Baby Bag

ამბავი მარადი ჯარისკაცის ცოლისა

ამბავი მარადი ჯარისკაცის ცოლისა
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. მოხალისეთა პირველი ნაკადი საქართველოდან უკრაინაში მარტის დასაწყისში წავიდა. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე. ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა, თუმცა დანარჩენები ისევ გმირულად იბრძვიან ქალაქებში, სადაც რუსეთი უკრაინაში ომს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები. მიწასთანაა გასწორებული რამდენიმე ქალაქი კიევის ოლქში. რუსებს ქართველების თავდადება ყველაზე მეტად აღიზიანებთ და ისინი ქართველებზე განსაკუთრებულ ნადირობას აცხადებენ.

კონფლიქტოლოგ მამუკა არეშეიძის განცხადებით, უკრაინაში ქართველი მებრძოლების რაოდენობა 1000-ზე მეტია, თუმცა მათი რაოდენობა მუდმივად იცვლება. ზოგი უკან ბრუნდება და ზოგიც ისევ მიდის. ქართველი მებრძოლების დიდი ნაწილი 2014-2016 წლებშია ჩასული. ისინი საკმაოდ კარგი სახელით სარგებლობენ და რაოდენობითაც ყველა სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან შედარებით ბევრნი არიან.
*****
„რეპორტიორ ქალთა აკადემიის“ კონკურსისათვის მოსამზადებელი სტატიისთვის დავუკავშირდი უკრაინაში მებრძოლი მეომრის ახალგაზრდა მეუღლეს, რომლის საოცარ დამოკიდებულებაზეც ჯარისკაცის ცოლობაზე მისი ყველა ნაცნობი საუბრობს. მარიამმა ალიკოსთან სიყვარულით შექმნა ოჯახი, თუმცა ცხოვრების პრობლემებმა როცა არჩევანის წინაშე დააყენა და გადაწყვიტა, წასულიყო ემიგრაციაში, ქმარმა საკუთარ თავზე აიღო ოჯახის რჩენის პასუხისმგებლობა, გადაემზადა, გახდა ჯარისკაცი და ცოლს დედობის საკუთარ შვილებთან განცდის ბედნიერება დაუტოვა.
მტკივნეული და ემოციურია გოგონას ნაამბობი მეუღლესთან 20-წლიანი თანაცხოვრების შესახებ, რომელიც მარადიულ ჯარისკაცად იქცა. აგვისტოს ომიდან მოყოლებული ალიკო ყველა სამხედრო ოპერაციის მონაწილეა, დღეს კი უკრაინაში იბრძვის აგრესორის შესაჩერებლად:
მარიამ თ......ძე: „არ არის იოლი, იყო ჯარისკაცის მეუღლე. ჯარისკაცის ცოლობა ერთი დიდი პროფესიაა, მასთან ერთად შენც ქვეყნის სადარაჯოზე დგახარ და უნდა გაუმკლავდე იმ სირთულეებს, რაც მასთან ერთად გზადაგზა გხვდება.
ჩემმა მეუღლემ როცა ჯარში წასვლა გადაწყვიტა, ვინერვიულე, მაგრამ ბევრი არც მას უფიქრია, არც მე მათქმევინა რამე, მეორე დღესვე კომისარიატში ვიყავით... გარეთ ველოდებოდი და ცრემლებს ვერ ვიკავებდი, რადგან ძალიან რთულ გადაწყვეტილებას იღებდა. ფიქრებსა და განცდებში ვიყავი, თავში ათასი ფიქრი და აზრი მიტრიალებდა, რადგან რთულია იყო ჯარისკაცი იმ ქვეყანაში, სადაც ტერიტორიები ოკუპირებულია. ვხვდებოდი, ძალიან პატარა ასაკში წინ რთული და განსაცდელებით სავსე გზა გველოდა, მაგრამ თავს ძალა დავატანე, ცრემლები მოვიწმინდე და საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ძლიერი უნდა ვყოფილიყავი, ამ რთულ გზაზე მის გვერდში უნდა ვმდგარიყავი, გამემხნევებინა, რათა ქართველი ჯარისკაცის ფორმა ღირსეულად ეტარებინა და პატივი მეცა მისი გადაწყვეტილებისთვის. ენთუზიაზმით დავიწყე ჯარისკაცის ცხოვრებით ცხოვრება, ყოველ დილით, როცა ჯარში მიდიოდა, 6 საათზე ადრე ვდგებოდი, რომ ყავა ან ჩაი მომემზადებინა მისთვის, ზამთარში ღუმელს ვანთებდი და თბილ ოთახს ვახვედრებდი, ჩანთას ვუმზადებდი (მსიამოვნებდა, გატკიცინებულ ფორმას რომ ვატანდი), აუცილებლად ჭიშკრამდე ვაცილებდი და გზას რომ დაადგებოდა, პირჯვარს გადავსახავდი (ეს ჩემი ტრადიციაა, შვილებიც სადმე რომ მიდიან, აუცილებლად პირჯვარს ვსახავ) და ღმერთს ვთხოვდი, მშვიდობით ეტარებინა. ასე ვცდილობდი მის გვერდში დგომას. ძალიან ვნერვიულობდი, როცა „კაზარმული“ ცხადდებოდა, მეშინოდა, რამე ცუდი არ მომხდარიყო. მისი თავი წმ. გიორგის ჩავაბარე, როცა რამე განსაცდელშია, ყოველთვის მას ვევედრები დაიცვას და დაიფაროს, შვილებსაც ვასწავლე, როცა ტაძარში შევლენ, აუცილებლად წმ. გიორგის ხატთან დაანთონ სანთელი და მამისთვის ილოცონ.
ყველაზე რთული დღეები აგვისტოს ომი იყო. იმ პერიოდში ჩემი მეუღლე თბილისში ათეულის სერჟანტის მოსამზადებელ კურსზე იყო. შვიდში დილით ადრე დამირეკა, სახლში მოდიოდა და მთხოვა, ჩანთა გამემზადებინა. არ ველოდებოდი, რადგან ერთ კვირაში ამთავრებდა კურსს და მაშინ უნდა ჩამოსულიყო. რომ მოვიდა, გვითხრა, რაღაც ინციდენტი მოხდა ოსეთის საზღვართან, სენაკში ბაზაზე გამოიძახეს და იქ უნდა ყოფილიყო. ჩემი მაზლიც რეზერვში გამოიძახეს, უკვე შევშინდით, ვხვდებოდით, რაღაც კარგად ვერ იყო, მაგრამ დაგვამშვიდა, გვითხრა, რომ თვითონ სენაკის ბაზაზე იქნებოდა, ბაზა უნდა დაეცვათ და გაემაგრებინათ. წასვლაც არ უჩქარია, გვიან ღამით წავიდა, ცხრაში ბავშვს დაბადების დღე აქვს და ფულიც კი დამიტოვა, დაბადების დღე გადაუხადეო. რვა აგვისტოს დილით ბავშვთან ერთად ბაზარში წავედი, ავტობუსთან დედამთილი და დედა დამხვდნენ (მათ გაუგიათ რომ დილით სენაკის ჯარი ცხინვალში წაუყვანიათ, მაგრამ პირდაპირ ვერ მითხრეს) და მკითხეს, მეუღლეს თუ შევეხმიანე. იმ წუთში დავურეკე, მიპასუხა, რომ სენაკში იყო, თურმე უკვე ცხინვალში შედიოდნენ... მშობლები დავამშვიდე და მაღაზიაში შევედით. იქ გამყიდველი ტიროდა, გვითხრა, რომ გორიდან იყო და რომ გორი დაბომბეს... ახლა კი მივხვდი, რაც ხდებოდა, ბავშვს ხელი დავავლე და გარეთ გამოვვარდი, ვთქვი, ომი დაწყებულა და იმას ბაზაზე ვინ გააჩერებდა-მეთქი! იმწუთას დავრეკე, უკვე ზარი აღარ გადიოდა, დღეობისთვის აღარაფერი მიყიდია, სახლამდე მოსვლაც აღარ მახსოვს, მხოლოდ ვრეკავდი და ვრეკავდი... ზარი არ გადიოდა. საღამოს მომივიდა მესიჯი მეუღლისგან: „ცოცხალი ვარ“, მხოლოდ ეს ორი სიტყვა ეწერა. ამის შემდეგ საერთოდ გაწყდა კონტაქტი სამი დღე, აღარც მესიჯი მოდიოდა, აღარც ზარი გადიოდა. მეუღლის დეიდაშვილი მსახურობდა კიდევ სენაკში, იმას ვეკონტაქტებოდით, გვეუბნებოდა, რომ კარგად იყო, თუმცა სიმართლე არც მან იცოდა. ჩემი მაზლისთვის უთქვამს: სახლში არ გაამხილო, მისი ასეული განადგურებულია, თვითონ არ ვიცი, მკვდარია თუ ცოცხალიო (ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ ქართული ჯარი გაეტეხათ და დაესუსტებინათ). ჩემი მაზლი ჩვენ ვერ გვეუბნებოდა ამ ყველაფერს, ამბობდა, უნდა წავიდე მეცო და წასასვლელად ემზადებოდა, თურმე ფიქრობდა, მკვდარს მაინც მოვძებნი ძმასო... დიდი ხვეწნის შემდეგ ძლივს გადავაფიქრებინე, ერთიც გვკმარა სანერვიულოდ და შენ რატო გვიმატებ, დედა მაინც შეგეცოდოს, რამე რომ მოხდეს, ჩემს შვილს შენ უნდა უშველო-მეთქი...
ტანჯვა იყო ის დღეები, სრულად წავიშალე და გავნადგურდი, ის დღეები წყალიც არ დამილევია, საჭმლის დანახვაც არ მინდოდა... ახლა მიკვირს, ექვსი დღე უწყლოდ როგორ გავძელი. ომში შვილწასული დედა, რომელიც უნდა გამემხნევებინა, აქეთ მივლიდა და მამხნევებდა. დედაჩემი სანახავადაც ვერ მოვიდა, თვალს ვერ გაგისწორებდი ასეთ განერვიულებულსო... ერთხელ დავინახე, დედამთილი ტიროდა, აქამდე მხნედ მყოფს თვალზე ცრემლი რომ დავუნახე, ვიფიქრე, რაღაც ცუდი გაიგო ალბათ-მეთქი. თურმე, შვილის ჩანთა ამოულაგებია სარეცხის გასარეცხად, გულში ჩაუკრავს, მოფერებია და ტირილი წასკდომია... მე კი ვერც ვტიროდი, მხოლოდ ლოცვის ძალა მქონდა. საათობით ვიდექი ხატებთან დაჩოქილი და ვლოცულობდი, დაღლას ვერ ვგრძნობდი, ისე ვაკეთებდი 200-300 დიდ მეტანიას. ეხლაც მიკვირს, ამხელა ძალა საიდან მოდიოდა. ღმერთს ვთხოვდი, ოღონდ ცოცხალი დამიბრუნე და თუნდაც ინვალიდი იყოს-მეთქი. ჩვენმა მეზობლის ბიჭმა ფეხი დაკარგა ომში და რომ გავიგე ვთქვი, ბედნიერია დედამისი, იცის მაინც, რომ მისი შვილი ცოცხალია! ჩვენ არც ის ვიცოდით, მკვდარი იყო თუ ცოცხალი. ბავშვი სულ დაზაფრული მიყურებდა, მაგრამ ჯიუტად ვაიმედებდი, მამა კარგად იქნება-მეთქი.
ჯოჯოხეთი გამოვიარეთ... საშინელებაა, როცა ხედავ შენს სამშობლოს როგორ ანადგურებენ! ირგვლივ ყველაფერი იბომბებოდა, სენაკი, კოპიტნარი და სული გტკივა, რომელი იჯავრო არ იცი - სამშობლო, ოჯახი თუ ომში წასული მეუღლე. თვითმფრინავის გუგუნის ახლაც მეშინია, თვითმფრინავის ხმაზე ახლაც აგვისტოს ომი მახსენდება, ომის შემდეგ კარგა ხანს მარტო ვერ ვიძინებდი ოთახში, თვითმფრინავის ხმას რომ გავიგონებდი, მეგონა ისევ გვბომბავდნენ.
ვერტმფრენების ხმა მომესმა, ვგრძნობდი, ჩვენკენ მოფრინავდნენ, ვიფიქრე, დასაბომბად მოდიან-მეთქი. ბავშვი შეშლილი სახით გულში ჩავიკარი, ასე მინდოდა სიკვდილი. საბედნიეროდ, ქართული ვერტმფრენები შეიქნა, სენაკიდან დაჭრილები გადაჰყავდათ ქუთაისში. სრულიად განადგურებული ვიყავი, ბევრი იმასაც ამბობდა, ალიკო რომ მომკვდარიყო, ვერ გადავიტანდი... ყველა ერთ მხიარულ, ბედნიერ გოგოდ მიცნობდა და სულ სხვანაირად გამოვიყურებოდი შეშინებული და უიმედო.
თორმეტ აგვისტოს შუადღეზე გაისმა ტელეფონის ხმა (მეუღლის ნომერზე მეწერა „სიცოცხლე“, ალბათ, როგორი სიმბოლურია, როგორ ელი მის ზარს, რომ გითხრას, ცოცხალი ვარო) და დაეწერა „სიცოცხლე“, მაგრამ ტელეფონისთვის რომ მეპასუხა შემეშინდა, მერე ძალა მოვიკრიბე და მისი ხმა რომ გავიგონე, მეორედ დავიბადე. მითხრა, რომ კარგად იყო, სამშვიდობოს და ბრუნდებოდნენ.
თანამებრძოლები მოვიკითხე, სახლში დაბრუნებულმა ონიანის ამბავი მომიყვა: „როცა უკან ბრუნდებოდა სენაკის ჯარი, კორიდორი გაგვიკეთეს, კოლონას წინიდან მანქანა შემოგვხვდა საქართველოს დროშით, ჩვენები გვეგონა და გავატარეთ, ცეცხლი გაგვიხსნეს, ონიანის ნათლული დაიჭრა, ნათლული მარტო არ დატოვა, არც ტყვედ ჩაბარდა და თავი აიფეთქაო...“ მითხრა რომ თვითონაც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს: „ათეული მივდიოდით, თვითმფრინავმა დაგვბომბა, ხუთი წუთი უგონოდ ვეგდე და აზრზე რომ მოვედი, სამი გარდაცვლილი გვყავდა, ოთხი დაჭრილი და მხოლოდ ორი ვიყავით ისე, რომ ნაკაწრიც არ გვქონდაო“. ზოგჯერ მიფიქრია, რომ ჩემმა ლოცვამ გადარჩინა.
ერთ რამეზე მწყდება გული: ქართველებს გვჩვევია, რომ ერთმანეთს სიკვდილის შემდეგ ვაღმერთებთ და გმირებად ვაღიარებთ... ის ბომბი რომ ჩემს მეუღლეს დაცემოდა, მერე ბევრს ისაუბრებდნენ მის გმირობაზე, ოჯახის წევრებს მოგვიკითხავდნენ. ამდენი რამ გამოვიარეთ და არავის უკითხია ჩვენი ამბავი, ელემენტარული ფსიქოლოგის დახმარებაც კი არავის შემოუთავაზებია.
ჯარისკაცად დაბადებულს შინ რა გააჩერებდა: რამდენიმე ხანს კოჯრის ბაზაზე იყო, შემდეგ სენაკში დაბრუნდნენ. ერთხელაც სანახავად წავედით. ვხედავდი, როგორ მოყავდათ მშობლებს შვილები ავტომატებით, ზოგიც ჩვენსავით სანახავად იყო მისული, ტანკები დაგრუხუნებდნენ და ბაზიდან ერთ კილომეტრში რუსის ჯარი იდგა. ჩემს მეუღლეს გამოსვლა დააგვიანდა, ჯარი ახალი ჩამოსული იყო და ლაგდებოდნენ. წავიდნენ მნახველები, დაღამდა, მიჩუმდა ყველაფერი, მარტო დავრჩი და უკვე შემეშინდა, ვიფიქრე, ეხლა რომ რუსი მოვიდეს, ჩემს შვილს რა ეშველებოდა, მხოლოდ შვილი მეფიქრებოდა. არასასიამოვნო სიჩუმე იდგა, შიშნარევი და რომ დავინახეთ ჩვენი ბიჭი მოდიოდა, ყველაფერი ცუდი წამში გაქრა, ეხლა მხოლოდ მასთან ჩახუტების დრო იყო, ჩვენ ბედნიერები ვიყავით, მაგრამ სადღაც დედა შვილს დასტიროდა, ცოლი - ქმარს, შვილები - მამას და ცუდია, როცა ამ ყველაფერს იაზრებ და ფიქრობ, რომ შეიძლებოდა მათ ადგილზე შენ ყოფილიყავი, მაგრამ ღმერთმა გადაგარჩინა... მისი ასეულიდან ექვსი ბიჭი დაიღუპა, მათ დასაფლავებაზე ვერ ავიდა, მაგრამ ორმოცი დღე გარდაცვლილების სურათები გულით ატარეს ბიჭებმა, მერე ორმოცზე მოახერხეს მათ საფლავებზე ასვლა და პატივის მიგება. ერთხელ ჩვენთან ამხანაგები ჰყავდა მეუღლეს მოყვანილი, სვამდნენ და გავიგონე, როგორ უთხრეს, რომ ძალიან მაგარი ადამიანი ხარ იმის გამო, რაც შენ გააკეთე და ძალიან გაფასებთო. თურმე გარდაცვლილი ამხანაგის შვილი მაღაზიაში წაიყვანა და უთხრა, ის ნივთი აერჩია, რაც უნდოდა მამას მისთვის ეყიდა. ჩემს ქმარს ბავშვისთვის 300-ლარიანი მანქანა უჩუქნია... ბევრი სხვა ისტორიაც მომისმენია ჩემს ქმარზე და ძალიან ამაყი ვარ.
ამის შემდეგ იყო ოთხი მისია ავღანეთში...
ერთია, რომ თვეები უნდა იყო საყვარელი ადამიანისაგან შორს და მეორეა, რომ ხარ დედა, შვილები გაბარია, თავის სულს და გულს შენ გიტოვებს და მას უნდა გაუფრთხილდე, საღ-სალამათი დაახვედრო, ეს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა.

​მისიაში როცა მიდიოდა, ჭიშკრის იქით არასოდეს გავყოლილვარ გასაცილებლად, რადგან უფრო გამიძნელდებოდა მასთან დაშორება, პირჯვარს გადავსახავდი და ვემშვიდობებოდი, სასთუმალქვეშ კი ყოველთვის მედო მისი პერანგი და ფოტო, ფოტოს დავხედავდი, პერანგს გულში ჩავიკრავდი და ვიძინებდი.
15 წელი იმსახურა ჯარში ღირსეულად. ორ ვაჟკაცს ვუზრდით ქვეყანას. რთულია ორი ბიჭის დედობა, თან მარტო აიღო თავზე პასუხისმგებლობა, თვითონ ხომ თითქმის სულ წასულია... კარგი ვაჟკაცები გავზარდე. მეუბნებიან, რომ გიჟი დედა და მეუღლე ვარ და რომ ძალიან გაუმართლა ჩემს ქმარს... მთელი ჩემი ცხოვრება მათ მივუძღვენი. ვამაყობდი, რომ ჯარისკაცის მეუღლე ვიყავი, თუმცა მარტო ეგ როდი იყო საკმარისი სიამაყისთვის - ვიცოდი, ჯარში აფასებდნენ და კარგი ავტორიტეტი ჰქონდა, ფორმას ღირსეულად ატარებდა და მთელი მოწოდებით ჯარისკაცი იყო, რომელიც სამშობლოს სადარაჯოზე იდგა.
პირველი კონტრაქტი რომ დაამთავრა, ჯარიდან წამოვიდა, მაგრამ რამდენიმე თვეში ისევ დაბრუნდა, ისევ ფორმა ჩაიცვა და თქვა, რომ მისი ადგილი მხოლოდ ჯარშია.
გასული წლის 26 თებერვლიდან უკრაინაში იბრძვის. ჯარიდან წამოსვლის შემდეგ პოლონეთში წავიდა, უკრაინაში ომი რომ დაიწყო იქ იყო. ოცდააოთხშივე მიუღია გადაწყვეტილება, რომ ჩემი ადგილი ახლა უკრაინაშიაო. ჩვენთვის არ გაუმხელია, მაგრამ ვიცოდი, წავიდოდა, კარგად ვიცი მისი ხასიათი. 26-ში ბავშვს მოწერა, ვარშავაში ვარო და დავრწმუნდი, მტერთან საბრძოლოდ მიდიოდა. 11 მარტს გავიგე, სადაც იბრძოდა, საიტებზე იდო ვიდეო, რომელშიც ჩემი მეუღლე და მისი მეგობარი ჩანდა. იმ პერიოდში ყველა „სლავა უკრაინას“ ვიძახდით და ვაზიარებდით ვიდეოებს, მითუმეტეს, თუ ქართველ ჯარისკაცებს ეხებოდა. ეს ვიდეო რომ ვნახე, სადაც ქართველი ბიჭები ტყეში ჩასაფრებულები მღეროდნენ, მინდოდა გამეზიარებიანა, რატომღაც არც გავაზიარე, არც ვიდეოს ვუყურე ბოლომდე, თორემ 4 რიცხში გავიგებდი მეუღლის ადგილმდებარეობას - ალბათ, ესეც ბედის ირონიაა. რამდენიმე ნათესავმა იცოდა, რომ ჩემი მეუღლე უკრაინაში იყო, მათთან კონტაქტიც მქონდა, რადგან უკრაინაში ცხოვრობდნენ და ყოველდღე ვკითხულობდი მათ ამბავს, მაგრამ გაუფრთხილებია, ჩემთან არაფერი წამოცდენოდათ.
მე სხვის სიმშვიდეს ვეძებდი და თურმე ჩემი მყოლია საძებარი.
ამდენი წელი ცოლ-ქმარი ვართ და ბოლომდე მიფრთხილდება. ასე იყო ახლაც: სამ მარტამდე ყოველდღე ვეხმიანებოდით ხან ვიდეოზარით, ხან ვწერდით ერთმანეთს, არანაირი საბაბი არ გამჩენია, რომ ომში იყო. მერე, როცა საიტიდან ქრებოდა ორი-სამი დღით, ეჭვებში ჩავარდი, მის პოსტებსაც არ მიგდებდა ფეისბუკი, თუ პირად გვერდზე არ შევიდოდი, გვერდსაც გამოწერა ჭირდებოდა. ერთხელაც ვხედავ: ვიდეოში ბიჭები სხედან ავტომატებით მანქანაში და მიდიან... მივხვდი ჩემს თავს რაც ხდებოდა... ისევ სტრესი... ისევ მამათილისა და შვილების დაშვიდება...
ირპენის და ბუჩას ავადსახსენებელი დღეები იდგა...
როგორც იქნა, შეგვეხმიანა მარადი ჯარისკაცი...
მის შემდეგ დღეში რამდენჯერმე ვამოწმებ მესენჯერს, მწვანედ თუ ციმციმებს. ეხლა ჩემი სიმშვიდე იმ პატარა მწვანე შუქზეა დამოკიდებული და თუ რამდენიმე საათი არაა ნამყოფი საიტზე, ფორიაქი მეწყება.
ვცდილობ, დარდი როგორმე დავძლიო, ძლიერი ვიყო. ზოგჯერ ვიცინი, ვმხიარულობ, მაგრამ ამ ყველაფრის უკან დიდი დარდი იმალება. არადა, ეს სიცილი და მხიარულება შვილებს, ახლობლებს სჭირდებათ, მეც მჭირდება. არ მინდა მეუღლეს დარდისგან განადგურებული დავხვდე, მინდა, მხედავდეს ძლიერ ქალს.
ბევრი მეუბნება, რომ გმირი მეუღლე მყავს, რომ ყველა ვერ გადადგამდა ასეთ რთულ ნაბიჯს. ზოგიც მეუბნება, რა უნდა უკრაინაში, ჩამოვიდეს, მის ოჯახში იყოსო; ზოგსაც ჰგონია, დიდ ხელფასს უხდიან ვინც უკრაინაში იბრძვის და მეკითხებიან, ფულს თუ მიგზავნის, არადა იქ ფულის გამო მართლა არ წასულა!
ვფიქრობ, კარგი ჯარისკაცის წინ ძლიერი მეუღლე და ოჯახი დგას, რადგან ჯარისკაცობა პროფესიაა, წინა პლანზე სამშობლოს სიყვარული უნდა იდგეს და სადაც სამშობლოს დაჭირდება, იქ უნდა გაჩნდე! თუ სამშობლოზე მეტად ოჯახი გედარდება, კარგ ჯარისკაცად ვერ ჩამოყალიბდები. ალბათ, ამან გადააწყვეტინა ჩემს მეუღლეს, რომ უკრაინაში წავიდა საბრძოლველად, მას შიში არ ქონდა, რომ შვილებს რამეს გავუჭირვებდი.
ბევრი სირთულე შემხვედრია ცხოვრებაში, წავბორძიკებულვარ, მაგრამ თავისთვის დაცემის უფლება არასდროს მიმიცია, რადგან პირველ რიგში ვარ მეუღლე და დედა... ღმერთმა საამაყო ჯარისკაცის ცოლობა მარგუნა, მე კი მას საუკეთესო შვილები ვაჩუქე - ვიცი, რომ მამაც ისე ამაყობს ჩვენით, როგორც ჩვენ ვამაყობთ მისით.“
*****
რამდენი რამ იკითხება ამ გოგონას ყოველი სიტყვის მიღმა, რამდენი ტკივილი, სევდა, მონატრებისა და გაუცხოების, თვითდამკვიდრებისა და თავდაცვის გაძლიერებული უნარები... მსგავსი დამოკიდებულება მეუღლისადმი სიყვარულზე მეტია... ასე უყვარდათ საქართველოში და საბედნიეროდ, უყვართ დღეს ოჯახი, სამშობლო და მშვიდობა, იციან მტრის წინააღმდეგ ომი და ბრძოლა მეზობელი ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად, მით უფრო, როცა მტერი ერთია.
მარიამისთანა გოგონები კი აქ იბრძვიან სტერეტოპებისა და ყალბი შეხედულებების დასამარცხებლად, საკუთარი და სამშობლოს უფლებების დასაცავად და დარწმუნებული ვარ, ოღონდ არ დასჭირდეს ქვეყანას, თორემ სიცოცხლის ფასად ზვარაკივით შეეწირებიან თავადაც...
გურანდა ცაგურია

იბეჭდება „რეპორტიორ ქალთა აკადემიის“ კონკურსის ფარგლებში