Baby Bag

ომი თუ მშვიდობა?

ომი თუ მშვიდობა?
ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხო!

ბერტოლტ ბრეხტი
„კავკასიური ცარცის წრე“
კონფლიქტები, ძალადობა, მიგრაცია - ეს პრობლემები ცივილიზებულ სამყაროშიც ისეთივე აქტუალურია, როგორც პირველყოფილში და იარსებებენ, ვიდრე იარსებებს კაცობრიობა.
XXI საუკუნე აღსავსეა კონფლიქტებით, ომებით, კრიზისებით. ერთი წლის წინ, 2022 წლის 22 თებერვალს, რუსეთმა ფართომასშტაბიანი სამხედრო იერიში მიიტანა უკრაინაზე და მოწმე გავხდით 21-ე საუკუნის ყველაზე სასტიკი ომის. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გამოიწვია ევროპის უდიდესი დევნილთა კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 6.4 მილიონზე მეტმა უკრაინელმა დატოვა ქვეყანა და ქვეყნის მოსახლეობის მესამედი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.
რეალურად რატომ დაიწყო და ვის ჭირდებოდა ომი უკრაინაში? ხომ არ დაიწყო მსოფლიო ხელახალი გადანაწილება?
საქართველოში ეთნიკური კონფლიქტები, ომები გაცილებით ადრე, 30 წლის წინ დაიწყო და ცხინვალისა და აფხაზეთის დაკარგვით დასრულდა. 15 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან, რომელსაც უკრაინის ომის გენერალურ რეპეტიციასაც უწოდებენ. ეს ომი ძალიან ძვირად დაუჯდა საქართველოს.
  • 2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა.
  • თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო.
  • ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი.
  • საკუთარი სახლების დატოვება მოუწია თითქმის 150 000 პირს, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.
  • 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.
  • ამჟამად საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია.
იშვიათად მოიძებნება თანამედროვე მსოფლიოში ერი, რომელსაც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში იმდენი მსხვერპლი გაეღოს, რამდენიც საქართველოს. და მაინც, დღეს საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებენ, რატომ არ გააკეთა მეტი, ვიდრე შეეძლო. თუ ისტორიას გადავხედავთ:
საქართველო რამდენიმეჯერ შეეწინააღმდეგა რუსეთის კონტროლს და დომინაციას, კერძოდ:
ერთ-ერთმა პირველმა გამოაცხადა საბჭოთა ხელისუფლება უკანონოდ, ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები და ქვეყნის დამოუკიდებლობაც საბჭოთა კავშირის დაშლამდე გამოაცხადა.
რუსეთის კონტროლის გარეშე ენერგეტიკული კავშირები დაამყარა აზერბაიჯანთან და თურქეთთან და 2002 წელს წარმატებული სატრანზიტო ენერგეტიკული პროექტების მშენებლობა დაიწყო.
საქართველო ღიად ითხოვდა დასავლურ ორგანიზაციებში ინტეგრაციას და ამ მიზნით ატარებდა რეფორმებს.
ქართველ ხალხს სასაყვედურო არაფერი აქვს. ამ სტატიის დაწერის დროისათვის 50-მდე ჩვენი თანამემამულეა დაღუპული უკრაინის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. ფრონტის ხაზზე გმირულად იბრძვის კიდევ უამრავი ქართველი. საქართველომ შეიფარა ათასობით უკრაინელი დევნილი. საერთაშორისო ორგანიზაციებში კენჭისყრაზე საქართველო მუდმივად დგას უკრაინის გვერდით.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველოსგან ყველა მოელოდა უფრო მეტს.
რა უნდა გააკეთოს ამ ვითარებაში ქვეყანამ?
რაც შეეხება საქართველოს მხრიდან მეორე ფრონტის გახსნას, ამაზე მსჯელობაც კი აზრს მოკლებულია. არც სამხედრო და არც პოლიტიკური თვალსაზრისით, ამის რესურსი ჩვენ არ გაგვაჩნია - თანხმდებიან ექსპერტები და ხელისუფალნი.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მსოფლიოს არცერთმა ქვეყანამ 2008 წელს რუსეთს სანქციები არ დაუწესა. ახლა კი, უკრაინასთან ომის გამო, რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა საქართველოსთან მიმართებაში არასამართლიანია. მსგავსი ფაქტი დამანგრეველი იქნება ქართული ეკონომიკისთვის. მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ასპექტში საქართველო უკრაინას ყველა პლატფორმაზე მხარს უჭერს. ქვეყანა კიდევ ერთ ომს ვერ გაუძლებს და ახლა საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
რა გავლენა იქონია რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოზე?
მოხდა უპეცედენტო მოვლენა, როცა დევნილთა ნაკადთან ერთად საქართველოში აგრესორი ქვეყნიდანაც იმატა მიგრაციამ. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2022 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნა კვლევა „ტურიზმი თუ მიგრაცია“, რომლის მიხედვით, 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის და ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, მილიონობით უკრაინის მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და თავი შეეფარებინა სხვადასხვა ქვეყნისთვის. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთის ფედერაციის დატოვების მსურველთა რიცხვი. რუსეთის მოქალაქეების მიერ საკუთარი ქვეყნის დატოვების მიზეზად აქტიურად განიხილება, ერთი მხრივ, რუსეთისათვის დაწესებული სანქციების თავის არიდების სურვილი, ხოლო, მეორე მხრივ, ქვეყანაში პოლიტიკურად მიუღებელი განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების დევნის გაძლიერება.
რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების საქართველოში დარჩენის მაჩვენებლები აჭარბებს უკრაინის მოქალაქეების საქართველოში დარჩენის შემთხვევებსაც, რომლებიც რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად იძულებული გახდნენ დატოვონ საკუთარი საცხოვრებელი ადგილები.
  • 2022 წელს საქართველოში 1.46 მლნ რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 5-ჯერ მეტია.
  • 2022 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში დარჩა 112,773 ათასი მოქალაქე.
  • რუსეთის მოქალაქეებმა 15,41 იურიდიული პირი დააფუძნეს.
  • მარტი-ივნისის პერიოდში საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით რუსეთის 551-მა მოქალაქემ მიიღო, ხოლო ბინადრობა გაიცა 1598 მოქალაქეზე;
  • 9 სექტემბრამდე მოქალაქეებმა საქართველოში 15,164 შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირეს.
  • უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სკოლებში კი 1841 მოსწავლე დარეგისტრირდა.
  • არის რუსეთის მოქალაქეებზე დაქორწინების შემთხვევებიც (806).
  • საქართველოს კომერციულ ბანკებში ანგარიში გახსნა რუსეთის 109.9 ათასმა მოქალაქემ, ხოლო ბანკებში განთავსებული აქვთ 2.87 მლრდ. ლარის დეპოზიტი, 4-ჯერ მეტი, ვიდრე ომამდე. ასევე გაზრდილია რუსეთიდან მოგზაურობით შემოსული მაჩვენებელი - 891 მლნ აშშ დოლარი.
ეს ხდება მაშინ, როცა საქართველოში უმუშევრობა და ემიგრანტთა რიცხვი სულ უფრო იზრდება. საქსტატის მიხედვით, საქართველოდან 2022 წელს 125 269 ადამიანი წავიდა ემიგრაციაში, მათ შორის 80.5% საქართველოს მოქალაქე იყო.
ზემოაღნიშნულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით IDFI მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში დარჩენის მზარდი ტენდენცია წარმოადგენს გამოწვევას სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც საჭიროებს შესაბამის ღონისძიებებს რისკების შემცირების კუთხით.
საქართველო რჩება ყველაზე მგრძნობიარე რეგიონად კავკასიაში. რა თქმა უნდა, ამ ფონზე ჩვენი, როგორც პატარა ქვეყნის ამოცანა, მოვალეობა და ისტორიული მისიაა, არ მოვყვეთ დიდ ნანგრევებში, მშვიდობიანად დავაღწიოთ თავი საფრთხეს და დავიკავოთ მოხერხებული და მომგებიანი გეოპოლიტიკური პოზიცია - მიაჩნიათ ექსპერტებს.
მშვიდობის მშენებლობა, კონფლიქტების ტრანსფორმაცია და უსაფრთხოების შენარჩუნება არანაკლებ რთული პროცესია, ვიდრე ომში თავგანწირვა. საუკუნეების მანძილზე საქართველოს არ შეუწყვეტია ბრძოლა თავისუფლებისათვის. მშვიდობა კი ის განსაკუთრებული ფასეულობა აღმოჩნდა, რომელიც ქართველ კაცს მუდამ სწყუროდა.
და ვიდრე საქართველოს ისე ექცევიან, როგორც ბავშვს დედა და თვითმარქვია დედა „კავკასიური ცარცის წრის“ ცნობილი სცენიდან, იქნებ დავფიქრდეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია, ვიწრო პარტიული ინტერესები თუ ქვეყნის უსაფრთხოება?
მაპატიებდა ალბათ გენიალური ბერტოლტ ბრეხტი, მისი პიესის ციტატის ასეთ პერეფრაზირებას: „ყველა სიკეთე, რაც არსებობს დედამიწაზე, უთქმელად უნდა ეკუთვნოდეს იმას, ვინც მშვიდობას თესავს!“

ირინე გოგიტაური

იბეჭდება „რეპორტიორ ქალთა აკადემიის“ კონკურსის ფარგლებში