სად არიან ახლა?
- ყველა გარდაიცვალა, მხოლოდ ის ძმაა ცოცხალი, რომელიც ბავშთა სახლში ჩემთან ერთად იზრდებოდა. ურთიერთობა არც მასთან მაქვს... დედა ბოლოს ჯავრობდა, რომ ისიც ჩემთან ერთად არ წამოიყვანა, ძალიან ჯავრობდა.
საუბრის ბოლოს ვკითხე, ბავშვთა სახლის შემდეგ ბიოლოგიური დედა ხომ არ უნახავს.
- გამზრდელის გარდაცვალების შემდეგ მისი სურვილი შევასრულე და ოჯახს შევატყობინე, რომ მათი თანადგომა მჭირდებოდა. პანაშვიდზე ორი უცხო ქალი შემოვიდა, ბავშვობის სახელი რომ დამიძახეს, მაშინ მივხვდი, რომ მიხაკებით ხელდამშვენებული ქალები ჩემი დები იყვნენ... ეს დღე ჩვენი დაახლოების მცდელობა იყო, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მალე მათგან წერილი მივიღე, რომ მანია მძიმედ იყო ავად და ჩემი ნახვა ენატრებოდა. წასვლა ვერ გადავწყვიტე, ვერ მოვინდომე, მეგონა, ამით გარდაცვლილ გამზრდელს ჩრდილს მივაყენებდი. მანიას დაკრძალვაზე ჩავედი, თავში ასეთი ფიქრი მიტრიალებდა: ცხრა თვე ხომ მატარა მუცლით, ხომ გამაჩინა, ცრემლი მაინც ეკუთვნის, უნდა დავიტირო... თუმცა გრძნობით დიდ ტკივილს არ განვიცდიდი, დაკრძალვის ცერემონიის შემდეგ წამოსვლა რომ დავაპირე, დებმა მანიას ოთახი მაჩვენეს და ის ფოტო გადმომცეს, რომელიც შეყვითლებულ ბალიშზე იდო. მიამბეს, რომ მანიას გარდაცვალების წინა დღეებში ამ ფოტოსთან ერთად ეძინა, ლოყაზე ჰქონდა მიკრული და უხმოდ ტიროდა. გავიგე ისიც, რომ მანიას მთელი სიცოცხლის მანძილზე ჩემს დაბრუნებაზე ფიქრი არასოდეს შეუწყვეტია. ფიქრს ვინ დაუშლიდა. დანარჩენს, ისეთი დრო იყო, ყველაფერს კაცი საზღვრავდა. კაცის გარდუვალს, ქალი ვერ იზამდა. მამაჩემმა გადაწყვიტა, გულიასთვის რა ჯობდა და მორჩა!
თხრობა დასრულებული მეგონა, მაგრამ ფოტოს ნახვამ ფიქრები ამიშალა: მანია მეუღლის გვერდით არ ზის. ამ ფოტოზე კიდევ ერთი ქალის ვინაობა რომ ვიკითხე, აღმოჩნდა, რომ გულიას მამას უსახლკაროდ დარჩენილი ქალი შეუფარებია და მათთან აცხოვრებდა. გულიას მამა თავად წყვეტდა, ვინ სად იცხოვრებდა და ვინ იქნებოდა მის გვერდით, ფოტოსურათზეც და ცხოვრებაშიც. 

ია იაშვილი

იბეჭდება „რეპორტიორ ქალთა აკადემიის“ კონკურსის ფარგლებში